შპს ,,განთიადი’’- ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2322-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქმე №2/2322-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,განთიადი’’

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე.

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,განთიადის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

გამოარკვია:

 შპს ,,განთიადის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,განთიადი’’ წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ,,განთიადის’’ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალის მიხედვით, ქ. ბათუმი, ქავთარაძის ქ. №10, მესაკუთრე/მოსარგებლე მითითებულია შპს ,,განთიადი’’, აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია 03.05.32.012 და 05.30.32.013 საკადასტრო კოდებით და მის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. კომპანიას მოძრავი ქონება არ ერიცხება, ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს ,,განთიადს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, კომპანიის უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით - 35 523,23 ლარი. საზოგადოებას მოქმედი ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი არ აქვს, უფიქსირდება მხოლოდ დახურული საბანკო ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში’’, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,განთიადს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,განთიადის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 28 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,განთიადი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,განთიადის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს ,,განთიადი’’ (ს/კ 245384294) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,განთიადის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე  გენადი მაკარიძე