აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,943 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2017 მიღება
01.02.2017 ძალაში შესვლა
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №1 2017 წლის 9 იანვარი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვე­პუნქტისა და  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესა­ხებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის  შესაბამისად: 1. დამტკიცდეს   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   სოფლის  მეურ­ნეო­ბის სამინისტროს  დებულება, თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 60 (სამოცი) საშტატო ერთეულით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  2007  წლის  3 აპრილის  №32  დად­გენი­ლება (გაზეთი ,,აჭარა“, 06.04.2007., №54  (22.798), გვ.7-9). 4. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე                                                                                                      დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აჭარის    ავტონომიური    რესპუბლიკის    სოფლის    მეურნეობის    სამინისტრო (შემდგომში   –    სამინისტრო)   არის   ,,აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  შესაბამისად  შექმნილი სამთავრობო დაწესებულება. 2. სამინისტრო   თავის   საქმიანობას   წარმართავს   საქართველოს   კონსტი­ტუ­ციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამინისტრო   ანგარიშვალდებულია  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობისა და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე. ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს  აქვს  დასრულებული  ბალანსი,  ანგარიში  აჭარის  ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის  ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელ­წო­დების აღნიშვნით. 5. სამინისტრო ფინანსდება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლი­კური ბიუჯეტიდან.  იგი საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით ანგა­რიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომა­ხიძის ქუჩა №119. მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და  ამოცანები 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის აგროსასურსათო, აგროგა­და­მამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები. 2. სამინისტროს ამოცანებია: ა)  რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგის პოლიტიკის შემუშავება და მართვა; ბ) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებისა და მიმართულებების განვითა­რების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება; გ) სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ტრადი­ციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; ე) სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურ­სათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელ­მისაწვდომობის გაზრდა; ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალი­ზა­ციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველ­ყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენა­რეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; კ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აგრარული ექსტენციის განვითარება; ლ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსო­ლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობა; მ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების საკონ­სულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა; ნ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; პ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ჟ) საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; რ) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ს) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ტ) მემცენარეობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარული საქმიანობის ხელშეწყობა; უ) სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების მართვა და მათი განხორციელების კონტროლი; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია დაკისრებულ   ამოცანათა   შესასრულებლად   სამინისტრო   თავისი   კომპენ­ტენ­ცი­ის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მოამზადოს  დასკვნები  და  წინადადებები  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის კანონპროექტებზე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა დოკუმენტებზე; ბ) შეიმუშაოს  და  მთავრობის  სხდომაზე  განსახილველად  წარადგინოს  საკით­ხები სოფლის  მეურნეობის   სფეროში  არსებული   მდგომარეობისა   და   მისი   გა­უმ­­ჯობესების ღონისძიებათა შესახებ; გ) სახელმწიფო    დაწესებულებათა   და  საზოგადოებრივ  ორგანიზაციათა წარ­მომადგენლების  მონაწილეობით შექმნას სხვადასხვა კომისიები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, მოამზადოს წინადადებები მათი შექმნის, რეორ­განიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი სა­მინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფის მიზნით; ე) საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შექმნას  კერძო  სა­მართ­ლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები; ვ) მოაწყოს   აუქციონები,   კონკურსები,   ტენდერები   სახელმწიფო   სექტორსა   და­ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების შემს­რულებელთა გამოსავლენად; ზ) აწარმოოს   მოლაპარაკებები   და   დადოს   ხელშეკრულებები   საქართველოსა   და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) წარმართოს     საკადრო     პოლიტიკა,     უზრუნველყოს     სამინისტროს     საჯარო მო­სამსახურეთა ატესტაციის/შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება; ი) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია დაწესებულებებიდან და  ორგანიზაციებიდან; კ) განიხილოს    მოქალაქეთა  განცხადებები,  საჩივრები,  წინადადებები    და დროუ­ლად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები; ლ) გამართოს   თათბირები,  სემინარები  და  კონფერენციები  კომპეტენციას მი­კუთვ­ნებულ საკითხებზე; მ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში; ნ) პერიოდულად   მოახსენოს   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ო) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც  საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან  შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის თავმჯდომარე. 2. მინისტრი: ა) ერთმმართველობის  პრინციპით  წარმართავს  სამინისტროს  საქმიანობას,  იღებს გადაწყვეტილებებს  სამინისტროს  გამგებლობის  სფეროსათვის  მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) საქართველოსა    და    აჭარის    ავტონომიური    რესპუბლიკის    მოქმედი   კანონმდებ­ლობის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიული და ინდი­ვი­დუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; დ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­­ვისუფლებს   სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. დასა­ნიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას; ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის  შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას; ზ) ამტკიცებს  სამინისტროს  სტრუქტურული  ქვედანაყოფების  დებულებებსა  და სტრუქტურას, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; თ) შეაქვს  წინადადება  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის   მთავრობაში სა­მი­ნისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე; ი) წარუდგენს   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   მთავრობას   სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; კ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიული და ინდი­ვი­დუა­ლური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ლ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; მ) ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის; ნ) ცალკეულ  საკითხთა შესწავლისა  და  მომზადების  მიზნით  მინისტრი  ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომოსიებსა და საბჭოებს; ო) შეაქვს   წინადადებები   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   მთავრობაში   იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება; პ) ასრულებს   საქართველოსა  და აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის კა­ნონმ­დებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მინისტრის   მოადგილე  კოორდინაციას  უწევს     სამინისტროს   ცალკეული დარ­გობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 5. მინისტრის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებ­ლობისას  ან  მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის   მოვალეობას ასრულებს   მისი   პირველი   მოადგილე,   ხოლო   მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებ­ლობისას ან მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსლების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. სამინისტროს სისტემა 1.  სამინისტროს სისტემაში შედის: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფ­ლება­მოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) აგრარული განვითარების დეპარტამენტი; გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი; დ) სოფლის განვითარების დეპარტამენტი; ე) აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ზ) იურიდიული დეპარტამენტი; თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;  ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური. 3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირია – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი. 4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული  პირის  მმართველობის  სფერო,  უფლება-მოვალეობები  და  საქმია­ნო­ბის  ძირითადი მიმართულებები  განისაზღვრება  დებულებით, რომელსაც მი­ნისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. სტრუქტურული  ქვედანაყოფის   ხელმძღვანელი   უშუალოდ   ექვემ­დება­რე­ბა მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა)  ანაწილებს  ფუნქციებს  მისდამი  დაქვემდებარებულ  საჯარო  მოსამ­სახუ­რე­ებს  შორის და აძლევს მათ დავალებებსა  და მითითებებს; ბ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომ­პე­ტენციის ფარგლებში; გ) აბარებს  ანგარიშს  სამინისტროს  ხელმძღვანელ  პირებს (მინისტრი, პირველი მოადგილე, მოადგილე) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ; დ) წარმოადგენს   სტრუქტურულ   ქვედანაყოფს   თავისი   მოვალეობის   შეს­რუ­ლებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძ­ღ­ვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ე) სამინისტროს  ხელმძღვანელობას   წარუდგენს  წინადადებებს ქვედა­ნაყო­ფის სტრუქტურის, შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუ­ხისმ­გებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს   იმ   სახსრების   გამოყოფის   თაობაზე,   რომლებიც   საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სტრუქტურული      ქვედანაყოფი      შეიძლება   დაიყოს  სამმართველოებად, გან­ყო­ფილებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამი­ნისტროს სტრუქტურული, ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა   განხორციელებისათვის    საჭირო  საინფორ­მაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლების თაობაზე წინადადებების მომზადება. სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel) და Internet-ის, ასევე Windows server-ის, Microsoft-ის ოპერატიული სისტემების და სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორ­განიზება; დ) სამინისტროს    საქმიანობის   გამჭვირვალობის   უზრუნველყოფა, დარგში არ­სე­ბული  მდგომარეობის  შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მი­წოდება; ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;  ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის  დარღვევის  ფაქტების  ხელშემწყობი  მიზეზების  დადგენისა  და პრევენციის,   აღმოჩენილი   ხარვეზებისა   და   მათი   გამომწვევი   მიზეზების   აღ­მოფხვ­რის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;  ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;  თ) სამინისტროს     ცენტრალული     აპარატის     საქმისწარმოების     ორგანიზება     და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;  ი) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს  სისტემაში დასაქმებულთა   პირადი     საქმეების     წარმოება.  სამინისტროს   საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის/შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. მუხლი 8🔗. აგრარული განვითარების დეპარტამენტი აგრარული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება; ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება; გ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსო­ლი­და­ციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელ­შეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება; ე) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნ­ველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინა-დადებებისა და პროექტების მომზადება; კ) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება; ლ) სხვადასხვა კულტურების მიხედვით დეტალური აგროკალენდარების მომზა­დება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმარება ექსტენციის მომსახურების უშუალო მიმწოდებლებისათვის; მ) თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი ჯიშების შესახებ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის წინადადებების შემუ-შავება; ნ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ო) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; პ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტარატეგიებზე დაყრდნობით პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება. მუხლი 9🔗. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) რეგიონის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი; ბ) სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება; გ) სამინისტროს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  ე) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინა­დადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  ვ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;  ზ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენ­და­ციების ასახვა; თ) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიაზაცია; ი) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა  სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება;  კ) წარმატებული სოფლის მეურნეობის მიმართულებების და სექტორების შესახებ ინვესტორების ინფორმირება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების გზით (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა); ლ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა; ნ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა; ო) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება; პ) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება. მუხლი 10🔗. სოფლის განვითარების დეპარტამენტი სოფლის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით  აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.-ი) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;  ბ) ა.მ.ა.გ.-ების მობილიზაციისთვის საჭირო პროგრამების მომზადება და ქვეკონტრაქტორების იდენტიფიცირება; გ) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება; დ) ა.მ.ა.გ.-ების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია მათი მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებში ასახვის მიზნით; ე) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კომუნიკაცია; ვ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების სტრატეგიის და სამუშაო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება; ზ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; თ) აგრობიზნესში დასაქმებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება  და რეკომენდაციების მომზადება;  ი) აგრობიზნესში დასაქმებულ პირებთან (მ.შ. კოოპერატივებთან)  და ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების და ინიციატივების მომზადება. კ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება; ლ) ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონის-ძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა;  მ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება. მუხლი 11🔗. აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნ­ველ-ყოფის სამსახური აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსა-ხურის ძირითადი ამოცანებია: ა) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება, ანალიზი და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრო-მეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა; გ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება და დამუშავება; დ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება; ე) ექსტენციის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამართული ფუნქციო-ნირება და მობილიზებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ვ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და ექსპორტის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; ზ) სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სურსათზე არსებული ფასების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ი) სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების შეგროვება და დამუშავება; კ) დამუშავებულ და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშების მომზადება; ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია, ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატთან) კომუნიკაცია და ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა. მუხლი 12🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:  ა) სამინისტროსა  და  სამინისტროს  სისტემის  დაწესებულებების  წინაშე  არსე-ბული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;  ბ) ფინანსური  მართვისა  და   კონტროლის  სისტემის  ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  გ) დაწესებულების     საქმიანობის     საქართველოს     კანონმდებლობასთან,     არსე­ბულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) სამინისტროსა     და     სამინისტროს     სისტემის    დაწესებულებების     საქმიანობის ეკონომიურობის,  ეფექტიანობისა  და  პროდუქტიულობის   გაზრდის მიზნით რეკო­მენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური    და    სხვა    ინფორმაციის    სანდოობის,   სიზუსტისა    და    სისრულის შე­ფასება; ვ) სამინისტროსა   და   სამინისტროს   სისტემის   დაწესებულებების    აქტივების,   სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 13🔗. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა და ამ მიზნით  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი ნორმატიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; დ) დამოუკიდებლად ან/და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება; ე) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. მუხლი 14🔗. საბუღალტრო  აღრიცხვისა  და  ანგარიშგების  დეპარტამენტი  საბუღალტრო    აღრიცხვისა    და    ანგარიშგების    დეპარტამენტის    ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს  ცენტრალული  აპარატის  საბუღალტრო  აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) სამინისტროს   სისტემაში   შემავალ   დაწესებულებების   მიერ   წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი; გ) ფულადი   სახსრების   ანგარიშსწორებებისა   და   მატერიალურ   ფასეულობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; დ) სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი;     ე) სამინისტროს       მიერ       განსახორციელებელი       ხარჯების       მიზნობრიობის დამადასტურებელი    აუცილებელი     დოკუმენტაციის     დეპარტამენტში    მიღება და დაფინანსების ორგანიზება; ვ) სამინისტროს  აპარატისა  და  ნაერთი  კვარტალური  და  წლიური  ბალანსების შედგენა; ზ) ბუღალტრული    ანგარიშგების    შედგენა    და    შესაბამის    დაწესებულებებში წარდგენა. მუხლი 15🔗. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს  საფინანსო  პოლიტიკის  ძირითადი  მიმართულებების  შემუშავება და განსაზღვრა; ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; გ) სამინისტროსა      და      სამინისტროს      სისტემის      დაწესებულებების      ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა; დ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ვ) სამინისტროსათვის         გამოყოფილი         თანხის         მიზნობრივი         ათვისების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება. მუხლი 16🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები. 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე შედგომი ამოცანების   შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები უნდა წარედგინოს მინისტრს. 5. სახელმწიფო მოხელე ან სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად ინიშნება მისი თანხმობით. მუხლი 17🔗. სამინისტროს რეორგანიზაციისა  და ლიკვიდაციის წესი  სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18🔗.  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.