შპს ”გზაარამადნეული”-ს მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/38066-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/38066-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2016 წლი 26 დეკემბერი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ს.კ. 211343982)

წარმომადგენელი (დეპარტამენტის თავმჯდომარე) − ვაჟა ფანჩულიძე

მოვალე შპს „გზაარამადნეული” (ს.კ. 209442110)

დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს.ნ. 206096419)     ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა − გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 20 მაისს განცხადებით მომართა შპს „გზაარამადნეულის” დირექორის შპს „რეაბილიტაციას” ხელმძღვანელობაზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ შპს „გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ვინაიდან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით შპს „გზაარამადნეულს” უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით სასამართლოს განცხადებით მომართა კრედიტორმა − საქართველოს გზების საავტომობილო დეპარტამენტმა და მოითხოვა შპს „გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (ს.კ. 211343982) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე. უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებული იყო წარმოედგინა მის მიერ სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (ს.კ. 211343982) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განმცხადებლების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის განცხადება მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;

4. შეჩერდეს მოვალის – შპს „გზაარამადნეულის” წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 14 თებერვალს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №19) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვარმდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge ;

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                 თამარ ბურჯანაძე