საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2016
ძალაში შესვლა 19.12.2016
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №
95
2016 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
საქართველოს შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – „გენერალური შტაბი“) სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომში –
,,დეპარტამენტი”) არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – „მინისტრი“) და გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – „მინისტრი“) და გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით – ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანა
დეპარტამენტის ამოცანაა:
ა) შეიარაღებულ ძალებში სამედიცინო უზრუნველყოფის (მიმდინარე და პერსპექტიული) გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი;
გ) შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელ ღონისძიებებათა დაგეგმვა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სისტემის მოსამსახურეების მიმართ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება. მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება;
ბ) დასახული ამოცანების შესრულებისათვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი, სამედიცინო საქმიანობის საერთო ზედამხედველობა, სამედიცინო ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო მიმართულებით მითითებების, ინსტრუქციების, სტანდარტული სამედიცინო პროცედურების და რეკომენდაციების გაცემა;
გ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან;
დ) სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება და გენერალური შტაბის უფროსისათვის წარდგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი; განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო-სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა შეიარაღებულ ძალებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი აღსრულების კონტროლი;
თ) დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია;
ი) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სამედიცინო ქონების და სამ კურნალწამლო საშუალებების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
კ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამედიცინო ქონების და სამკურნალწამლო საშუალებების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების გათვლა და სამედიცინო მომარაგების დაგეგმვა;
ლ) ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა ავადობისა და ტრამვატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება;
მ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და აღნიშნული ქონებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომარაგება, ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;
ნ) დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება, დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, აღმოჩენილი დარღვევებისას რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი მათ შესრულებასა და გატარებაზე;
ო) სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება, ხარჯვადი სამედიცინო საშუალებების ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი და მათი გადანაწილება მოთხოვნების შესაბამისად;
პ) სამინისტროსა ადმინისტრაციული შენობების დისლოკაციის ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):
ა) სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველო:
ა.ა) სამკურნალო პროფილაქტიკური, სამედიცინო სტატისტიკის, პაციენტების ნაკადების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;
ა.ბ) სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;
ა.გ) პრევენციული მედიცინის განყოფილება.
ბ) სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო:
ბ.ა) სამედიცინო მარაგების დაგეგმვის განყოფილება;
ბ.ბ) სამედიცინო მარაგების აღრიცხვის განყოფილება.
გ) სამედიცინო მომარაგების უზრუნველყოფის სამსახური:
გ.ა) სამედიცინო ქონების შენახვისა და აღრიცხვის განყოფილება;
გ.ბ) მატერიალური უზრუნველყოფის, დისტრიბუციის, სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის ტექნიკური მომსახურების განყოფილება.
დ) გენერალური შტაბის სამედიცინო უზრუნველყოფის პუნქტი.
2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებია:
ა) სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიმართ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება. მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება;
ა.ბ) შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო მიმართულებით მითითებების, ინსტრუქციების, სტანდარტული სამედიცინო პროცედურების და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.გ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან;
ა.დ) სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი; განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ა.ვ) სამხედრო-სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა შეიარაღებულ ძალებში;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი აღსრულების კონტროლი;
ა.თ) სამხედრო-სამედიცინო განათლების, სამხედრო მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ასევე სამხედრო-სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ა.ი) ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა ავადობისა და ტრამვატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება;
ა.კ) დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, აღმოჩენილი დარღვევებისას რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი მათ შესრულებასა და გატარებაზე;
ა.ლ) დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია;
ა.მ) სამედიცინო ქვედანაყოფებში პაციენტთა გამოკვლევის, მკურნალობისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების კონტროლი.
ბ) სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ბ.ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ბ.ბ) შეიარაღებულ ძალებში სამედიცინო ქონების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების გათვლა და სამედიცინო მომარაგების დაგეგმვა;
ბ.გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით უზრუნველსაყოფის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება და გენერალური შტაბის უფროსისათვის წარდგენა;
ბ.დ) გენერალური შტაბის დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მედიკამენტებითა და ხარჯვადი სამედიცინო ქონებით მომარაგების კოორდინაცია;
ბ.ე) სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება, ხარჯვადი სამედიცინო საშუალებების ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი და მათი გადანაწილება მოთხოვნების შესაბამისად.
გ) სამედიცინო მომარაგების უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
გ.ა) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და აღნიშნული ქონებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომარაგება, ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;
გ.ბ) დადგენილი წესით სამედიცინო ქონების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა და მისი შენახვა. მიღებული/დასაწყობებული სამედიცინო ქონების შემოწმება კატეგორიის განსაზღვრა და მისი ტექნიკური და მატერიალური მომსახურება.
დ) გენერალური შტაბის სამედიცინო უზრუნველყოფის პუნქტის კომპეტენციაა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების დისლოკაციის ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, გენერალური შტაბის დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;
ზ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ი) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
კ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. სტრუქტურული ერთეულის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოხელე.