სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1114
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2016 წლის 1 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,გეთა XXI’’
დირექტორი: მზია ვარშანიძე
წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ შემოსავლების სამსახური.
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გამოარკვია:
2016 წლის 14 ივნისს შპს „გეთა XXI”-ს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ინგა გაბრიელიანმა და აღნიშნა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს. საზოგადოებას გააჩნია 18234,95 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება არ გააჩნია. აღნიშნული დავალიანებიდან 15625,48 ლარი წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახურის დავალიანებას, 2209,47 ლარი – შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიის“ დავალიანებას და 400 ლარი შპს ,,მეგაკო თრეიდის“ დავალიანებას. კომპანიას უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. საზოგადოებას უზრუნველყოფილი კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს. კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში სს ,,თიბისი ბანკში“, რომელსაც 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ადევს საინკასო დავალიანება. ასევე, ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,პროკრედიტ ბანკში“, სადაც თანხა არ ერიცხება. განმცხადებელმა მოითხოვა შპს „გეთა XXI’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2016 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „გეთა XXI’’-ს დაუდგინდა ხარვეზი დაევალა წარმოედგინა მტკიცებულება შპს „გეთა XXI’’-ის სს ,,თიბისი ბანკში“ არსებულ ანგარიშზე თანხების ოდენობის შესახებ.
2016 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს „გეთა XXI”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „გეთა XXI”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 06 ივლისს.
2016 წლის 05 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შპს „გეთა XXI”-ს ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 61219,87 ლარის ოდენობით, შესაბამისად, განცხადების წარმოებაში მიღება და შპს „გეთა XXI”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის განთავსება.
2016 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინების გაუქმება და შპს „გეთა XXI”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შპს „გეთა XXI”-ს მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების გადაცემიდან 5 სამუშაო დღით.
2016 წლის 29 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს „გეთა XXI” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის განთავსება. ხოლო 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა წინამდებარე განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების განჩინებით განსაზღვრულ ვადაში.
ამასთან დადგენილია, რომ სასამართლომ განცხადებაზე არსებული ხარვეზის შევსების მიზნით ერთხელ გაუგრძელა ვადა განმცხადებელს. ამდენად მითითებული მუხლების დებულებანი და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა, აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „გეთა XXI” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „გეთა XXI”-ს (ს/კ 445385039) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
3. შპს „გეთა XXI” (ს/კ 445385039) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს „გეთა XXI”-ს (ს/კ 445385039)) რეგისტრაცია.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე