შპს ,,ქ. ბათუმის №3 საავადმყოფო” - ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2268-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2017 წლის 27 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „ბათუმის №3 საავადმყოფო“
დირექტორი : რევაზ ლორთქიფანიძე
მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,
გამოარკვია:
2016 წლის22 სექტემბერს შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას გააჩნია 53515 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება არ აქვს. კრედიტორული დავალიანებიდან უზრუნველყოფილი კრედიტორული (საგადასახადო საბიუჯეტო) დავალიანება შეადგენს 4006 ლარს (საგადასახდო შედარების აქტით − 210,27 ლარი). კომპანიის აქტივები შეადგენს 1067 ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2016 წლის 3 ოქტომბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ დირექტორმა, წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ხუთი სამუშაო დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განმცხადებელს განჩინებით დაევალა წარმოედგინა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2016 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ დირექტორმა და ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. შპს „ბათუმის №3 საავადმყოფოს“ მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ განცხადების დასაშვებობის სხვა პირობების შესამოწმებლად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფო“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფო“ (ს/ნ 245415297) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ქ. ბათუმის №3 საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე