შ.პ.ს.,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანია”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27883-2016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/27883-2016

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2016 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიის” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიას“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, საწარმოს ჰყავს ერთადერთი და ამავდროულად უზრუნველყოფილი კრედიტორი - სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“, რომლის ჯამური მოთხოვნა შეადგენს 1 920212,75 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 709380,7 ლარი, ჯარიმა - 210 430 ლარი, ხოლო საურავი - 1000402 ლარი. შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიას” უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში”, სს ბანკი ,,რესპუბლიკაში”. საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ირიცხება, ანგარიში დაყადაღებულია და გაცემულია საინკასო დავალება. მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს კრედიტორული და ამასთან უზრუნველყოფილი დავალიანება აქვს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რაც ჯამში შეადგენს 1920212 ლარს და 75 თეთრს, მოვალის სახელზე უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. საწარმოს არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნა.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის  (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.  

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს  გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანია” გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

ვინაიდან, შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანიის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხიდან – 5 000 ლარი, უნდა ანაზღაურდეს მეურვის – სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.  შპს „ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანი ის” (ს/ნ 200239982) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. შპს „ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანი ა” (ს/ნ 200239982) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანი ის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. შპს „ქართულ-ფრანგული საგზაო-სატრანსპორტო კომპანი ის” მიერ სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე შეტანილი თანხიდან (5000 ლარი – გადახდის თარიღი: 26.09.2016; გადამხდელი: შერმადინ გიგოლაშვილი; სალაროს შემოსავლის ორდერი №12019853; მომსახურე ბანკი: სს ბანკი „რესპუბლიკა”), ანაზღაურდეს მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                               ლაშა ქოჩიაშვილი