შპს,,ნათის’’ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/493-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/493-16

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,ნათი’’ (ს/კ 245435845)

დირექტორი: დავით ღლონტი

წარმომადგენელი: შპს ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები’’

დირექტორი : ლაშა ნოდია

მოთხოვნა – შპს ,,ნათის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი.

განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ – შემოსავლების სამსახური.

 მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გამოარკვია:

2016 წლის 21 მარტს შპს ,,ნათის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა შპს ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ დირექტორმა და აღნიშნა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს ,,ნათის’’ უზრუნველყოფილი კრედიტორია – სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით – 127 621,77 ლარი. საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს თიბისი ბანკში, თუმცა ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვა შპს ,,ნათის’’ გაკოტრება.

2016 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს ,,ნათის’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ნათის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 11 აპრილს.

2016 წლის 11 მაისს (იხ. კონვერტი) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შპს ,,ნათის’’ ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 129 769,78 ლარის ოდენობით, შესაბამისად, განცხადების წარმოებაში მიღება და შპს ,,ნათის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

სასამართლომ განიხილა განცხადება და 2016 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის №GE74BR0000010517463483 GEL) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის და 2016 წლის 30 მაისის განჩინებები.

აღნიშნული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადმოიგზავნა 2016 წლის 1 აგვისტოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს 2016 წლის 16 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით და დაევალა განმცხადებელს ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის №GE74BR0000010517463483 GEL) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2016 წლის 8 აგვისტოს.

2016 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, სადაც აღნიშნა შემდეგი: ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის საფუძველზე ცნობილი იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ნათის” დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 5 დეკემბერს გამოცემული იყო ბრძანება N081-1447 შპს „ნათის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რის საფუძველზეც 2014 წლის 22 დეკემბერს შედგენილია შესაბამისი აქტი. აღნიშნულ აქტში აღწერილი და დაყადაღებულია შპს ,,ნათის” კუთვნილი ქონება, რომლის საბაზრო საორიენტაციო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს 25 275 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს ,,ნათის” საკუთრებაში გააჩნია 25275 ლარის მოძრავი ქონება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში მიღწეული იქნება გაკოტრების სამართლებრივი მიზანი და ნაწილობრივ მაინც იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №21-04/40756 განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის შეჩერების საფუძველს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. რამეთუ შპს „ნათის” ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საქმის განხილვა უშუალო და არსებით გავლენას ახდენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის გადახდისუუნარობის საქმის განხილვას სხვა საქმის გადაწყვეტამდე. მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ხელი შეეშლება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის საქმეზე მიღებული ბრძანების აღსრულებას და საბიუჯეტო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორმა მოითხოვა: გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აგვისტოს განჩინება (საქმე N2/493) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის და 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეჩერდეს შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 11 მაისის N21-04/40756 განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე (საქმეზე მიღებული შესაბამისი ბრძანების აღსრულებამდე).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და შპს ,,ნათის’’ მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აგვისტოს განჩინება.

აღნიშნული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადმოიგზავნა 2016 წლის 16 ნოემბერს.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს ,,ნათი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად შპს ,,ნათი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს ,,ნათის’’ (ს/კ 245435845) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს ,,ნათი’’ (ს/კ 245435845) გამოცხადდეს გაკოტრებულად და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ,,ნათის’’ (ს/კ 245435845) რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე          გენადი მაკარიძე