სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2016 წლის განმავლობაში სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ სულ შემოვიდა 43 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 3 ერთეული.„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში შემოსული განცხადებებიდან:
1. საჯარო ინფორმაცია გაიცა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 36 განცხადებასთან მიმართებაში;
2. ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ მიღებული იქნა 2 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
3. 5 განცხადება განხილვის პროცესშია;
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა;
5. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმაზე მიღებული არ ყოფილა;
6. ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 37 შემთხვევაში საჯარო ინფორმაცის გაცემით დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 1 შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირი, 5 შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია;
7. საანგარიშო პერიოდში სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე. 2016 წლის 13 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირა ნემსაძე, ხოლო, 2016 წლის 13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით და 2016 წლის 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდებში – პალატის სასწავლო ცენტრის უფროსი ინგა ქომეთიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
- საჯარო ინფორმაციის გაცემის 38 მოთხოვნიდან 31 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა თეა აბრამიძემ; 1 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირა ნემსაძემ; 6 განცხადება მიიღო და განიხლა სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ინგა ქომეთიანმა.
ბ) სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გააჩნია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული რეესტრი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას;
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანომდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით;
გ) სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტები;
დ) სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით;
ე) ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ადგილი არ ჰქონია სასამართლო წესით გასაჩივრებას და არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
თავმჯდომარე ნინო ხოფერია