საქართველოს მთავარ პროკურატურის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13/77455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2016 წლის ანგარიშს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 331განცხადება, მათ შორის ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი იქნა 30 განცხადება. საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს − მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

წარმოდგენილი განცხადებებიდან საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 170 შემთხვევაში, 47 შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, 10 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 80 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 04 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, 20 განცხადებაზე კი, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

ა) 25 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) 07 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა კანონის განმარტებას, რაც სცილდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს;

გ) 18შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ იქნა სხვა პირის პერსონალური მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უარი ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის ინტერესს;

დ) 08 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებდა;

ე) 22 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დაცულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას.



საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო 06 შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგანაც 02 შემთხვევაში საჩივარი დაკმაყოფილდა, 01 შემთხვევაში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 02 შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 01 შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა 05 სარჩელი, საიდანაც 01 შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 04 შემთხვევაში მიმდინარეობს საქმეთა განხილვა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმისას საქართველოს პროკურატურის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე პირის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას. ამასთან, ნაწილობრივ მოთხოვნილ იქნა ისეთი ინფორმაცია, რომლის აღრიცხვას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებდა. შესაბამისად დაინტერესებულ პირს მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში დაცული ინფორმაცია და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.

განუხილველად იქნა დატოვებული, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი ის განცხადებები, რომლებიც არ პასუხობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნებს.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

2016 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარატმენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, დამუშავებაზე, შექმნასა და დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრი - საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე.


საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი

მამუკა ვასაძე