შპს ”არენა”-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32072-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „არენა”
წარმომადგენელი: ჯიმშერ ტყებუჩავა
მოთხოვნა: შპს „არენის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „არენის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2016 წლის 20 ოქტომბერს შპს „არენის” წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „არენის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, შპს ”არენას” არ გააჩნია არანაირი ქონება, ანგარიში გახსნილი აქვს სს ”თიბისი ბანკში”, სადაც საბოლოო ნაშთი ნული ლარია. საწარმო აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა და გააუქმა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებული ჰქონდა შპს „ცენტრალ პლაზასთან”. შპს „არენას” შპს „გ.დ ალკოს” მიმართ აქვს 28 570,70 ლარის ოდენობის დავალიანება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ საწარმოს დავალიანება 55343,82 ლარს შეადგენს. შპს „არენა” გადახდისუუნაროა. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „არენის” განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა და დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს ,,არენას” სახელზე არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით და შპს ,,არენა” არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. ასევე დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან იმის შესახებ, არის თუ არა შპს „არენის” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული.
2016 წლის 2 ნოემბერს შპს „არენის” წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის ცნობები, რომელთა მიხედვით შპს „არენის” სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და შპს „არენა” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 1 ნოემბრის ცნობის მიხედვით, შპს „არენის” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „არენას” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „არენას” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „არენის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 16 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „არენა” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „არენის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „არენა” (ს/კ 405094605) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „არენის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი