შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/36859-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2016 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბორჯომი”
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაციის” დირექტორი თამარ მუმლაძე
მოთხოვნა: შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბორჯომის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2016 წლის 2 დეკემბერს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” (ს/ნ 226148763) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბორჯომი” წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 მარტის ინფორმაციის თანახმად, შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქ. №102-ში. ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, შესაბამისად, შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომს” საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს ასევე არ აქვს მოძრავი ქონება და არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომს” არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 3 314, 72 ლარს. შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომს” ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ გააჩნია. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბორჯომი” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების გადახდა.
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მარტის ცნობის შესაბამისად, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბორჯომი” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2016 წლის 15 მარტის ცნობის მიხედვით, შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომს” არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” (ს/ნ 226148763) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ბორჯომის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი