შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ლეგალის“ დებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
კარი I. არბიტრაჟი
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. „არბიტრი” – შპს „მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი ან მხარის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ლეგალი“;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის“ თავმჯდომარე-დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად, იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში.
1.5. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
1.6. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-4, მე-10 და მე-12 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს სარბიტრაჟო განხილვა; მე-8, მე-18 და მე-20 მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები;
1.7 . „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე;
1.9 . ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს და გააჩნია მოთხოვნის უფლება;
1.10. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე;
1.11. ,,მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით” – პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა;
1.12. ,,მესამე პირი” – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ;
1.13. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, საბუთი, ნივთმტკიცება ან მოწმის ჩვენება, რომლებზედაც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს და რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას;
1.14. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა ამ დებულებითა და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესებით;
1.15. „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) – ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის დავამდელი ან დავის შემდგომი შეთანხმება, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.
1.16. „დებულება” – შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის“ დებულება.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არის დავების განმხილველი დაწესებულება, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირებს შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავას, მოქმედი კანონმდებლობის და დებულებით დადგენილი წესების მიხედვით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით.
2.4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.
2.5. მხარეები იწყებენ დავის წარმოებას მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.
2.6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
2.7. საარბიტრაჟო დავის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2.8. მხარეებს უფლება აქვთ მათთვის კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების უფლება გადასცენ მესამე პირებს.
2.9 სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.10. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს სარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრების შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.11. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.12. მხარეებს, აგრეთვე არბიტრაჟს, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.13. არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიმე ზემოქმედება არბიტრზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია.
2.14. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
3.1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის, ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.
3.3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
3.4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.
3.5. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
3.6. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
3.7. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.4-3.6 პუნქტები.
3.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით, საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
3.9. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3.10. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
3.11. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის 3.11 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
3.12. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
4.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.
4.2. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმებით, ხოლო ასეთი დათქმის არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟი იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.
4.4. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრულია არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა, მაშინ არბიტრაჟი იქმნება ამ შეთანხმების შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულის გათვალისწინებით.
4.5. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე, რომელსაც ჩაბარდა შეტყობინება პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას და არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის ან არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში. თუ მხარე დებულების ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს), ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად.
4.6. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, არბიტრაჟის მიერ დავაზე თავისი კომპეტენციის ცნობიდან 5 დღის ვადაში.
4.7. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.
4.8. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები წერილობით აცნობებენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს.
4.9. მხარეს შეუძლია არბიტრაჟის წევრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს. თუ საქმეში რამდენიმე მოპასუხეა, ერთ-ერთი მოპასუხის მიერ დანიშნული არბიტრი ჩაითვლება ყველა მოპასუხის მიერ დანიშნულად.
4.10. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში, ახალი არბიტრი (არბიტრები) ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.11. ყოველი პირი მის არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევა წერილობით თანხმობას. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.
4.12. მხარის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ არბიტრთან მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დებს ხელშეკრულებას.
4.13. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს დადგენილებას (განკარგულებას).
4.14. მხარეს უფლება არა აქვს ერთპიროვნულად შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი.
4.15. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ:
ა) იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
ბ) არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე:
გ) არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა;
დ) არის მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;
ე) არ გააჩნია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;
ვ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
4.16. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
4.17. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 3 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა.
4.18. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
4.19. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
4.20. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი; აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს.
4.21. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით; კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის – აცილების შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით.
4.22. არბიტრის გადაყენების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება; არბიტრის მიერ უარის თქმის, შეცვლის ან აცილების შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.23. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით.
4.24. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება დებულების 4.15 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.
4.25. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უფლება აქვს, პატივსადები მიზეზების არსებობისას განაცხადოს თვითაცილება დავის განხილვაზე, რის შესახებაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება (განკარგულება), ხოლო მხარეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი მასალები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი სრულად.
მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები, მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი
5.1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
5.3.არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
5.4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;
ბ) ადგილზე დათვალიერების ჩატრებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
ე) გზავნილის ჩაბარებისა და საჯარო შეტყობინებისათვის გაწეული ხარჯები;
ვ) სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ)„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც საქმის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
5.5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
ე) საარბიტრაჟო საჩივარზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე;
ვ) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;
ზ) განცხადებაზე ან შუამდგომლობაზე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებისათვის;
თ) განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზე.
5.6. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გასწიოს რაიმე ხარჯი.
5.7. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს:
ა) 5000 ლარამდე დავის საგანზე - 350 ლარი;
ბ) 5001-დან 10 000 ლარამდე დავის საგანზე - 450 ლარი;
გ)10 001-დან 100 000 ლარამდე დავის საგანზე - 450 ლარს მიმატებული 10 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 2 %.
დ)100 001-დან 500 000 ლარამდე დავის საგანზე - 3 000 ლარს მიმატებული 100 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 1,8 %.
ე) 500 001-დან 1 000 000 ლარამდე დავის საგანზე - 7 000 ლარს მიმატებული 500 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 1,5 %.
ვ)1 000 001 ლარის ზემოთ დავის საგანზე - 10 000 ლარს მიმატებული დავის საგნის ღირებულების 0,5 %.
5.8. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე შეადგენს 150 ლარს.
5.9. კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 300 (სამას) ლარს.
5.10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 350 ლარი, ხოლო მაქსიმალური 30 000 ლარი.
5.11.საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარე განსაზღვრავს საქმის წარმოებაში მიღების დადგენილებით.
5.12.ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე, ხოლო საქმის წარმოების სხვა ხარჯები გადაიხდება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ, რომელიც დაეკისრება საარბიტრაჟო მოპასუხეს მოსარჩელის მოთხოვნით საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5.13. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
5.14. თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
5.15. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
5.16. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.
5.17. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
5.18. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, ან/და შეამციროს მისი ოდენობა, თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
5.19. მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით (ოცდაათი პროცენტით) და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.
5.20. მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 50%-ით (ორმოცდაათი პროცენტით), რაც, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
5.21. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50% (ორმოცდაათი პროცენტი).
5.22. ამ მუხლის 5.19-5.21 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, არბიტრაჟის დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 175 ლარზე ნაკლები.
5.23. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
5.24. თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
5.25. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
5.26. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.27. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
6.1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.
6.2. კანონით ან დებულებით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
6.4. თუ საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი.
6.5. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
6.6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.
6.7.საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
6.8. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, შეჩერებული ვადის დენა განახლდება წარმოების განახლების დღიდან.
6.9. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
6.10. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
6.11. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.
6.12. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლის შემდეგ არბიტრაჟში. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადება არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ დებულების 11.7. პუნქტში მითითებული გარემოებები.
6.13. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.
6.14. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6.15. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) მხარეთათვის შეუტყობინებლად.
6.16. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
7.1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.
7.2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.
7.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, უკანასკნელ საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას.
7.5. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.6. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად (გზავნილი). შეტყობინებაში მიეთითება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.
7.7. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
7.8. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7.9. საარბიტრაჟო უწყება და გზავნლი იგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.10. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს/არ იმყოფებოდეს მისი რეგისტრაციის ადგილსამყოფელზე ან აღარ ფუნქციონირებდეს.
7.11. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
7.12. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ამ დებულების 7.4 მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების გარდა არბიტრაჟი უფლებამოსილია, მოსარჩელის მოთხოვნისა და მის მიერ შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში, განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით, რის შესახებაც არბიტრაჟს გამოაქვს განკარგულება. საარბიტრაჟო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
8.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საჭიროდ.
8.2. უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) იმ მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
8.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
8.4. ამ დებულების 8.2 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ 8.3 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
8.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
8.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
8.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე ორგანო ან პირი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული საკითხი დასმული იქნება დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან დავაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ საკითხს განიხილავს და წყვეტს დავის განმხილველი არბიტრაჟი. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ერთობლივი განცხადებით მომართავენ არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ, მაშინ აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
8.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
8.9. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
8.10. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება (დადგენილება). განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.
8.11. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ არბიტრაჟის განჩინებას (დადგენილებას) აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მისი ცნობა აღსრულების მიზნით მიმართვის გარეშე.
8.12. მხარეს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟში მომართვის გარეშე.
8.13 მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს არბიტრაჟის განჩინების (დადგენილების) ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ
ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია;
გ) უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავაზე, რომელზეც არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
დ) დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ე) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნა შესრულებული.
9.მტკიცებულებები
საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, მათი შუამდგომლობით არბიტრაჟი იწვევს მოწმეებს, სპეციალისტს ან ექსპერტს; ნიშნავს ექსპერტიზას. არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნისას გამოიყენება „არბიტრაჟის შესახებ“ სქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით დადგენილი წესი.
კარი II. მხარეები
მუხლი 10. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
10.1. არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების საარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, მის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობის შემდეგ. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
10.2. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
10.3. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.
10.4. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა.
10.5. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
10.6. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სარჩელის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
10.7. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე ადვოკატის ან უფლებამისილი წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
10.8. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
10.9. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
10.10. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებებით.
10.11. თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
კარი III. საარბიტრაჟო წარმოება
მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
11.1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის” დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.
11.2. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მასში მითითებული უნდა იყოს მხარეთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (ადგილსამყოფლები), საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნა, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.
11.3. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
11.4. დებულების 10.2 და 10.3 პუნქტები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
11.5. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11.6. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი დამატებითი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.
11.7. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი დადგენილებით (განკარგულებით) ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად და დებულების 3.13 მუხლის შესაბამისად.
11.8. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ დებულების 11.2 და 11.5 მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 75%.
11.9. წინამდებარე დებულების 11.8 მუხლის შესაბამისად არბიტრაჟისათვის დარჩელი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.10. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
11.11. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ დებულების 11.3 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
11.12. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.
11.13. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები, შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
11.14. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.
11.15. ამ დებულების 10.14 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
11.16. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
11.17. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;
გ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
11.18. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება).
11.19. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის განჩინება (დადგენილება) ჩაჰბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება, არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.20. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც არბიტრაჟის მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით და მითითებული არ არის, რომ არჩევა ხდება მოსარჩელის მიერ, ან პირდაპირ არ არის მითითებული, რომ არბიტრაჟის შემთხვევაში დავას განიხილავს შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ლეგალი“, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში, არბიტრაჟი შესთავაზებს მოპასუხე მხარეს დავის შპს „მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადებს თანხმობას არბიტრაჟის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე, არბიტრაჟი განიხილავს საქმეს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე დადგენილ ვადაში უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ცნობაზე კონკრეტული დავის მიმართ, არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს ტოვებს განუხილველად და აღნიშნულზე იღებს განჩინებას (დადგენილებას), ასეთ შემთხვევში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება, არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.21. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
12.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია ქ.თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.
12.2. საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის” ადგილსამყოფელის მიხედვით, ამასთან მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.
12.3. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.4. ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება 11.1. პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე.
მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ენა
13.1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე.
13.2. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი.
13.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის ხელშეკრულების ენის გათვალისწინებით.
13.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკვშირებით ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, განჩინებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს, ასევე ზეპირ მოსმენას, თუკი ასეთს ექნება ადგილი.
13.5. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას, რომელიც შესრულებულია საარბიტრაჟო განხილვის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
მუხლი 14. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
14.1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.
14.2. საქმის ზეპირი განხილვის დროს დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ძირითად მომენტებს. ოქმს ადგენს მდივანი საარბიტრაჟო სხდომაზე. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არაუგვიანეს სამი დღისა სხდომის დამთავრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი. ხოლო, თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმში. სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან ხუთი დღის განმავლობაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა თუ უსრულობაზე.
14.3. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14.4. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
14.5. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
14.6. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
14.7 ამ დებულების მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14.8. თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
მუხლი 15. საქმის მომზადება და საარბიტრაჟო განხილვა
15.1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.
15.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით, ან რომელიმე მხარის მოთხოვნით საქმეზე უნდა ჩატარდეს ზეპირი განხილვა, საქმის განხილვა ხდება ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
15.3. საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ საქმის განმხილველი არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
15.4. საარბიტრაჟო განხილვა იწყება განსახილველ საქმეზე პირველი საარბიტრაჟო სხდომის დღეს.
15.5. საარბიტრაჟო სხდომის თავმჯდომარე ხსნის და უძღვება სხდომას, აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად, იმას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე გამოძახებულ პირთაგან და მხარეებს განუმარტავს აცილების უფლების შესახებ.
15.6. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები მიზნად არ ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
15.7. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის არსის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (კოლეგიური შემადგენლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი წევრის) მოკლე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს და მტკიცებულებებს, რის შემდეგაც არბიტრაჟი მოისმენს მოსარჩელის და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. მოსარჩელის შემდეგ, სიტყვა ახსნა-განმარტებისათვის ეძლევა მოპასუხესა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირს.
15.8. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს, მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებუელებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით.
15.9. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისგან.
15.10. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ იწყება შეკითხვების სტადია. შეკითხვებს პირველად სვამს მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს შეკითხვები.
15.11. შეკითხვების შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია გამოაქვეყნოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შემდგომაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობისათვის სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს, ხოლო შემდგომ მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზეც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.
15.12. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.
15.13. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟი გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სხდომაზე გამოცხადდება მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. არბიტრაჟს შეუძლია გადაწყვეტილების გამოცხადება გადადოს არაუმეტეს 14 დღით, რის შესახებაც უნდა აცნობოს მხარეებს.
მუხლი 16. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
16.1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
16.2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
16.3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.
16.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არაუმეტეს 180 დღით.
16.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე არბიტრების ხელმოწერები უნდა დამოწმდეს ნოტარიალურად.
16.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან ამის შესახებ მხარეები განაცხადებენ თანხმობას პროცესზე, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ დებულების 16.9-16.11 მუხლების შესაბამისად.
16.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
16.8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სათანადო წესით დამოწმებისთანავე, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
16.9. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.
16.10. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
16.11. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
17.1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
17.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
მუხლი 18. საქმის წარმოების შეჩერება და განუხილველად დატოვება
18.1. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომლის საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არ აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;
გ) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში;
დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ან თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგებზე;
ვ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა;
ზ) სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.
18.2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
18.3. არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;
ბ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
გ) საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;
ე) დებულებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
18.4. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და შეჩერება, საარბიტრაჟო განხილვის განახლება
19.1. არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებული იქნეს სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ,,არბიტრაჟის შესახებ” კანონის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად.
19.2. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ არბიტრაჟი განაახლებს საქმის განხილვას სასამართლოს მიერ მიცემული ვადით, კანონით და ამ დებულებით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.
19.3.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
19.4. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.
19.5. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.
19.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იმავე არბიტრის მონაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.
მუხლი 20. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
20.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების მიღების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
20.2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
20.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს 15.1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.
20.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
20.5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია არაუმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
მუხლი 21. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
21.1. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:
ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებზე;
ბ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა;
გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში;
დ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ.
21.2. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა განახლდება და საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან იქნება განხილული.
მუხლი 22. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
22.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ,,არბიტრაჟის შესახებ” კანონის 44-ე და 45-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
22.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 23. დასკვნითი დებულებები
23.1. წინამდებარე დებულება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
23.2. წინამდებარე დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე