შ.პ.ს.”ჯემიკო”-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 20791-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2016 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
მოთხოვნა: შპს ,,ჯემიკო - 2010 ” -ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს ,,ჯემიკო – 2010”-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოს შპს ,,ჯემიკო - 2010”–ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2016 წლის 27 ივნისს. 2016 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს ,,ჯემიკო – 2010”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და მოთხოვნის დაზუსტება.
2016 წლის 4 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით.
2016 წლის 29 აგვისტოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, შალვა კოპალეიშვილმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს. ამასთან, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ქვითრის თანახმად, 5000 ლარი ნაცვლად საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშისა, გადახდილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღით.
2016 წლის 26 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპშემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სსიპშემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) კალენდალური დღით.
2016 წლის 24 ოქტომბრის განცხადებით სსიპ – „შემოსავლების სამსახურის” წარმომადგენელმა შეავსო მითითებული ხარვეზი.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაჩნია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ჯემიკო 2010”-ის (ს/კ 404859364) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს შპს „ჯემიკო 2010”-ის მიმართ იძულებითი აღსრულება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 14 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი