სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2337
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/2337

 

საოქმო განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ნოდარი გიორგიძე

 

განმცხადებელი : სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“

დირექტორი: გიორგი სამველიძე.

მეურვე: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე.

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და აღნიშნავს შემდეგს:

 

2015 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ დირექტორმა გიორგი სამველიძემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხანაში“ შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, საწარმო წლების მანძილზე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავალი და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახილველად. საზოგადოებას გააჩნია 358 111 ლარის კრედიტორული დავალიანება, მათ შორის: სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ მიმართ 175382,48 ლარი; შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მიმართ 164979,4 ლარი; შპს „გზების“ მიმართ 6500 ლარი; შპს „არმოხას“ მიმართ 440 ლარი; შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მიმართ 12,61 ლარი; დ. ხოზრევანიძის მიმართ 91,5 ლარი; ლ. ტარიელაძის მიმართ 36,82 ლარი; ნ. ბოლქვაძის მიმართ 120 ლარი; ლ. ბაუჟაძის მიმართ 181,86 ლარი; სს „ენერგია XXI’’-ის მიმართ 3687,08 ლარი; შპს „წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტის“ მიმართ 9,5 ლარი; ბადრი მელაძის მიმართ 2607,25 ლარი; შპს „დასაქმების ფონდის“ მიმართ 2250 ლარი; საგადასახადო დავალიანება 1813 ლარი.

განმცხადებლის მითითებით ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდის საშუალება საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოების აქტივი შეადგენს 279 338 ლარს (მათ შორის, 265 664 ლარი არის დებიტორული დავალიანება და 13674 ლარი არის განთავსებული საბანკო ანგარიშზე).

2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“(დირექტორი გიორგი სამველიძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ  -აღსრულების ეროვნული ბიურო.

2016 წლის 21 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და აცნობა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხანას“ საგადასახადო დავალიანება 2016 წლის 8 იანვრის მდგომარეობით არ ერიცხება.

2016 წლის 12 თებერვალს გამართულ კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვემ წარმოადგინა მოხსენება სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებებისა უზრუნველყოფილი კრედიტორების, აგრეთვე მოძიებული ქონების შესახებ, რომლის თანახმად: სს „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ როგორც სააქციო საზოგადოება საზღვაო ბანკის სამართალმემკვიდრემ, განცხადებით მიმართა მეურვეს და აცნობა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

2016 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს უარი ეთქვა სს ,,ენერგია XXI’’-ის დავალიანების აღიარებაზე 3687,08 ლარის ოდენობით, ამავე სასამართლო სხდომაზე უარი ეთქვა სიმონ ფუტკარაძეს მოთხოვნის აღიარებაზე. ამასთან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ 2016 წლის 29 თებერვლის მიმართვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურსს“ სს ,,ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ მოთხოვნები და პრეტენზიები არ გააჩნია (ს.ფ. 135). ანალოგიური შინაარსის მომართვა შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლოში 2016 წლის 7 მარტს (ს.ფ. 145).

2016 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა მეურვისადმი, რომლის თანახმად სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ ვალდებულებები დოკუმენტების შესაბამისად სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მიმართ არ ფიქსირდება (ს.ფ. 136).

2016 წლის 18 ივლისის სასამართლო სხდომაზე უარი ეთქვა შპს ,,გზებს’’ მოთხოვნის აღიარებაზე 6500 ლარის ოდენობით და ამასთან აღიარებული იქნა გიორგი სამველიძის მოთხოვნა - 152 ლარის ოდენობით.

2016 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ და განმარტა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნას“ საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა 13511,50 ლარის ოდენობით, რაც აღემატება კრედიტორულ მოთხოვნების ჯამურ ოდენობას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევას სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მომდევნო ეტაპზე გადასვლის მიზნით.

კრედიტორთა კრებაზე მეურვემ განმარტა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის’’ ვალდებულებები არ აჭარბებს კომპანიის აქტივს და შესაბამისად კომპანიის მიმართ არსებული საქმე უნდა შეწყდეს, ვინაიდან სახეზე არ არის გადახდისუუნარობის საქმის წინაპირობები.

სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ დირექტორმა გიორგი სამველიძე არ დაეთანხმა საქმის წარმოების შეწყვეტას.

 

სასამართლომ შეამოწმა სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის “ გადახდისუუნარობის საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ’’ მიმართ დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს წარმოადგენს მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.

ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს, რომლის შესაბამისად მოვალის ქონებრივი მდგომარეობის და კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

დადგენილია, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიღებული იქნა, ვინაიდან კომპანიის დირექტორი განმარტავდა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხანაში“ შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, საწარმო წლების მანძილზე ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავალი და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახილველად. საზოგადოებას გააჩნია 358 111 ლარის კრედიტორული დავალიანება, მათ შორის: სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მიმართ 175382,48 ლარი; შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მიმართ 164979,4 ლარი; შპს „გზების“ მიმართ 6500 ლარი; შპს „არმოხას“ მიმართ 440 ლარი; შპს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის’’ მიმართ 12,61 ლარი; დ. ხოზრევანიძის მიმართ 91,5 ლარი; ლ. ტარიელაძის მიმართ 36,82 ლარი; ნ. ბოლქვაძის მიმართ 120 ლარი; ლ. ბაუჟაძის მიმართ 181,86 ლარი; სს „ენერგია XXI’’-ის მიმართ 3687,08 ლარი; შპს „წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტისს“ მიმართ 9,5 ლარი; ბადრი მელაძის მიმართ 2607,25 ლარი; შპს „დასაქმების ფონდის“ მიმართ 2250 ლარი; საგადასახადო დავალიანება 1813 ლარი.

განმცხადებლის მითითებით ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდის საშუალება საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოების აქტივი შეადგენს 279 338 ლარს (მათ შორის 265 664 ლარი არის დებიტორული დავალიანება და 13674 ლარი არის განთავსებული საბანკო ანგარიშზე).

სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში დადგინდა, რომ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხანას“ საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. კომპანიის მიმართ არათუ მოთხოვნა არ აქვთ სს „საქართველოს ეროვნულმა ბანკს“ (სააქციო საზოგადოება საზღვაო ბანკის სამართალმემკვიდრე) და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, უფრო მეტიც საქართველოს ეროვნული ბანკის მეურვისადმი მიმართვის თანახმად სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ ვალდებულებები დოკუმენტების შესაბამისადაც არ ფიქსირდება. ამდენად საქმის მიმდინარეობის პერიოდში დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული 358 111 ლარის კრედიტორული დავალიანებიდან 342 175 ლარის ოდენობით დავალიანება არ არსებობდა არც სასამართლოში განცხადების შემოტანის დროს.

რაც შეეხება 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადებაში დასახელებულ შპს „გზების“ მიმართ არსებულ დავალიანებას 6500 ლარის ოდენობით და სს ,,ენერგია XXI’’-ის მიმართ არსებულ დავალიანებას 3687,08 ლარის ოდენობით - სასამართლოს განჩინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ მოთხოვნის აღიარებაზე, ხოლო 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადებაში დასახელებულ სხვა კრედიტორთა მიერ სასამართლოში მოთხოვნის განაცხადი წარმოდგენილი არ არის.

ამასთან დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანას“ საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა - 13511,50 ლარის ოდენობით და ასევე განმცხადებლის მითითებით კომპანიას აქვს დებიტორული მოთხოვნები 265 664 ლარის ოდენობით. ამდენად საქმის მასალებით ირკვევა, რომ კომპანიის აქტივი აღემატება მის დავალიანებას და უფრო მეტიც საქმეზე არ არის კრედიტორად ცნობილი პირი, რომლის მოთხოვნაც აღემატება კომპანიის აქტივს (საქმეზე არის ერთადერთი კრედიტორი თავად კომპანიის დირექტორის სახით რომლის მოთხოვნა აღიარებულია 152 ლარის ოდენობით და ამასთან საყურადღებოა, რომ აღნიშნული დავალიანება უკავშირდება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების აღძვრის ხარჯებს).

რაც შეეხება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ სს „ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნის“ განცხადებაში დასახელებულ სხვა კრედიტორებს - შპს „არმოხა“ თანხით 440 ლარი; შპს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი’’ თანხით 12,61 ლარი; დ. ხოზრევანიძე თანხით 91,5 ლარი; ლ. ტარიელაძე თანხით 36,82 ლარი; ნ. ბოლქვაძე თანხით 120 ლარი; ლ. ბაუჟაძე თანხით 181,86 ლარი; შპს ,,წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტი’’ თანხით 9,5 ლარი; ბადრი მელაძე თანხით 2607,25 ლარი; შპს ,,დასაქმების ფონდი’’ თანხით 2250 ლარი, მათი მოთხოვნა ჯამში არის 5750 ლარი, ანუ კომპანიის აქტივზე ბევრად ნაკლები და ამასთან საყურადღებოა, რომ კრედიტორთა უმეტესობის (ბადრი მელაძე, ლ. ბაუჟაძე, ნ. ბოლქვაძე, ლ. ტარიელაძე, დ. ხოზრევანიძე) ვინაობის დადგენა საერთოდ ვერ ხერხდება, რადგან არ არის მითითებული მათი მონაცემები, რაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად თავად მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს. ხოლო კიდევ ერთი კრედიტორი შპს „წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტი“ მოვალის მითითებით ლიკვიდირებულია.

ზემოთ სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლოში გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების შესახებ განცხადების შეტანის მიზანი არის მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ანუ გადახდისუუნარობის მქონე ანდა მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი კომპანიის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანა ემსახურება არა მიზანს, რომ მოხდეს კომპანიის სამეწარმეო რეესტრში ამოშლა, არამედ ვალდებულებების შესრულების დროს არ დაირღვევს, ერთის, მხრივ, კრედიტორების და, მეორეს მხრივ, მოვალის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოება სახეზე არ არის - კომპანიას არც კრედიტორი ჰყავს და, შესაბამისად, არც მისი უფლებების დარღვევა ექცევა საშიშროების ქვეშ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის1 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ ქონება საკმაოდ აღემატება კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1 . სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ (ს/კ 245400935, იურიდიული მისამართი: ბათუმი, ნონეშვილის №65) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

მოსამართლე                                                  გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი                                          ნოდარ გიორგიძე