შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2268-16
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
16 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „ბათუმის №3 საავადმყოფო’’
დირექტორი: რევაზ ლორთქიფანიძე
მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი :
გამოარკვია:
2016 წლის 22 სექტემბერს შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას გააჩნია 53515 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებიდან უზრუნველყოფილი კრედიტორული (საგადასახადო საბიუჯეტო) დავალიანება შეადგენს 4006 ლარს (საგადასახდო შედარების აქტით − 210,27 ლარი). კომპანიის აქტივები შეადგენს 1067 ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2016 წლის 3 ოქტომბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ დირექტორმა, წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ხუთი სამუშაო დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განმცხადებელს განჩინებით დაევალა წარმოედგინა შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2016 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ დირექტორმა და ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე შპს ,,ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს” განცხადების დასაშვებობის სხვა პირობების შესამოწმებლად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 9 ერთეული ძირითადი საშუალება, რომელიც სახეზე არ არსებობს და გადაცემულია ძიებაში.
შპს ,,ბათუმის №3 საავადმყოფოს’’ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (წერილი საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს ,,ლიბერთი ბანკში’’, სადაც ერიცხება 8,4 ლარი. (იხ. საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და საბანკო ცნობა). კომპანიას არ გააჩნია დებიტორული დავალიანება და არ ფლობს მოძრავ ქონებას ავტოსატრანსპორტო საშუალების სახით (იხ. ცნობა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის ცნობა), ხოლო 9 ერთეული ნივთი, რომელთა ღირებულება მოვალის განმარტებით არის 1059 ლარი, დაკარგულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. ამავდროულად კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 53515 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ (ს/კ 245415297) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე