საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2017
ძალის დაკარგვა 14.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №19/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№19/ნ
2017 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის №525 დადგენილების საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის:
ა) გრანტების გაცემის წესი და საგრანტო კონკურსის დებულება, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესი და საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გრანტების გაცემის წესი და საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) აწესრიგებს საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამართვის, გრანტების გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ცენტრის საქმიანობის ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის პროექტის განსახორციელებლად უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაცემული თანხა;
ბ) კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო პროექტის/პროექტების გამოვლენას;
გ) განმცხადებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანება;
დ) პროექტი – განმცხადებლის მიერ საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილი ამ დებულების დანართი №1.1-ით განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი;
ე) გრანტის მიმღები – კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტის ავტორი განმცხადებელი;
ვ) კომისია – პროექტების მიღების, განხილვისა და გრანტის მიმღების გამოვლენის, ანგარიშის განხილვისა და შეფასების მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია;
ზ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
თ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შესრულების ანგარიშის შემოწმება;
ი) ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან პროექტის განხორციელების შესახებ (მათ შორის ფინანსურ ნაწილში) ცენტრში წარდგენილი ანგარიშები;
კ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – პროექტების შესაფასებლად კომისიისთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსის ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს ცენტრი ამ დებულების შესაბამისად.
2. კონკურსის ადმინისტრირების მიზნით ცენტრის დირექტორი:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა.ა) აცხადებს კონკურსს;
ა.ბ) ქმნის კომისიას;
ა.გ) განსაზღვრავს პროექტების ცენტრში წარდგენის ვადებს;
ა.დ) გრანტის მიმღების/მიმღებების მიერ შესრულებული ანგარიშის წარდგენისა და კომისიის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელების ვადებს;
ა.ე) ამტკიცებს კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს;
ბ) გრანტის მიმღებთან აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას.
მუხლი 4🔗.
კონკურსის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს.
2. პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვებს, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობასა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას;
ბ) სამაგიდო კვლევის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტის/სტანდარტების და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შედარებით ანალიზს;
გ) კვლევის მეთოდოლოგიის, ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ანგარიშის წარდგენას.
3. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 7000 (შვიდი ათასი) ლარს;
4. პროექტის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს:
ა) პროექტის მენეჯმენტის (პროექტის ხელმძღვანელის, უშუალოდ შეხვედრების დაგეგმვასა და კვლევაში ჩართული პირის) შრომის ანაზღაურებისათვის;
ბ) მკვლევარების, შეხვედრების ფასილიტატორების შრომის ანაზღაურებისათვის;
გ) შეხვედრებისა და საჯარო განხილვების ხარჯებისათვის;
დ) ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზებისა და ანგარიშის მომზადების ხარჯებისათვის.
5. პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს, პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გრანტის 50%-ის გადარიცხვას საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადარიცხვას საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელების შემდგომ.
6. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საგრანტო თანხის ჩარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღების ანგარიშზე, საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების წარდგენა ცენტრში;
გ) განცხადებისა და პროექტების შესაბამისობის შემოწმება ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან და №1.1-ით განსაზღვრულ ფორმასთან;
დ) საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და გამარჯვებული პროექტის/პროექტების გამოვლენა;
ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის/პროექტების დამტკიცება;
ვ) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 6🔗.
პროექტის წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განმცხადებელი ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და პროექტს.
2. ცენტრში განცხადებისა და პროექტის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე (info@tpdc.ge) გაგზავნის გზით.
3. პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილე ყველა პირის თანხმობის წერილი და რეზიუმე.
4. პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების/ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთი სარეკომენდაციო წერილი.
5. კომისია უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, შეიცავს ყალბ ინფორმაციას ან/და გამოვლინდება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა.
მუხლი 7🔗.
პროექტების შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტების შეფასებას კომისია ახორციელებს ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (დანართი №2) დამტკიცებული საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
2. პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
3. პროექტი ითვლება გამარჯვებულად, თუ დააგროვებს არანაკლებ 15 ქულას.
4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრულ პირველ სამ კრიტერიუმში.
მუხლი 8🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის განმცხადებელი;
ბ) რომელიც არის განმცხადებლის ნათესავი;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში.
2. ამ დებულების მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, კომისიას აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების ან/და გრანტის გაცემის შემდეგ, შეწყდება ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება.
მუხლი 9🔗.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შემდგომ ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
მუხლი 10🔗.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
1. ცენტრი ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს.
2. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის მიზნით გრანტის მიმღები ცენტრს წარუდგენს ანგარიშს.
3. მონიტორინგი გულისხმობს როგორც საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან, ასევე, საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
4. ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულებით ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ცენტრისათვის/სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.
მუხლი 11🔗.
პროექტის შეწყვეტა და გრანტის დაბრუნება
1. პროექტი შეწყდება თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია, ან გამოვლინდება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს მიღებული გრანტი და კარგავს გადასარიცხი გრანტის გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას.
3. გრანტის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.