საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 |
|
2017 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი |
|
ამ პროგრამის ამოცანაა 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ აღებული საბანკო კრედიტების/სესხების საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსია და საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სუბსიდირების განხორციელება, საქართველოს მოქალაქეთა საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის გაზრდისა და შემდგომში მათი განკარგვადი შემოსავლების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამა - კრედიტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამა;
ბ) ბენეფიციარი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, მსესხებელი, რომლის ანგარიშზეც მოხდა კრედიტის ჩარიცხვა და რომლის 2015 წლის შემოსავლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზების შესაბამისად (მისი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შესაბამისად ერთობლივი შემოსავლისა და დამქირავებლის მიერ წარდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით, განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი განაცემის ჯამი), ბანკის მიერ გადამოწმების მომენტისთვის, არ აღემატება წლიურად 100 000 (ასი ათასი) ლარს და რომლის კრედიტი აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს;
გ) ეროვნული ბანკი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკი;
დ) კონვერსია - პროგრამის ბენეფიციარზე აშშ დოლარით გაცემული კრედიტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ასახვა;
ე) სუბსიდირება - ამ პროგრამით განსაზღვრული მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამავე პროგრამით დადგენილი წესით განსახორციელებელი დაუბრუნებელი ტრანსფერი, გარდა ამ პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) კომერციული ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი;
ზ) ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელიც ამ პროგრამის მე-6 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
თ) კრედიტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ბენეფიციარის საბანკო კრედიტი/სესხი, რომლის ძირითადი თანხის ჯამურად შესასრულებელი ვალდებულება, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, კონვერსიის განმახორციელებელ ბანკში ან პორტირებისას, საიდანაც ხორციელდება პორტირება, არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს;
ი) პორტირება - ბენეფიციარის მიერ მისი კრედიტის ერთი ან რამდენიმე ბანკიდან/კომერციული ბანკიდან სხვა ბანკში გადატანა.
1. სუბსიდიას ექვემდებარება კონვერსიის განმახორციელებელ ბანკში ან პორტირებისას, საიდანაც ხორციელდება პორტირება, კონვერსიის განხორციელების დღეს ერთ ბენეფიციარზე უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული კრედიტის ჯამურად შესასრულებელი ვალდებულება ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს შემდეგი თანხებიდან უმცირესს:
ა) 2015 წლის 1 იანვრისათვის ბანკებში არსებული კრედიტის ძირითადი შესასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა;
ბ) 2016 წლის 28 ნოემბრისთვის ბანკებში არსებული კრედიტის ძირითადი შესასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა;
გ) 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი;
დ) 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, კრედიტის არსებული უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება (ბანკში არსებული ბოლო შეფასების მიხედვით).
2. კონვერსიის განხორციელების დღეს ან პორტირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 8 სამუშაო დღისა, კრედიტთან მიმართებაში ბანკი უნდა იყოს პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი).
1. კონვერსიის განხორციელების მიზნით, ბენეფიციარი მიმართავს კრედიტის გამცემ ან პორტირების შემთხვევაში კონვერსიის განმახორციელებელ ნებისმიერ ბანკს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით.
2. ბანკი კრედიტის კონვერსიას ახორციელებს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით პერიოდში, კონვერსიის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე ერთ აშშ დოლარზე 20 თეთრით ნაკლები გაცვლითი კურსით, კონვერტაციის ან რაიმე მსგავსი დამატებითი საკომისიოს დარიცხვის გარეშე.
ბანკმა ამ პროგრამის შესაბამისად ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტზე არ შეიძლება ბენეფიციარს დააკისროს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული რაიმე სახის ფინანსური ხარჯი.
1. სუბსიდიის მიღების მიზნით ბანკი, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ახორციელებს ბენეფიციარის კრედიტის კონვერსიას, ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას ამ პროგრამის შესაბამისად მის მიერ ცალკეული კონვერსირებული კრედიტის რაოდენობისა და მოცულობის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პერიოდულობით.
2. კომერციული ბანკი ამ პროგრამის მონაწილედ ითვლება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართვის საფუძველზე.
ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმართვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიჰყიდის კონვერსიის განმახორციელებელ ბანკს აშშ დოლარს მიყიდვის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით ნაკლები კურსით და აღნიშნული სხვაობა იმავე სამუშაო დღეს უაქცეპტოდ ჩამოიჭრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.
1. სუბსიდიას ექვემდებარება ერთ ბენეფიციარზე მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ ერთ ბანკში კონვერსიის დღეს არსებული კრედიტის ნარჩენი ღირებულება.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს კრედიტ(ებ)ი გააჩნია რამდენიმე ბანკში, იგი უფლებამოსილია, მოახდინოს კრედიტ(ებ)ის პორტირება ერთ ბანკში.
1. ბანკი, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ახორციელებს ბენეფიციარის კრედიტის კონვერსიას, პროგრამის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ან მოთხოვნისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას ამავე პროგრამის შესაბამისად მის მიერ ცალკეული კონვერსირებული კრედიტ(ებ)ის რაოდენობის, მოცულობისა და სუბსიდირების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენიდან 2 (ორი) კვირის ვადაში, ბენეფიციართან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის ან/და სხვაგვარი შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე ამ პროგრამის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამოვლენისას, განხორციელებული სუბსიდია ბრუნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ამ პროგრამის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაზე, სისწორესა და კრედიტის ამავე პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ბანკი. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არასწორად ან არასრულად მიწოდებული ინფორმაციის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, კონკრეტული კრედიტის მიმართ არასწორად განხორციელებული სუბსიდია დაუბრუნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის წარდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
1. ბენეფიციარი ამ პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის საფასურისგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის საფასურისგან გათავისუფლების საფუძველია ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება ან ბანკის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია.
პროგრამა მოქმედებს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე.