⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2020)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2017
ძალის დაკარგვა 01.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,578 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2017 მიღება
01.12.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სტაჟირება
ქვედანაყოფებში ამ წესით რეგულირებული საქმიანობა, ანაზღაურების გარეშე
მუხლი 3
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 3
სტაჟირების გავლის მსურველი
პირი, რომელიც სამინისტროში ელექტრონულ მისამართზე ან მატერიალური სახით, აკეთებს განაცხადს სტაჟირების გავლის თაობაზე.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №06 2017 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ყ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი”. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის №834 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი  (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო ოფისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში (შემდგომში – ქვედანაყოფები) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.  მუხლი 2🔗 სტაჟირების მიზანს წარმოადგენს სამინისტროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მოზიდვა, სამინისტროს საქმიანობის შესახებ მათი დაინტერესება, სამინისტროს ქვედანაყოფების ნიჭიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერა შესაბამისი თეორიული განათლების მქონე მოქალაქეებისათვის საჭირო უნარჩვევების შესაძენად (ან დასახვეწად) პრაქტიკული შესაძლებლობის მიცემის გზით. მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ქვედანაყოფებში ამ წესით რეგულირებული საქმიანობა, ანაზღაურების გარეშე; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟირების გავლის მსურველი – პირი, რომელიც სამინისტროში ელექტრონულ მისამართზე ან მატერიალური სახით, აკეთებს განაცხადს სტაჟირების გავლის თაობაზე. მუხლი 4🔗 სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და იღებს ან მიღებული აქვს უმაღლესი განათლება იმ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით/ფუნცია-მოვალეობებით,  სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება. მუხლი 5🔗 არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ყოველი მომდევნო წლისათვის შესაბამისი ქვედანაყოფების ნუსხას და სტაჟიორთა ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). თავი II სტაჟიორთა შესარჩევი კომისია მუხლი 6🔗 1. სამინისტროში კონკურსს ატარებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი სტაჟიორთა შესარჩევი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და წევრებისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. 3. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმოდგენლები ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის დროს. 4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც არ აქვს ხმის უფლება. 5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. 6. კომისიის სხდომის ოქმების შედგენას, საჭირო დოკუმენტაციის და სხვა შესაბამისი მასალების მომზადებას და კონკურსთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 8. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. 10. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.    11. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკას/საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს კომისია. თავი III სტაჟიორის მიღება მუხლი 7🔗 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტაჟირების გავლის მსურველმა, სამინისტროში ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით უნდა გააკეთოს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე. მუხლი 8🔗 1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება.  2. განაცხადების გადარჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, ტესტირების ან/და გასაუბრების ეტაპების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აისახება შესაბამის ოქმში. მუხლი 9🔗 1. ქვედანაყოფებში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი). 2. კონკურსის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, მათ შორის, სტაჟირების გავლის მსურველთა განაცხადების გადარჩევას (წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას) უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 3. სტაჟიორთა მისაღები კონკურსი ცხადდება სამინისტროს ოფიციალურ ვებვერდზე, სადაც მიეთითება: ა) კონკრეტული ქვედანაყოფი, სადაც უნდა განხორციელდეს სტაჟირების გავლა; ბ) სტაჟირების თემატიკა და მიმართულება; გ) სტაჟირების ვადა და პირობები; დ) სტაჟირების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია. 4. განაცხადების გადარჩევა უნდა დასრულდეს განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა, ხოლო ტესტირება ან/და გასაუბრება – არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღისა. 5. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 10🔗 1. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი იღებს სტაჟირების გავლის მსურველის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება: ა) სტაჟიორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) კონკრეტული ქვედანაყოფი, სადაც პირი ინიშნება სტაჟიორად; გ) სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტაჟირების გავლის პროცესს; დ) სტაჟირების თემატიკა და მიმართულება; ე) სტაჟირების ვადა და პირობები. 2. სტაჟირების გავლის მსურველის მიერ, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად, დეპარტამენტს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) რეზიუმე (დანართი №1); გ) 2 ფოტოსურათი 3/4-ზე და ერთი – CD ფორმატზე ჩაწერილი; დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ზ) რეკომენდაცია. მუხლი 11🔗 1. ტესტირების/გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის მსურველი, რომელიც ვერ გადალახავს განაცხადების გადარჩევის ეტაპს. 2. თუ კონკურსი მოიცავს ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს, გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის მსურველი, რომელიც ვერ გადალახავს ტესტირების ეტაპს. 3. ტესტის გადასალახად საჭირო მინიმალური ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. 4. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 5. სტაჟირების გავლის მსურველს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე 2 (ორი) დღით ადრე მაინც. 6. თუ კონკურსი მოიცავს გასაუბრების ეტაპს, სტაჟირების გავლის მსურველის სტაჟირების გავლისათვის წინასწარ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით, ტარდება გასაუბრება. 7. დეპარტამენტი კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ სტაჟირების გავლის მსურველს მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კომისია ვერ შეარჩევს დადგენილი მოთხოვნების შესაბამის კანდიდატს. მუხლი 12🔗 დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 13🔗 1. კონკურსის გავლის გარეშე, სტაჟიორის მიღება ქვედანაყოფებში შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების წარდგენისა და სტაჟირების გავლის მსურველის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. 2. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გავლის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის შემთხვევაში, სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. მინისტრის უფლებამოსილება, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გავლის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს მინისტრის მოადგილეზე. თავი IV სტაჟიორის უფლება-მოვალეობანი მუხლი 14🔗 სტაჟიორს უფლება აქვს: ა) ხელმძღვანელის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (მიმდინარე და საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ქვედანაყოფებში ორგანიზებულ აქტივობებში; გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კონკრეტული მიმართულების საკითხებზე რეაგირებისათვის საჭირო შესაბამის პროცედურებს; დ) მიმართოს ხელმძღვანელს მისი სტაჟირების ადგილის შეცვლის შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მიმართოს დეპარტამენტს. მუხლი 15🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) სტაჟიორად დანიშვნიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა, საფუძვლიანად გაეცნოს ქვედანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) სტაჟირების გავლის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას ქვედანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) მითითებულ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას მიეცემა ხელმძღვანელის მიერ; დ)  კონტაქტი იქონიოს იმ ქვედანაყოფების თანამშრომლებთან, სადაც გადის სტაჟირებას; ე) დაიცვას აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნები,  კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც მათი შინაარსის გათვალისწინებით, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება გავრცელდეს სტაჟიორზე; ვ) სტაჟირების გავლის პროცესში, ასევე სტაჟირების დასრულების შემდეგ არ გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ქვედანაყოფების საქმიანობასთან და მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში, რომელსაც სტაჟიორი ადასტურებს დანართი №2-ით გათვალისწინებული ხელწერილის შესაბამისად; ზ) გაუფრთხილდეს სამინისტროს ქონებას, იზრუნოს მისთვის გადაცემული ნივთების მოვლაზე; თ) სტაჟირების გავლის ადგილზე გამოცხადდეს და სტაჟირების ადგილი დატოვოს ამ წესის დანართი №3-ით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის გრაფიკის შესაბამისად. 2. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის  ხელმძღვანელი. თავი V ქვედანაყოფების მოვალეობები მუხლი 16🔗 1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად. 2. დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სტაჟიორისათვის სამინისტროს სტრუქტურის გაცნობას და წარუდგენს სტაჟიორს თავის ხელმძღვანელს; ბ) სტაჟიორის დანიშვნიდან 2 (ორი) კვირის შემდეგ, დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი ხვდება სტაჟიორს/სტაჟიორებს და მასთან/მათთან ერთად განიხილავს დაწესებულებაში სტაჟირების  გავლის პროცესს, ხოლო სტაჟირების პერიოდის დასრულებამდე ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის პროცესით კმაყოფილების კვლევის ჩატარებას პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი: ა) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს სტაჟიორს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელების პროცესში; გ) აცნობს სტაჟიორს ქვედანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და შესაბამისი ქვედანაყოფის/ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას; დ) აძლევს სტაჟიორს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, აწვდის  საქმიანობასთან დაკავშირებით დროულ და სწორ ინფორმაციას. თავი VI სტაჟირების ვადა მუხლი 17🔗 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 (ერთი) თვიდან 12 (თორმეტი) თვემდე ვადით. 2. მინისტრი უფლებამოსილია, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული სტაჟიორისთვის სტაჟირების ვადის ერთჯერადად გაგრძელების თაობაზე, სტაჟიორის/მისი ხელმძღვანელის დადებითი შეფასების საფუძველზე. სტაჟირების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ფარგლებში. მუხლი 18🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა ან სამუშაო საათების განმავლობაში ხშირი არყოფნა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) შესაბამისი დაწესებულების/სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია; ვ) სტაჟიორის მხარდაჭერის მიმღებად გამოცხადება ან მისი გარდაცვალება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 (სამი) დღის ვადაში სამინისტროს/შეიარაღებული ძალების უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 19🔗 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორს დანართი №4-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით. 2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება განისაზღვრება არანაკლებ 22 ქულით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 3. სერტიფიკატის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.