ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2017
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სანებართვო მოწმობის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 3 თებერვალი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53 პუნქტის, 261, 30-ე და 36-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი (დანართი №3).
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოება განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
მუხლი 6🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაცია.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗
რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში –
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი“) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებ ნებართვის გაცემის წესს
.
მუხლი 2🔗
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;
დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗
ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
6. სარეკლამო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს (განთავსებისას და განთავსებიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში) თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებს.
7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სოციალური და საინფორმაციო ტიპის მასალის განთავსების მიზნით სარეკლამო საშუალება „მონიტორზე“ გამოეყოფა უფასო დრო 10%-ის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომების, მიზანშეწონილობის და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
მუხლი 5🔗
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 და „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №7 დადგენილებით განსაზღვრული წესები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
მუხლი 6🔗
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის ინიციატივით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
3. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო.
4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს თავის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იგივე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
8. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 7🔗
აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-20 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-20 კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად განაცხადოს უარი აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗
ოქმის გაფორმების წესი
1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 9🔗
ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ.-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთკალენდარულ წელზე, საწყისი ფასი განისაზღვროს:
ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ცენტრალური ქუჩების გასწვრივ შემდეგი მიმართულებით; ზუგდიდი-ანაკლია-განმუხურის, ზუგდიდი-ცაცხვი, ზუგდიდი-ჩხოროწყუს, ზუგდიდი-გალის, ზუგდიდი-ნარაზენის, ზუგდიდი-ჯვარის, ზუგდიდი-წალენჯიხის, ინგირი-შამგონას მონაკვეთის 500 მეტრი, ზედაეწერი-რიყეს მონაკვეთის 400 მეტრი, ქ. ზუგდიდის ხუბულავას ქუჩის მარცხენა მხარე, ი. ჭავჭავაძის ქუჩის მარჯვენა მხარე-72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არა-უმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗
გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 12🔗
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. საქართველოს კანონმდებლობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ზიანის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
მუხლი 13🔗
კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობისა და არქიტეტურის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილის სახით ღებულობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
მუხლი 14🔗
გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1534 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ ამ წესის შესაბამისად მოპოვებულ იქნეს გარე რეკლამის უფლება.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული გარე რეკლამა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევად ან/და გარე რეკლამის განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.
დანართი №2
მცირე სახელმწიფო გერბი საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
სანებართვო მოწმობა №
ეძლევა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
ნებართვის მოქმედების ვადა:
––––––––––––––––––––––– –დან
––––––––––––––––––––––– –მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სანებართვო პირობები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვა გაცემულია 20 –– წლის ––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი ბეჭდის ადგილი
.
დანართი №3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი
№
სანებართვო მოწმობის
№
ნებართვის გაცემის/ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდი ული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან– ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ–სამართ ლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე– ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მი- სამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ