საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.01.2017
ძალის დაკარგვა 18.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.10.2024
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№01
2017 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანხმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის
სამხედრო მოსამსახურეთა
ეთიკის კოდექსი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ეთიკის კოდექსის რეგულირების სფერო
ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და ღირებულებებს, აგრეთვე ქცევის ზოგად წესებს.
მუხლი 2🔗. ეთიკის კოდექსის მიზანი
ეთიკის კოდექსის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის რისკების შემცირება, კეთილსინდისიერების ამაღლება, სამხედრო დისციპლინის განმტკიცება, სამხედრო სამსახურის მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულება, სამხედრო მოსამსახურის პატივის/ღირსების დაცვა და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლება.
თავი II. სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები და ღირებულებები
მუხლი 3🔗. ერთგულება
სამხედრო მოსამსახურე არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული, რაც გულისხმობს საჯარო და სამხედრო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მოსამსახურის მიერ:
ა) სახელმწიფოში დემოკრატიის პრინციპის დაცვას;
ბ) სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისიისა და მიზნების მისაღწევად სირთულეების გასამკლავებლად თავდადების, გამბედაობის და სიმამაცის გამოვლენას;
გ) გლობალურ უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობას;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო ხელმძღვანელობის, თანამებრძოლებისა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებას.
მუხლი 4🔗. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
1. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას.
2. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატივს სცემს ცალკეულ ინდივიდს, გამოხატავს მის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას და მოქმედებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების/ნორმების დაცვით.
მუხლი 5🔗. კანონიერება
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან.
2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
1. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით.
2. სამხედრო მოსამსახურე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.
3. სამხედრო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მდგომარეობას არ იყენებს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.
4. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გასატარებლად.
5. სამხედრო მოსამსახურე არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.
მუხლი 7🔗. კეთილსინდისიერება
1. სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობას და უფლებამოსილებას იყენებს კანონმდებლობის საფუძველზე სამხედრო ინტერსების დასაცავად.
2. სამხედრო მოსამსახურე:
ა) საჯარო და სამხედრო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა;
ბ) დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად და პირნათლად;
გ) იცავს ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნებს;
დ) ემიჯნება ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის მანკიერ ქმედებებს;
ე) უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ ქონებას;
ვ) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში აბრუნებს მასზე მინდობილ სამსახურებრივ ქონებას.
მუხლი 8🔗. პროფესიონალიზმი
1. სამხედრო მოსამსახურე ხელმძღვანელობს პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე.
2. სამხედრო მოსამსახურე მზადაა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს.
3. სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ ვითარებაში.
4. სამხედრო მოსამსახურე იუმჯობესებს სამხედრო, ტექნიკურ, პროფესიულ და ზოგადი ცოდნის დონესა და უნარ-ჩვევებს.
5. სამხედრო მოსამსახურე ავლენს ბრძოლისუნარინობის მაღალ დონეს და წარმატებით ასრულებს საბრძოლო დავალებებს.
6. სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს სამხედრო სამსახურში არსებული სუბორდინაციის წესების დაცვით.
7. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
8. სამხედრო მოსამსახურე იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, სამხედრო დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს.
9. სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას.
მუხლი 9🔗. თანასწორობა
1. სამხედრო მოსამსახურე პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებას და სამხედრო სამსახურში არსებულ მრავალფეროვან გარემოს.
2. სამხედრო მოსამსახურე ზრუნავს სამხედრო სამსახურში თანასწორი და არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის.
3. სამხედრო მოსამსახურე სათანადო ყურადღებას აქცევს სამხედრო სამსახურში გენდერულ საკითხებს და ცდილობს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
მუხლი 10🔗. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტილების მიღებისას შეისწავლის საკითხს და აფასებს შესაბამის ფაქტებს და გარემოებებს, ისმენს მხარეთა პოზიციებს და იღებს სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების შესაბამისად.
მუხლი 11🔗. პროპორციულობა
1. სამხედრო მოსამსახურე ურთიერთდაპირისპირებულ სიკეთეებს შორის პრიორიტეტულობის დადგენის მიზნით, ქმედების განხორციელებამდე განსაზღვრავს მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა იყოს შესაბამისი და აუცილებელი განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
3. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება არის შესაბამისი, როდესაც ის ემსახურება განსაზღვრულ მიზანს და შესაძლებელს ხდის ამ მიზნის მიღწევას.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება არის აუცილებელი, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არ აქვს სხვა უფრო მსუბუქი ზიანის მიმყენებელი ქმედების განხორციელების საშუალება.
5. სამხედრო მოსამსახურე განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შესაბამისი და აუცილებელი ქმედების განხორციელებისას ადგენს, არის თუ არა მის მიერ განხორციელებული ქმედება პროპორციული განსაზღვრულ მიზანთან.
მუხლი 12🔗. ეკონომიურობა /ეფექტიანობა/ეფექტურობა
1. სამხედრო მოსამსახურე ცდილობს ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯოს ადმინისტრაციული რესურსი.
2. სამხედრო მოსამსახურე ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს სამხედრო სამსახურის საჭიროებების და დანიშნულების შესაბამისად.
3. სამხედრო მოსამსახურე ადმინისტრაციული რესურსების გონივრული დანახარჯით აღწევს სასურველ შედეგს.
მუხლი 13🔗. ანგარიშვალდებულება
1. სამხედრო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მისი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში.
2. სამხედრო მოსამსახურე იღებს პასუხისმგებლობას მისთვის გადაცემული (დელეგირებული) უფლებამოსილების ფარგლებში.
3. სამხედრო მოსამსახურე ცდილობს იყოს სამაგალითო სხვა სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოებისათვის.
4. სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ქმედებების შესაბამის დასაბუთებას.
მუხლი 14🔗. თავაზიანობა
1. სამხედრო მოსამსახურე არის კორექტული და თავაზიანი კოლეგებთან ურთიერთობისას.
2. სამხედრო მოსამსახურე ცდილობს თავიდან აირიდოს კოლეგასთან მიმართებით სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და მზად არის აღიაროს საკუთარი შეცდომა.
მუხლი 15🔗. კოლეგიალობა და გუნდურობა
1. სამხედრო მოსამსახურე პატივს სცემს კოლეგის კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.
2. სამხედრო მოსამსახურეს აქვს სამხედრო ხელმძღვანელობისა და კოლეგებისადმი (თანამებრძოლებისადმი) ნდობა.
3. სამხედრო მოსამსახურე საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს კოლეგას სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.
4. სამხედრო მოსამსახურე ეხმარება და იცავს თავის კოლეგას, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრისას ან განსაკუთრებული ვითარების არსებობისას უზრუნველყოფს მის გამოყვანას და სათანადო დახმარების გაწევას.
5. სამხედრო მოსამსახურე საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს.
6. სამხედრო მოსამსახურეები დავალების შესრულებისას ქმნიან ერთიან ძლიერ გუნდს დასახული მიზნების და ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, რა დროსაც პირადი საჭიროებები და სურვილები ექვემდებარება გუნდურ პრინციპებს.
მუხლი 16🔗. კომუნიკაცია
1. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა ხორციელდება შესაბამისი საჯარისო წესდებით და ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, აგრეთვე სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს.
2. ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, სამხედრო მოსამსახურემ უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული და გულწრფელი ურთიერთობა, უნდა მიაწოდოს მათ მხოლოდ სწორი ინფორმაცია. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა.
3. სამხედრო მოსამსახურემ დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან.
4. სამსახურებრივი ურთიერთობისას სამხედრო მოსამსახურემ თავი უნდა შეიკავოს ფამილარული ურთიერთობებისაგან, არ უნდა ისაუბროს მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით, უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
5. სამხედრო მოსამსახურემ კოლეგებს უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ სათანადო დახმარება.
6. სამხედრო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად.
7. სამხედრო მოსამსახურე ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.
8. სამხედრო მოსამსახურე სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი.
მუხლი 17🔗. სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება
1. სამხედრო მოსამსახურე განსაზღვრავს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დავალებების პრიორიტეტულობას. პრიორიტეტთა განაწილებისას წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სამხედრო მოსამსახურე რაციონალურად და გონივრულად ანაწილებს სამუშაო დროსა და რესურსებს დავალებების შესრულებისას.
3. სამხედრო მოსამსახურე სამუშაოს დაგეგმვისას გონივრულად აფასებს შესაძლო რისკებისა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს გზებსა და სტრატეგიებს მათ აღმოსაფხვრელად.
4. სამხედრო მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას სამხედრო სამსახურის მიზნებთან.
მუხლი 18🔗. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე:
ა) თავს არიდებს მის დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე სამხედრო მოსამსახურისათვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას;
ბ) დავალებებს გასცემს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების კომპეტენციების ფარგლებში და უზრუნველყოფს სამუშაო დროისა და ფუნქციების ეფექტიან გადანაწილებას;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლენს იმ სფეროებს, რომლებშიც შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის რისკი და ცდილობს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული რისკის შემცირებას ან/და ეფექტიან მართვას;
დ) ობიექტურად და მიუკერძოებლად აფასებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ შესრულებულ საქმიანობას, აფასებს თანამშრომლის მიერ მიღწეულ შედეგებსა და ძალისხმევას;
ე) მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემისას ინარჩუნებს კორექტულობას;
ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულად გავრცელებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სამხედრო მოსამსახურის საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე;
ზ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ თანამშრომლის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება;
თ) გულისხმიერად ეპყრობა თანამშრომელთა პირად პრობლემებს, რათა აღნიშნულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურებრივ გარემოზე;
ი) ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მათ ჩართულობას პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებში;
კ) მოქმედებს სამხედრო წესდებების შესაბამისად.
მუხლი 19🔗. სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან
1. სამხედრო მოსამსახურე საქმიანობის განხორციელებისას და საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს მათ განსხვავებულ ტრადიციებს, ადათებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს.
2. სამხედრო მოსამსახურე საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში არის ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
3. სამხედრო მოსამსახურემ საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან.
4. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოების წევრისადმი ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.
თავი III. სამხედრო მოსამსახურეთა ქცევის წესები
მუხლი 20🔗. სამხედრო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები
1. სამხედრო მოსამსახურე მტკიცედ უნდა იცავდეს სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნებს, ერთგულად უნდა ემსახუროს საქართველოს და შეასრულოს მხედრული მოვალეობა, დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.
2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, სამხედრო სამსახურის რეპუტაციას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას, აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) არ ჩაიდინოს სამინისტროს და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი ქმედება, მიუხედავად იმისა სამსახურში იმყოფება ის, თუ მის გარეთ;
გ) არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით. სამხედრო მოსამსახურემ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფით საუბრებში უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე. მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო;
დ) სამხედრო სამსახურში ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო უფროსს და სამხედრო პოლიციას, თუ ის უშუალოდ შეესწრო აღნიშნულ სამართალდარღვევას;
ე) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იყოს მოწესრიგებული, დაწესებულებაში მოქმედი წესის შესაბამისად ჩაცმული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა;
ვ) იზრუნოს პირად ჰიგიენასა და იერსახეზე, არ იმყოფებოდეს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში;
ზ) მუდამ მზად იყოს პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის; დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით;
თ) არ ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს ის პირადი ინტერესებისათვის;
ი) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა ან/და სამსახურებრივი ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად;
კ) არ ისარგებლოს ბოროტად სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
3. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სამხედრო მოსამსახურის მიერ დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი დავალების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ამოცანის შესრულებაზე, მოახსენოს ზემდგომი თანამდებობის პირს და სამხედრო პოლიციას.
მუხლი 21🔗. არასათანადო ქცევა
ამ კოდექსის მიზნებისათვის, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან არასათანადო ქცევად ითვლება:
ა) მასზე მინდობილი სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
ბ) სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა (გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა) ან/და აღნიშნული სახეობის თამაშობაში ინტერნეტის გამოყენებით მონაწილეობის მიღება;
გ) სამხედრო ფორმით ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების მოხმარების, სტრიპტიზის და პროსტიტუციის ადგილები), რომლებიც შეუფერებელია სამხედრო მოსამსახურისთვის;
დ) სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას, სამკურნალო დაწესებულებაში ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
ე) ავადმყოფობის სიმულაცია;
ვ) სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა, სადაც ამისთვის არ არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი;
ზ) სამკაულის ტარება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში;
თ) სამსახურებრივი მოწმობის ან/და საშვის გამოყენება რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების მიზნით;
ი) სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქება, სამინისტროს და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაცია, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსება;
კ) ბილწსიტყვაობა ან/და შეუფერებელი ჟესტიკულაცია;
ლ) სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, კონფლიქტური ვითარების შექმნა ან/და კონფლიქტის ექსკალაცია;
მ) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა, ლექციაზე ძილი, საღეჭი რეზინის გამოყენება ან/და სხვისი ნაშრომის დამალვა.
მუხლი 22🔗. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში
ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.