პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) კიბოს სკრინინგს, მათ შორის:

ა.ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგი. კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლეებისა. მათ შორის, ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში  და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესისათვის. გამოკვლევები ჩატარდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;

ა.ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებულ სკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კერძოდ:

ა.ბ.ა) სოფლის ექიმი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ კონსულტაციას უწევს მიზნობრივი პოპულაციის ასაკობრივი ჯგუფის ქალებს თავის უბანზე მიმაგრებული მოსახლეობის მიხედვით და:

ა.ბ.ა.ა) ამისამართებს სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში;

ა.ბ.ა.ბ) თავად იღებს პაპ ტესტს, რომელიც კვირაში ერთხელ იგზავნება ციტოლოგიური კვლევისთვის სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში;

ა.ბ.ბ) სკრინინგის/ციტოლოგიური კვლევის შედეგები იგზავნება სოფლის ექიმთან, რომელიც ატყობინებს ბენეფიციარს კვლევის შედეგს და კონსულტაციას უწევს მათ ვისაც აბნორმალური ტესტი აქვთ;

ა.ბ.გ) აბნორმალური პაპ ტესტის აღმოჩენის შემთხვევაში ბენეფიციარი გადამისამართდება სერვისის მიმწოდებელთან შემდგომი კოლპოსკოპიის და/ან ბიოფსიის ჩასატარებლად;

ა.ბ.დ) კოლპოსკოპიის და/ან ბიოფსიის შედეგები ეგზავნება სოფლის ექიმს, რომელიც ატყობინებს ბენეფიციარს შედეგს და კონსულტაციას უწევს მათ ვისაც პათოლოგიური შედეგი აქვთ;

ა.ბ.ე) ქალები, რომლებსაც ესაჭიროებათ კიბოსწინარე დაავადების მკურნალობა გადამისამართდებიან სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობისათვის, მკურნალობის შედეგები და შემდგომი გადამისამართების მოთხოვნა ეგზავნება სოფლის ექიმს;

ა.ბ.ვ)    ბენეფიციარები, ვისაც კიბოს მკურნალობა ესაჭიროებათ, გადამისამართდებიან მეორადი დონის დაწესებულებაში, მკურნალობის შედეგები ეგზავნება რეფერალის განმახორციელებელ სოფლის ექიმს;

ა.გ) პროსტატის კიბოს მართვა, რაც მოიცავს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში სპეციფიკურ ანტინგენზე გამოკვლევას პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლეებისა.

ბ) 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;

გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის გაღრმავებულ კვლევებს;

დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი, რაც მოიცავს თბილისის მასშტაბით დაბადებული  დღენაკლული ახალშობილების  გამოკვლევას  რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;

ე) პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგ