შპს ”Raika Group”-ის გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/35207-16
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2016 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „Raika Group”
წარმომადგენელი: ჯიმშერ ტყებუჩავა
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2016 წლის 16 ნოემბერს შპს „Raika Group”-ის სახელით ჯიმშერ ტყებუჩავამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „Raika Group”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, შპს „Raika Group”-ს ანგარიში გახსნილი აქვს სს „ტერა ბანკში”, სადაც საბოლოო ნაშთი ნული ლარია. საწარმო აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა და გააუქმა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებული ჰქონდა შპს „მეგისთან”. შპს „Raika Group”-ს სს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის” მიმართ აქვს 7163,43 ლარის ოდენობის დავალიანება, ხოლო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიმართ საწარმოს დავალიანება 2010 ლარს შეადგენს. შპს „Raika Group” გადახდისუუნაროა. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 და 09 ნოემბრის ცნობების მიხედვით, შპს „Raika Group”-ის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და შპს „Raika Group” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, ხოლო სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის ცნობის მიხედვით, შპს „Raika Group”-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. შპს “Raika Group”-ის ბალანსზე ქონება არ ირიცხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ”Raika Group”-ს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა და დაევალა შპს „Raika Group”-ის ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილების წარმოდგენა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებელს ასევე დაევალა რწმუნებულების წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა წარმომადგენლების მიერ შპს ,,Raika Group”-ის სახელით სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
2016 წლის 02 დეკემბრის განცხადებით, შპს „Raika Group”-ის წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ შეავსო მითითებული ხარვეზი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „Raika Group”-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს „Raika Group”-ს არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „Raika Group”-ის (ს/ნ 404433314) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „Raika Group”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი