შეთანხმება სქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2009
ძალაში შესვლა 21.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №3-12
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) | ესტონეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება სქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
შეთანხმება
საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“)
სურთ რა უფრო მეტად შეუწყონ ხელი ურთიერთშორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლერებას ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში,
აღიარებენ რა, რომ ასეთი ინვესტიციების წახალისების და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც მიესალმება ასეთ კაპიტალდაბანდებას, სტიმულს მისცემს კერძო კაპიტალის მოძრაობას და ხელშემკვრელი მხარეების ეკონომიკურ განვითარებას,
თანხმდებიან რა, რომ კაპიტალდაბანდების მდგრადი სტრუქტურა ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად გაზრდის ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას და გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს,
გადაწყვიტეს რა დადონ შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისთვის:
1. ტერმინი „ინვესტორი“ ორივე ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით ნიშნავს:
a) ფიზიკურ პირს, რომელიც არის ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე და რომელიც ახორციელებს ინვესტიციას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
b) იურიდიულ პირს, მათ შორის, კომპანიებს, კომპანიათა ასოციაციებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ან, ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადოდ არიან ორგანიზებული ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და, ფაქტობრივად, იმართებიან ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან.
2. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ქონების ნებისმიერ ფორმას, რომელიც ინვესტირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც, კერძოდ, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):
a) მოძრავ და უძრავ ქონებას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იპითეკა, გირავნობა, უზუფრუქტი და სხვა მსგავსი უფლებები;
b) აქციებს, წილებს ობლიგაციებსა და კომპანიაში მონაწილეობის სხვა ფორმებს;
c) რეინვესტირებულ შემოსავლებს, ფულად მოთხოვნებს ან ეკონომიკური ღირებულების მქონე კანონიერი საქმიანობის სხვა უფლებას, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან;
d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, როგორც განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დადებული მრავალმხრივი შეთანხმებებით, რამდენადაც ორივე ხელშემკვრელი მხარე არის ამ შეთანხმებების წევრი და რომლებიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საავტორო უფლებებს და მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს, სამრეწველო საკუთრების უფლებებს, სავაჭრო ნიშნებსმ პატენტებს, სამრეწველო ნიმუშებს, ტექნოლოგიურ პროცესებს, უფლებებს მცენარეთა სახეობებზე, ნოუ-ჰაუს, კომერციულ საიდუმლოებებს, საფირმო სახელწოდებებს და გუდვილს;
e) კანონის საფუძველზე ან კონტრაქტით მინიჭებულ ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის უფლებებს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვების ან ექსპლუატაციის კონცესიებს.
3. იმ ფორმის ნებისმიერი ცვლილება, რომლითაც ინვესტირებულია ან რეინვესტირებულია აქტივები, გავლენას არ მოახდენს მათი, როგორც ინვესტიციის, ხასიათზე, იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილება არ ეწინააღმდეგება თავდაპირველად ინვესტირებულ აქტივებთან დაკავშირებით გაცემულ ნებართვებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ტერმინი „შემოსავლები“ ნიშნავს თანხებს, რომლებიც მიღებულია ინვესტიციის შედეგად და, კერძოდ, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მოგებას, დივიდენდებს, პროცენტებს, როიალტს და ნებისმიერ სხგვაგვარ ანაზღაურებას.
5. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
a) საქართველოს მიმართებით:
საქართველოს ტერიტორიას მის სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს. ასევე, კონტინენტურ შელფს და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, რომელთა მიმართებაშიც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
b) ესტონეთის რესპუბლიკის მიმართებით:
ესტონეთის რესპუბლიკის სახმელეთო ტერიტორიას და ტერიტორიულ ზღვას, ასევე ტერიტორიული ზღვების გარე საზღვრებში მოქცეულ საზღვაო ტერიტორიებს, მათ შორის, ზღვის ფსკერს და ორივე ზევით აღნიშნული ტერიტორიის ნიადაგის ქვედა ფენებს, რომლებზედაც ესტონეთის რესპუბლიკა ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ინვესტიციების წახალისება და დაშვება
1. თითეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და შექმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები მის ტერიტორიაზე და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ეცდება მიაწოდოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ინფორმაცია, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თავის შესაბამის ქვეყანაში მოქმედი ის კანონები, ნორმატიული აქტები, ზოგადი ადმინისტრაციული განაწესი, პროცედურები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ინვესტიციებს ან გავლენას ახდენს მათზე, გამოქვეყნდეს დაუყოვნებლივ ან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ფორმით.
3. თითოეული ხელშემკველი მხარე, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ თავის შესაბამის ქვეყანაში მოქმედი ის კანონები, ნორმატიული აქტები, ზოგადი ადმინისტრაციული განაწესი, პროცედურები და სასამართლო გადაწყვეტილებები, ისევე როგორც საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც გავლნას ახდენს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციებზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ იქნება გამოქვეყნებული ან საზოგადოებისათვის გახდება სხვაგვარად ხელმისაწვდომი.
4. თითოეული ხელშემკველი მხარე, საჭიროების შემთხვევაში, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჭირო ნებართვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ დაქირავებული კონსულტანტების და ექსპერტების საქმიანობასთან დაკავშირებით.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ფიზიკური პირების ქვეყანაში შესვლის, ყოფნის და დაქირავების შესახებ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შეამოწმებს და ჯეროვნად განიხილავს, მოქალაქეობის მიუხედავად, მის ტერიტორიაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით დაქირავებული ძირითადი პერსონალის, მათ შორის, მენეჯერების და ტექნიკური პერსონალის, ქვეყანაში შესვლის, ყოფნის და მუშაობის მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗
ინვესტიციების დაცვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების და შემოსავლების მიმართ უზრუნველყოფს სრულ დაცვას და უსაფრთხოებას. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეაფერხებს, თვითნებური და დისკრიმინაციული ზომებით, ასეთი ინვესტიციების განვითარებას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, გაზრდას, გაყიდვას და, საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციას.
2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების ან შემოსავლები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გარანტირებული იქნება სამართლიანი და თანაბარი დამოკიდებულებით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების და შემოსავლების მიმართ საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს რეჟიმს, რომელიც არის არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე მისი საკუთარი ინვესტორების ინვესტიციების და შემოსავლებისთვის ან სხვა ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორების ინვესტიციების და შემოსავლებისთვის მინიჭებული რეჟიმი, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანია, ინვესტორების აზრით, უმეტესად ხელსაყრელი.
2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ინვესტიციების შეძენასთან, გაზრდასთან, ოპერირებასთან, მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, გაყიდვასა და განკარგვასთან დაკავშირებით საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მისი საკუთარი ინვესტორების ან სხვა ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიმართ მის მიერ მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანია, ინვესტორების აზრით, უმეტესად ხელსაყრელი.
3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების მიმართ საკუთარ ტერიტორიაზე არ დააწესებს სავალდებულო ზომებს, რომლებიც ეხება მასალების შესყიდვას, წარმოების საშუალებებს, ოპერირებას, ტრანსპორტირებას, მისი პროდუქციის მარკეტინგს ან სხვა მსგავს წესებს, რომელთაც აქვთ მიზანშეუწონელი ან დისკრიმინაციული შედეგები.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პარაგრაფების დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებზე გაავრცელოს ნებისმიერი რეჟიმი, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს პირველ ხელშემკვრელ მხარეს:
a) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო საბაჟო კავშირით, ანდა ეკონომიკური ან სავალუტო კავშირით, თავისუფალი სავაჭრო ზონით ან სხვა მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის წევრიც არის რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ან რომლის წევრიც შესაძლოა გახდეს იგი მომავალში;
b) ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით ან ღონისძიებით, რომელიც სრულიად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია დაბეგვრასთან.
მუხლი 5🔗
ექსპროპრიაცია
1. ხელშემკვრელი მხარე საკუთარ ტერიტორიაზე არ განახორციელებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას პირდაპირ ან არაპირდაპირ და არ მიიღებს ექსპროპრიაციის ან ნაციონალიზაციის ეკვივალენტური ეფექტის მქონე ზომებს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ექსპროპრიაცია“), თუ ამავდროულად არ არსებობს შემდეგი პირობები:
a) ექსპროპრიაციას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესები;
b) ექსპროპრიაცია ხორციელდება არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
c) ექსპროპრიაცია ხორციელდება სათანადო სამართლებრივი პროცედურის თანახმად;
d) უზრუნველყოფილია დაუყოვნებელი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაცია.
2. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ექსპროპრიირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ფასით, რომელიც არსებობს ექსპროპრიაციის მომენტისთვის ან იმ მომენტისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უძღოდა ექსპროპრიაციის განხორციელებას ან მის გამოცხადებას, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე მოხდა. კომპენსაცია უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ და უნდა იყოს ეფექტიანად რეალიზებადი და თავისუფლად კონვერტირებადი.
3. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომლის ინვესტიციის მიმართაც განხორციელდა ექსპროპრიაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს მისი შემთხვევის დაუყოვნებლივი გადასინჯვა, მათ შორის, ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, განხორციელებული ინვესტიციების შეფასება და კომპენსაციის გადახდა, იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელმაც მოახდინა ექსპროპრიაცია.
მუხლი 6🔗
ზიანის ან დანაკარგების კომპენსაცია
1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციები განიცდის ზიანს ან დანაკარგებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო არეულობის, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის, რევოლუციის, აჯანყების ან სხვა მსგავსი მოვლენების გამო, რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით მათ მეორე ხელშემკვრელი მხარე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ეს ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, რომელიც უფრო ხელსაყრელია დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
2. ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის პირობების დაურღვევლად, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, ამ პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი ვითარების გამო, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდიან ზიანს ან დანაკარგებს, და თუ ეს გამოწვეულია:
a) მეორე ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ ინვესტორების საკუთრების ან მისი ნაწილის რეკვიზიციით;
b) მეორე ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ ინვესტორების საკუთრების ან მისი ნაწილის განადგურებით, რომელიც არ ყოფილა გამოწვეული საბრძოლო მოქმედებით ან არსებული ვითარებუდან გამომდინარე აუცილებლობით,
მათ მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდება ადეკვატური და ეფექტიანი რესტიტუცია ან კომპენსაცია იმ ზიანის ან დანაკარგებისთვის, რომლებიც განიცადეს საკუთრების რეკვიზიციის პერიოდში ან მისი განადგურების შედეგად. შესაბამისი გადახდები განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, რომლის კონვერტაციაც შესაძლებელი იქნება თავისუფლად და შეუფერხებლად.
მუხლი 7🔗
გადარიცხვები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა გადახდის თავისუფალი და შეუფერხებელი გადარიცხვა როგორც მის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):
a) საწყის კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციების მხარდაჭერის ან გაზრდისთვის;
b) შემოსავლებს;
c) კონტრაქტების, მათ შორის, სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებულ გადახდებს;
d) ამონაგებს ინვესტიციის სრული ან ნაწილობრივი გაყიდვიდან ან ლიკვიდაციიდან;
e) ამ შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად გადახდილ კომპენსაციას;
f) საინვესტიციო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ გადახდებს;
g) ინვესტიციასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში დაქირავებული პერსონალის შემოსავლებს და სხვაგვარ ანაზღაურებას.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფით განსაზღვრული გადარიცხვები განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, დაუყოვნებლივ, გადაგზავნის თარიღისთვის არსებული ვალუტის საბაზრო გაცვლითი კურსით.
მუხლი 8🔗
სუბროგაცია
1. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიცია დაზღვეულია არაკომერციული რისკების წინააღმდეგ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი სისტემის შესაბამისად, მზღვეველის მიერ ნებისმიერი სუბროგაცია, რომელიც გამომდინარეობს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან, აღიარებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ.
2. მზღვეველს არ შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლება, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა ინვესტორს. სუბროგაციის შედეგად მიღებული უფლებები არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველ უფლებებს.
მუხლი 9🔗
ხელშემკვრელ მხარეს და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტა
1. ინვესტორი, რომელსაც აქვს დავა ხელშემკვრელ მხარესთან, ეცდება გადაწყვიტოს ეს დავა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
2. თუ დავის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით შეუძლებელია, ინვესტორი გაუგზავნის ხელშემკვრელ მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი განზრახვის შესახებ, გადაწყვიტოს დავა ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის პირობების შესაბამისად. შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
a) დავის მონაწილე ინვესტორის სახელს და მისამართს;
b) ამ ხელშეკრულების დებულებებს, რომელიც დაირღვა;
c) სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს; და
d) მოთხოვნილ ღონისძიებებს და იმ ზიანის ოდენობას, რომლის გამოც მიმდინარეობს დავა.
3. თუ ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფით განსაზღვრული დავა ვერ გადაწყდება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ინვესტორის მოთხოვნით, დავა გადაწყდება შემდეგნაირად:
a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელებულია ინვესტიცია, ან
b) მორიგების ან არბიტრაჟის გზით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის მიერ (ICSID), რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის „საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ“ 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციის თანახმად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე არბიტრაჟის შემთხვევაში ამ შეთანხმებით წინასწარ უპირობოდ ეთანხმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არსებობს არბიტრაჟის შესახებ ინდივიდუალური შეთანხმება ხელშემკვრელ მხარესა და ინვესტორს შორის, რომ გადასცეს ნებისმიერი ასეთი დავა ცენტრს. ასეთი თანხმობა გულისხმობს იმ მოთხოვნის უარყოფას, რომ პირველადი ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურები უნდა იყოს ამოწურული, ან
c) სამი არბიტრისგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის საარბიტრაჟო წესების (ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ მიღებული ბოლო შესწორებებით) შესაბამისად. არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმებით წინასწარ უპირობოდ აღიარებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არსებობს არბითრაჟის შესახებ ინდივიდუალური შეთანხმება ხელშემკვრელ მხარესა და ინვესტორს შორის, გადასცეს ნებისმიერი ასეთი დავა აღნიშნულ სასამართლოს.
4. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად. ის უნდა აღსრულდეს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად; თითოეული ხელშემკვრელი მხარწე უზრუნველყოფს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღიარებას და აღსრულებას მისი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
5. ინვესტორს, რომელმაც დავა გადასცა სახელმწიფო სასამართლოს ამ მუხლის 3 (a) პარაგრაფის შესაბამისად, ან ერთ-ერთ საარბიტრაჟო სასამართლოს 3 (b) ან 3(c) პარაგრაფის შესაბამისად, არა აქვს უფლება, განიხილოს ეს დავა ნებისმიერ სხვა სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში. ინვესტორის გადაწყვეტილება სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს არჩევის შესახებ საბოლოო და სავალდებულოა.
მუხლი 10🔗
ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავების გადაწყვეტა
1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფით განსაზღვრული ვადა ვერ გადაწყდება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ეს დავა ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით უნდა გადაეცეს სამი არბიტრისგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს.
3. საარბიტრაჟო სასამართლო შედგება თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის შემდეგნაირად: თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს სასამართლოს ერთ წევრს. ეს ორი წევრი აირჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც იქნება სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს წევრები დაინიშნებიან ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დავის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის შეტყობინებიდან 2 (ორი) თვის ვადაში. სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნება შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრულ ვადებში აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, სხვა სათანადო გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს საჭირო დანიშვნების განსახორციელებლად. თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება, ვიცე-პრეზიდენტი, ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ ამ ფუნქციის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრი, რომელიც ამ სასამართლოს წესების მიხედვით არის რანგით შემდგომი პირი, მოიწვევა საჭირო დანიშვნების განსახორციელებლად იმავე პირობების შესაბამისად.
5. საარბიტრაჟო სასამართლო დაადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.
6. საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად. სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმების უმრავლესობით; გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო შესასრულებლად.
7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს საარბიტრაჟო სასამართლოს საკუთარი წევრის ხარჯებს და საარბიტრაჟო სამართალწარმოებაში საკუთარ წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. თავმჯდომარესთან დაკავშირებულ ხარჯებს და დანარჩენ ხარჯებს თანაბრად დაფარავს ორივე ხელშემკვრელი მხარე. თუმცა, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ხარჯების სხვაგვარი განაწილება.
მუხლი 11🔗
შეთანხმების გამოყენება
ეს შეთანხმება ვრცელდება იმ ინვესტიციებზე, რომლებიც განხორციელებულია ამ შეთანხმების ამოქმედებამდე ან ამ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, მაგრამ არ ვრცელდება ნებისმიერ საინვესტიციო დავაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 12🔗
ცვლილებები
მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით. ოქმი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც შევიდა ძალაში აღნიშული შეთანხმება.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო მათი შიდასამართლებრივი მოთხოვნების შესრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა აღნიშნულ შეტყობინებათაგან უკანასკნელის მიღების თარიღიდან.
2. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება 10 (ათი) წლის განმავლობაში და მისმი მოქმედების ვადა გაგრძელდება შემდგომი 10 (ათი) წლის განმავლობაში, თუ მისი პირველი ან ნებისმიერი მომდევნო ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) წლით ადრე რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შეწყვეტა ძალაში შევა შეთანხმების მოქმედების მიმდინარე ათწლიანი ვადის ამომწურვისას.
3. ამ შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, ამ შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება ამ შეთანხმების დენონსირების თარიღიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში.
ამის დასტურად სათანადო უფლებამოსილების მქონე ქვემოთ ხელმომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია 2009 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ (2) დედნად, ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ესტონეთის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)