აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/12

 

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის (N01/3824) განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში: ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) ,,ბაკურციხე-გურჯაანის" შემოსასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში ,,სამინისტრო“) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

●  პროექტის მოკლე აღწერა:

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება ,,ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი.“

,,ბაკურციხე-გურჯაანის" შემოსავლელი გზა იწყება ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" და ,,ბაკურციხე-თელავი-ახმეტის" გზის გადაკვეთიდან და მთავრდება ,,ბაკურციხე-თელავი-ახმეტის" გზაზე.

საპროექტო მონაკვეთი მოიცავს 15 -კილომეტრიან გზის მონაკვეთს კახეთის რეგიონში, სოფელ ბაკურციხიდან სოფელ ჩუმლაყამდე. შემოსავლელი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის“  საზღვრის საერთაშორისო გზას და ,,ახმეტა-თელავი-ბაკურციხის“  არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზას.

პროექტით გათვალისწინებულია ორზოლიანი შემოსასვლელი გზის მოწყობა წრიული გზაჯვარედინებით ტრასის დასაწყისსა და დასასრულში კმ0-ზე (სოფ. ბაკურციხე) და 15.6-ზე (სოფ. ჩუმლაყი), წრიული გზაჯვარედინის მოწყობა გურჯაანთან კმ 9.6-ზე. ასევე გადასასვლელების, მილების, საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, საექსპროპრიაციო ქონების საკომპესაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მესაკუთრე ნიკოლოზ ვარდიაშვილთან (პ/ნ13001002909).

,,სამინისტრომ“ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება ,,ბაკურციხე-გურჯაანის“ შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა ნიკოლოზ ვარდიაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის  მესაკუთრეა ნიკოლოზ ვარდიაშვილი (პ/ნ 13001002909), ს/კ 51.14.61.229 (ნაკვეთის წინა ნომრები 51.14.61.141, 51.14.61.143), ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 10148.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 1313 კვ.მ.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეს და შესთავაზა 4435 ლარი (მიწის ღირებულება 4333 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯი 102 ლარი).

დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ შორის შეუთანხმებლობა განაპირობა მიწის გამოსყიდვის ღირებულებამ. აღნიშნული დასტურდება როგორც ,,სამინისტროში წარმოდგენილი საექსპროპრიაციო მასალით, ასევე ,,კომისიის“ სხდომაზე გამოცხადებული მესაკუთრის განმარტებებით.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის.

ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ,,ბაკურციხე-გურჯაანის" შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე: მესაკუთრე ნიკოლოზ ვარდიაშვილი  (პ/ნ 13001002909), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N 51.14.61.229, მთლიანი ფართი 10 148 კვ.მ) მდებარე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი ფართი 1313 კვ.მ.

 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის .: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

 

მინისტრი                                                                               გიორგი გახარია