საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2016
ძალის დაკარგვა 04.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/595
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.12.2018
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.11.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.12.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/595
2016 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანება (ვებგვერდი, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.024.016146).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან /და კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა ან/და მათ განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, რომლის მხარესაც წარმოადგენს სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ლ) იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ – „
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას.
2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;
3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სამინისტროს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;
ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
ი) სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარსადგენ განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრებს, სასამართლოებში და სსიპ –
„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების მინდობილობებს;
კ) სამინისტროს სახელით ხელს აწერს ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას, აგრეთვე ხელი მოაწეროს ადმინისტრაციულ საჩივართან/განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის წინაშე.
9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამმართველოს უფროსი წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ახორციელებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ან/და ვიზირებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ იმ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, რომლის მხარესაც წარმოადგენს სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
დ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენას ან/და კოორდინაციას;
ვ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
თ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ი) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადებას;
კ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
5. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავებასა და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების თაობაზე;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს სამართლებრივ დასკვნებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე;
დ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს მისი ფუნქციების განხორციელებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობას და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას;
ვ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებას და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ან/და საქართველოს მთავრობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენას ან /და კოორდინაციას;
ი) ახორციელებს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას;
კ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
6. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
დ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.