საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული
განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად,წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2016 წლის პირველი იანვრიდან - 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა ის განცხადება, რომელიც მოიპოვება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სრულად აცნობიერებს საზოგადოების წინაშე საკუთარ ანგარიშვალდებულებას. ის მოქმედებს კანონისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით და ცდილობს, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გაცემის წინა წლებში არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, უწყება საჭიროდ თვლის, დახვეწოს ის სტანდარტები, რომლებიც გააუმჯობესებენ სამინისტროს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის დროულად, კანონით დადგენილ ვადებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში გაცემას. რაც ასევე, გაზრდის სამინისტროს საქმიანობისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამჭვირვალეობას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობრივი აღწერა
2016 წლის პირველი იანვრიდან - 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში სულ 80 განცხადება შემოვიდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, სადაც გამოჩნდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა დაცულია. უწყებამ ყველა მათგანზე მოახდინა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით აცნობა.
80 განცხადებიდან:
√ 41 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა;
√ 32 განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების მიხედვით გადაიგზავნა შესაბამის დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში. ამის შესახებ კი განმცხადებლებს წერილობით ეცნობათ;
√ 4 განცხადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სამინისტროს მოუწია ნაწილობრივი უარის გაცემა;
√ 2 განცხადებაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სამინისტროს მოუწია უარის გაცემა. კერძოდ: ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და, მეორეს მხრივ, კომპანია „POMA“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს ჭიათურაში რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების (RPE_URBAN_2014) თანახმად, შემსყიდველი (საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) კისრულობს ვალდებულებას, კონფიდენციალურად დატოვოს და არ გაამჟღავნოს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არაერთხელ მიმართა დაინტერესებულმა პირებმა. სამინისტრომ გაითვალისწინა რა მოსახლეობის მაღალი საჯარო ინტერესი, მიმართა კომპანია
„POMA“-ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების უფლების მინიჭების თაობაზე (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).კომპანია„POMA“-მ უარი განაცხადა ამ ხელშეკრულების ასლის მესამე პირებისთვის მიწოდების და, შესაბამისად, მისი გასაჯაროების თაობაზე იმ მოტივით, რომ კომპანიის შიდა რეგულაციების თანახმად, კომპანიის მიერ გაფორმებული კონტრაქტები კონფიდენციალურია.
აქვე, ავღნიშნავთ, რომ სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასამართლოში გაასაჩივრა (პროცესი მიმდინარეა).
√ 1 განცხადებაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სამინისტროს მოუწია ნაწილობრივ უარის გაცემა. კერძოდ: ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და, მეორეს მხრივ, კომპანია „POMA“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს ჭიათურაში რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების (RPE_URBAN_2014) თანახმად, შემსყიდველი (საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) კისრულობს ვალდებულებას, კონფიდენციალურად დატოვოს და არ გაამჟღავნოს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
საჯარო ინფორმაციის გაცემასა და უარის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირს წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - სოფიო ნიქაბაძე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში გადამისამართებული მოთხოვნების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“, სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში“, სსიპ „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“და შპს „სახემწიფო სამშენებლო კომპანიაში“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან, მთელი წლის განმავლობაში სულ 27 განცხადება გადამისამართდა. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში გადამისამართებული 27 განცხადებიდან, ინფორმაცია გასცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში ან დაუყოვნებლივ.
აღსანიშნავია, ასევე, რომ 5 განცხადება უფლებამოსილების მიხედვით გადაიგზავნა დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში, სამინისტროებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობებში. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავის მე-80 მუხლის საფუძველზე, წერილობითი ფორმით და კანონით განსაზღვრულ ვადებში განმცხადებლებსაც ეცნობათ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატს 2016 წლის პიეველი იანვრიდან - 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის 2 მოთხოვნაზე მოუწია უარის, ხოლო 5 განცხადებაზე ნაწილობრივი უარის გაცემა.
უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ქვეპუნქტის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლითაც საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია,განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, 2013 წლის 2 დეკემბერს გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება „მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - 500 ფურცლამდე.
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი - 1000 ფურცლამდე.
2016 წლის პიეველი იანვრიდან - 2016 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით სამინისტროს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე ხარჯები მოსაკრებლის სახით არ გაუწევია.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ - ის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ
სამინისტროში ფუნქციონირებს საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. სამინისტროს არ გააჩნია სზაკ-ით განსაზღვრული საჯარო რეესტრი. თუმცა, სამინისტროს ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე სტატისტიკური ანგარიში.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის შესახებ
საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 26 აგვისტოს, მიიღო „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“N219 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი. სამინისტრო მუდმივ რეჟიმში, პროაქტიულად აახლებს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mrdi.gov.ge).
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, 2014 წელის 10 ნოემბერს გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის N140/ო ბრძანება, რომლითაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - სოფიო ნიქაბაძე.