,,საქართვლოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტნის შესახებ``
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №104
2004 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წლის 1 მარტის, №22, მუხ. №207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი;
ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;
გ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;
ე) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
ვ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
თ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი;
კ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
ლ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მთავარი სამმართველო);
მ) დადგენისა და ძებნის ცენტრი (მთავარი სამმართველო);
ნ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი (მთავარი სამმართველო).”.
2. დებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით.”.
3. დებულების 21-ე პუნქტის:
ა) „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას. იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც ინიშნება ოფიცერი უშიშროების საკითხებში, განისაზვღრება ამ დებულებით (იხ. დანართი). ცალკეულ შემთხვევებში ოფიცერი უშიშროების საკითხებში შეიძლება დაინიშნოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით;”;
ბ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების (მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგოდერეფნების უსაფრთხოების ღონისძიებების და სამინისტროს საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კოორდინაცია, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება, ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება, სამინისტროში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;”;
გ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით უზრუნველყოს ოპერატიული დანაყოფების საქმიანობა;”;
დ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებების განხორციელება; ოპერატიული ქვედანაყოფების საქმიანობის სამეცნიერო და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შექმნა და მოდერნიზაცია; სამინისტროს ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურება; სამინისტროს სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სატელეკომუნიკაციო (ღია თუ ფარული) მომსახურება, მათ შორის, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის” კავშირით უზრუნველყოფა; საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევების განხორციელება;”.
4. 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1” ქვეპუნქტი:
„ი1) ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;”.
მ. სააკაშვილი