შპს „გეო-ფრანს ბილდინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 2/24698-16
განჩინება
საქართველოს სახელით
2016 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: მაია სვიანაძე
განმცხადებელი შპს „გეო-ფრანს ბილდინგი“ (ს/კ 200248302)
წარმომადგენელი ლაზარე ძირკველიშვილი
დავის საგანი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრების საკითხი და
გამოარკვია:
2016 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გეო-ფრანს ბილდინგის“ (ს/კ 200248302) წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „გეო-ფრანს ბილდინგის“ (ს/კ 200248302) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ''გეო-ფრანს ბილდინგი'' (ს/კ 200248302) რეგისტრირებულია 2007 წლის 30 ოქტომბერს. მოვალეს უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს ერთადერთ და ამავდროულად უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური და მის მიმართ დავალიანება შედარების აქტის მონაცემებით 2016 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1248192.87 ლარს. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვდა შპს ''გეო-ფრანს ბილდინგის'' (ს/კ 200248302) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ''გეო-ფრანს ბილდინგს'' (ს/კ 200248302) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ''გეო-ფრანს ბილდინგის'' (ს/კ 200248302) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 29 აგვისტოს; სსიპ − შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 29 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''გეო-ფრანს ბილდინგის'' (ს/კ 200248302) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობს საფუძველი შპს ''გეო-ფრანს ბილდინგის'' (ს/კ 200248302) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ''გეო-ფრანს ბილდინგი'' (ს/კ 200248302) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე.
3. მოვალე შპს ''გეო-ფრანს ბილდინგს'' (ს/კ 200248302) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე მაია სვიანაძე