⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 15.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №572
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019639
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,016 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
15.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №572 2016 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია:  თბილისი, გულუას ქ. №6. მუხლი 2🔗 1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის. 2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. 3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. 5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე. 6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. თავი II სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები მუხლი 3🔗 1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ფ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისათვის მისი განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება; შ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ გარემოსდაცვით ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან; ც) კომპეტენციის ფარგლებში, ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღება (გამოცემა); წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება. 2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III სამინისტროს ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მოვალეობათა შესრულებას და ზედამხედველობს მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების  დებულებებს; თ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ი) უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი; კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიმართვის შესაბამისად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას; ლ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს გადაწყვეტილებათა მისაღებად სხვა საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს; მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ნ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) ამტკიცებს სამინისტროს საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის; რ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს; ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ინსპექტირების აქტის  ფორმებს; ტ) ამტკიცებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორებს, მათი აღწერის მეთოდოლოგიებსა და წარმოების წესს; უ) ამტკიცებს რეგულირების ობიექტების შემოწმების გეგმებს; ფ) ამტკიცებს სამონადირეო მეურნეობების, თევზსამეურნეო მართვის გეგმებს, ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებს; ქ) ამტკიცებს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმებს; ღ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. თავი IV სამინისტროს   სტრუქტურა  და  სისტემა მუხლი 6🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ)  ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ვ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი; ზ) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი; თ) ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი; ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური; კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი. 3. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) დაცული ტერიტორიების სააგენტო; ბ) გარემოს ეროვნული სააგენტო; გ) ეროვნული სატყეო სააგენტო; დ) გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ე) ეროვნული საშენი მეურნეობა; ვ)  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით. მუხლი 8🔗 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება; დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ე) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება,  სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ვ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ზ) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. 2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებს, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია  და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა; გ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქმიანობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ე) სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა; თ) სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების  პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადების ან/და  მათი შეთანხმების  მიზნით; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3.  ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; დ) სამინისტროს საკადრო საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საქმისწარმოების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების გეგმის საფუძველზე პროგრამების შედგენა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მათი ინიციირება და ორგანიზება; ამ მიზნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის განსაზღვრა; ზ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა; კ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ლ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; მ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეკონომიკური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად; ბ) საქართველოს ბუნებრივი რესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა სსიპ − კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველანაირი საბიუჯეტო შენატანების ყველა დონის ბიუჯეტში მობილიზაციის ანალიზი; დ) სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო საქმიანობის წარმართვა; ე) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ზ) სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის წარმართვა და მატერიალური უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგი; ბ) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; გ) გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება; დ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება; ე) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება; ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა; ზ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია; ლ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების ინიციირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა; მ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი; ნ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების ელექტრონული ბაზის წარმოება; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა; ბ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემა და, აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა; გ) ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის/საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; დ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; ე) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 7. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატებისა და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებებისა და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა; ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებებისა და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის   მიღება; დ) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ე) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ორგანიზების ხელშეწყობა; თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ი) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება; კ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა; ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება; ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; პ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა; ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; რ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ს) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა   და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება; ტ) ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; უ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ზედაპირული წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია; გ) ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა; დ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების  პროექტების განხილვა და შეთანხმება; ე) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა; ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ლ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების, ასევე წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის საკითხის შეთანხმება; მ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და  რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება; ნ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ო) კლიმატის ცვლილების სფეროში სტრატეგიის შემუშავებასა და  განხორციელებაში მონაწილეობა; პ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი; ჟ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების  ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება; რ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ს) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია; ტ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; უ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) და სხვა საბაზრო მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 9. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია,  შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ვ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; თ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ი) ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში მონაწილეობა; კ)  სახიფათო  და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელისა და როტერდამის კონვენციებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; მ) გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის შეთანხმება; ნ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ო) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და ამ სფეროში  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება; დ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოსდაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება; ე) სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 10🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.