„2005 წლის 14 აპრილის ოქმით შესწორებული საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ კონვენცია
მიღების თარიღი 03.05.1967
ძალაში შესვლა 08.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1967-05-03-1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016461
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„2005 წლის 14 აპრილის ოქმით შესწორებული საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ კონვენცია
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია
შესწორებული 2005 წლის 14 აპრილის ოქმით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 8 ნოემბერს
სარჩევი
I პრეამბულა
II დაფუძნება და შტაბბინა
III ორგანიზაციის ხასიათი და მიზანი
IV წევრები
V ორგანოები
VI ასამბლეა
VII საბჭო
VII საფინანსო კომიტეტი
VIII სამდივნო
IX კენჭისყრაში მონაწილეობა
X თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
XI ორგანიზაციის ფუნქციონირება ზოგადი და ფინანსური დებულებების მიხედვით
XII ოფიციალური ენები
XIII იურიდიული პირი - საერთაშორისო სტატუსი
XIV ხარჯების დაფარვა
XV დავალიანება
XVI დეპოზიტარი
XVII დავები
XVIII ხელმოწერა
XIX ძალაში შესვლა
XX მიერთება
XXI შესწორებები
XXII დენონსაცია
XXIII რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში
დანართი გაეროს სამდივნოში რეგისტრაციის მოწმობა
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია
კონვენციის მხარე-სახელმწიფოები
თვლიან რა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ბიურო დაარსდა 1921 წელს, მსოფლიოს მასშტაბით ნავიგაციის გამარტივებისა და მისი უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, სანავიგაციო რუკებისა და დოკუმენტების გაუმჯობესების გზით;
თვლიან რა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია, საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციის შესაბამისად, წარმოადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც კოორდინაციას უწევს ჰიდროგრაფიულ მონაცემთა წარმოებისა და ჰიდროგრაფიულ მომსახურებათა გაწევის სტანდარტების შემუშავებას და რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ჰიდროლოგიური სამსახურების შესაძლებლობათა გაძლიერებას;
თვლიან რა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მიზანია იქცეს მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტულ ჰიდროგრაფიულ ორგანოდ, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სანაპირო და დაინტერესებული სახელმწიფოს ჩართულობას საზღვაო უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების საქმეში და რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს დაცვასა და მდგრად გამოყენებას;
თვლიან რა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მისიაა გლობალურად ისეთი გარემოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ჰიდროგრაფიული მონაცემების, პროდუქციისა და მომსახურებების ადეკვატურად და დროულად წარმოებას და მათ შეძლებისდაგვარად ფართო გამოყენებას; და
სურთ რა განაგრძონ ჰიდროგრაფიის სფეროში თანამშრომლობა მთავრობათაშორის დონეზე;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
წინამდებარე კონვენციის საფუძველზე ფუძნდება საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია, შემდგომში „ორგანიზაცია“, რომლის შტაბბინაც მონაკოშია.
მუხლი II
ორგანიზაციას აქვს სათათბირო და ტექნიკური ხასიათი. ორგანიზაციის მიზანია:
(a) ხელი შეუწყოს ჰიდროგრაფიის გამოყენებას სანავიგაციო უსაფრთხოებისა და ყველა სხვა საზღვაო მიზნით და უზრუნველყოს ჰიდროგრაფიის მნიშვნელობის შესახებ მსოფლიო მასშტაბით ცნობიერების ამაღლება;
(b) გაზარდოს ჰიდროგრაფიული მონაცემების, ინფორმაციის, პროდუქციისა და მომსახურებების გლობალურ დონეზე მომცველობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი და გააუმჯობესოს ამგვარ მონაცემებთან, ინფორმაციასთან, პროდუქციასა და მომსახურებებთან წვდომა;
(c) გააუმჯობესოს გლობალური ჰიდროგრაფიის სფეროში არსებული პოტენციალი, შესაძლებლობები, სწავლება, მეცნიერული მიღწევები და ტექნოლოგიები;
(d) განსაზღვროს და ხელი შეუწყოს ჰიდროგრაფიული მონაცემების, ინფორმაციის, პროდუქციის, მომსახურებებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას და მიაღწიოს ამ სტანდარტების მაქსიმალურად ერთგვაროვან გამოყენებას;
(e) სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს კომპეტენტური და დროული დირექტივები ყველა სახის ჰიდროგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით;
(f) ხელი შუწყოს წევრ სახელმწიფოებს შორის ჰიდროგრაფიული საქმიანობის კოორდინაციას;
(g) გააძლიეროს ჰიდროგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფოებს შორის რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა.
მუხლი III
წინამდებარე კონვენციის მხარეებს წარმოადგენენ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები.
მუხლი IV
ორგანიზაცია შედგება შემდეგი ორგანოებისგან:
(a) ასამბლეა;
(b) საბჭო;
(c) საფინანსო კომიტეტი;
(d) სამდივნო; და
(e) ნებისმიერი დამხმარე ორგანო.
მუხლი V
(a) ასამბლეა წარმოადგენს მთავარ ორგანოს და მას გააჩნია ორგანიზაციის ყველა უფლებამოსილება, თუ კონვენცია სხვაგვარად არ ითვალისწინებს, ან თუ ასამბლეა ამ უფლებამოსილებებს სხვა ორგანოებს არ გადასცემს.
(b) ასამბლეის შემადგენლობაში შედის ყველა წევრი სახელმწიფო.
(c) ასამბლეა რეგულარულ სხდომას სამ წელიწადში ერთხელ მართავს. ასამბლეის საგანგებო სხდომები შეიძლება გაიმართოს წევრი სახელმწიფოს ან საბჭოს, ან გენერალური მდივნის მოთხოვნით, წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობით.
(d) ასამბლეის სხდომების გასამართად საჭირო კვორუმს შეადგენს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა.
(e) ასამბლეის ფუნქციებში შედის:
(i) თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის არჩევა;
(ii) როგორც საკუთარი, ისე საბჭოს, საფინანსო კომიტეტისა და ორგანიზაციის ნებისმიერი დამხმარე ორგანოს საპროცედურო წესების განსაზღვრა;
(iii) ზოგადი დებულებების შესაბამისად, გენერალური მდივნისა და დირექტორების არჩევა და მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადებისა და პირობების განსაზღვრა;
(iv) დამხმარე ორგანოების შექმნა;
(v) ორგანიზაციის საერთო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამუშაო პროგრამის განსაზღვრა;
(vi) საბჭოს მიერ მისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვა;
(vii) წევრი სახელმწიფოს, საბჭოს ან გენერალური მდივნის მიერ მისთვის წარდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების განხილვა;
(viii) წევრი სახელმწიფოს, საბჭოს ან გენერალური მდივნის მიერ მისთვის წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
(ix) ორგანიზაციის ხარჯების შესწავლა, ანგარიშების დამტკიცება და ფინანსური რეგულაციების განსაზღვრა;
(x) ორგანიზაციის სამწლიანი ბიუჯეტის დამტკიცება;
(xi) ოპერატიულ სამსახურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
(xii) ორგანიზაციის ფარგლებში ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; და
(xiii) საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულებების საბჭოსთვის გადაცემა.
მუხლი VI
(a) საბჭოში წარმოდგენილი იქნება წევრ-სახელმწიფოთა ერთი-მეოთხედი, მაგრამ არანაკლებ ოცდაათი წევრი-სახელმწიფო, რომელთაგან ორ-მესამედზე ადგილები გადანაწილდება რეგიონულ საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ერთ-მესამედზე - ჰიდროგრაფიული ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც განისაზღვრება ზოგად დებულებებში.
(b) საბჭოს შემადგენლობის პრინციპები განისაზღვრება ზოგად დებულებებში.
(c) საბჭოს წევრები თანამდებობაზე რჩებიან ასამბლეის მომდევნო რიგითი სხდომის დასრულებამდე.
(d) საბჭოს სხდომის კვორუმი შემდგარია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი-მესამედი.
(e) საბჭო შეიკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
(f) იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საბჭოს სხდომებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე.
(g) საბჭოს ფუნქციებში შედის:
(i) თავისი თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის არჩევა, რომელთაგან თითოეული თანამდებობაზე დარჩება ასამბლეის მომდევნო რიგითი სხდომის დასრულებამდე;
(ii) ასამბლეის მიერ მისთვის დელეგირებული ვალდებულებების შესრულება;
(iii) ორგანიზაციის საქმიანობათა კოორდინაცია ასამბლეის სხდომებს შორის პერიოდში, სტრატეგიის, სამუშაო პროგრამისა და ფინანსური დებულებების ფარგლებში, ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად;
(iv) ასამბლეისთვის ასამბლეის თითოეულ რიგით სხდომაზე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარდგენა;
(v) გენერალური მდივნის დახმარებით, წინადადებების მომზადება საერთო სტრატეგიასთან და სამუშაო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარება დამტკიცებას ასამბლეის მიერ;
(vi) გენერალური მდივნის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშებისა და საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვების განხილვა და ასამბლეისთვის მათი დასამტკიცებლად წარდგენა საბიუჯეტო ასიგნებებთან დაკავშირებულ შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან ერთად;
(vii) დამხმარე ორგანოების მიერ მისთვის წარდგენილი წინადადებების განხილვა და მათი გადაცემა:
· ასამბლეისთვის, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს ასამბლეის გადაწყვეტილებას;
· ისევ დამხმარე ორგანოსთვის, აუცილებლობის შემთხვევაში; ან
· წევრი სახელმწიფოებისთვის დასამტკიცებლად, ფოსტის მეშვეობით.
(viii) ასამბლეისთვის დამხმარე ორგანოების შექმნის შეთავაზება; და
(ix) ორგანიზაციასა და სხვა ორგანიზაციებს შორის შეთანხმებათა პროექტების განხილვა და მათი ასამბლეისთვის წარდგენა დასამტკიცებლად.
მუხლი VII
(a) საფინანსო კომიტეტი ღიაა ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. თითოეული წევრი სახელმწიფო სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;
(b) საფინანსო კომიტეტი, როგორც წესი, იკრიბება ასამბლეის თითოეულ რიგით სხდომასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია მოიწვიოს დამატებითი სხდომებიც;
(c) საფინანსო კომიტეტის ფუნქციაა გენერალური მდივნის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშების, საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების განხილვა და ასამბლეისთვის მათი დასამტკიცებლად წარდგენა შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან ერთად;
(d) საფინანსო კომიტეტი ირჩევს თავის თავმჯდომარესა და ვიცე-თავმჯდომარეს.
მუხლი VIII
(a) სამდივნო შედგება გენერალური მდივნის, დირექტორებისა და სხვა პერსონალისგან, რომელიც შეიძლება ორგანიზაციას დასჭირდეს;
(b) გენერალური მდივანი უზრუნველყოფს ყველა ისეთი დოკუმენტის წარმოებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის და ასევე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, შეგროვებასა და გავრცელებას;
(c) გენერალური მდივანი წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ადმინისტრაციულ მოხელეს.
(d) გენერალური მდივანი:
(i) ამზადებს და საფინანსო კომიტეტსა და საბჭოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშებს თითოეული წლისთვის და საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვას სამ წელიწადში ერთხელ, რომელშიც თითოეული წლის მონაცემები ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი; და
(ii) წევრ სახელმწიფოებს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
(e) გენერალური მდივანი შეასრულებს ნებისმიერ სხვა დავალებას, რომელიც მას ეკისრება კონვენციის ფარგლებში, ასამბლეის ან საბჭოს მიერ;
(f) თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, გენერალური მდივანი, დირექტორები და პერსონალი არ მოითხოვენ, ან არ მიიღებენ ინსტრუქციებს რომელიმე წევრი სახელმწიფოსგან, ან ორგანიზაციის გარდა რომელიმე ორგანოსგან. ისინი თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეუთავსებელია მათი, როგორც საერთაშორისო მოხელეების თანამდებობასთან. თავის მხრივ, თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს გენერალური მდივნის, დირექტორებისა და პერსონალის ვალდებულებათა ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ შეეცადოს გავლენა მოახდინოს მათ მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე.
მუხლი IX
თუ შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის საფუძველზე, იმოქმედებს შემდეგი დებულებები:
(a) თუ კონვენციით სხვაგვარად არაა გათვალისწინებული, თითოეულ წევრ სახელმწიფოს ექნება მხოლოდ ერთი ხმის უფლება;
(b) გენერალური მდივნისა და დირექტორების ასარჩევად კენჭისყრისას, თითოეულ წევრ სახელმწიფოს ექნება რამდენიმე ხმა, რაც განისაზღვრება მათი ფლოტის ტონაჟის ცხრილის შესაბამისად;
(c) თუ კონვენციით სხვაგვარად არაა გათვალისწინებული, გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი იქნება თავმჯდომარე;
(d) ორგანიზაციის პოლიტიკასთან ან ფინანსებთან, მათ შორის ზოგად და ფინანსურ დებულებებში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების ორი-მესამედის უმრავლესობით.
(e) ამ მუხლის (c) და (d) ქვეპუნქტებთან და XXI მუხლის (b) ქვეპუნქტთან მიმართებაში, ფრაზა „დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრი სახელმწიფოები“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ესწრებიან სხდომას და ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. თუ წევრმა სახელმწიფოებმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს, ჩაითვლება, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ;
(f) VI მუხლის (g)(vii) ქვეპუნქტის შესაბამისად წინადადებების წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების უმრავლესობით. ამასთან, კენჭისყრაში დადებითი ხმების მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს ყველა წევრი სახელმწიფოს არანაკლებ ერთ-მესამედს.
მუხლი X
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციას შეუძლია ითანამშრომლოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა ინტერესები და საქმიანობა დაკავშირებულია ორგანიზაციის მიზანთან.
მუხლი XI
ორგანიზაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად არის მოცემული ზოგად და ფინანსურ დებულებებში, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე კონვენციას, მაგრამ არ წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე კონვენციასა და ზოგად და ფინანსურ დებულებებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე კონვენციას.
მუხლი XII
ორგანიზაციის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.
მუხლი XIII
ორგანიზაცია წარმოადგენს იურიდიულ პირს. თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ის სარგებლობს თავისი ფუნქციების შესრულებისა და მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი XIV
ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯები იფარება:
(a) წევრი სახელმწიფოების მიერ გადახდილი მიმდინარე წლიური შენატანებიდან, თავიანთი ფლოტის ტონაჟის ცხრილის შესაბამისად; და
b) შემოწირულობებიდან, მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, სუბსიდიებიდან და სხვა წყაროებიდან, საფინანსო კომიტეტის თანხმობით.
მუხლი XV
წევრი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია შენატანების ორწლიანი დავალიანება, დავალიანების დაფარვამდე ვერ ისარგებლებს ხმის უფლებითა და ყველა იმ სარგებლით, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ენიჭებათ კონვენციისა და რეგულაციების შესაბამისად.
მუხლი XVI
(a) მისი ბრწყინვალების, მონაკოს პრინცის მთავრობა შეასრულებს დეპოზიტარის როლს;
(b) კონვენციის დედანი ინახება დეპოზიტართან, რომელიც კონვენციის დამოწმებულ ასლებს გადასცემს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა მას;
(c) დეპოზიტარი:
(i) აცნობებს გენერალურ მდივანსა და ყველა წევრ სახელმწიფოს მიერთების შესახებ განაცხადების შესახებ, რომლებიც მან მიიღო XX(b) მუხლში მითითებული სახელმწიფოებისგან; და
(ii) აცნობებს გენერალურ მდივანსა და ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, ან მიუერთდნენ მას:
· თითოეული ახალი ხელმოწერის, ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტზე გადაცემის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით;
· წინამდებარე კონვენციის ან მისი ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; და
· კონვენციის დენონსაციის დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემის შესახებ, მისი მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღების მითითებით.
წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლისთანავე, ის გამოქვეყნდება დეპოზიტარის მიერ და დარეგისტრირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი XVII
კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ მოგვარდება მოლაპარაკების გზით ან ორგანიზაციის გენერალური მდივნის ძალისხმევით, დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ არბიტრს.
მუხლი XVIII
1. წინამდებარე კონვენცია იხსნება ხელმოსაწერად 1967 წლის 3 მაისს, მონაკოში, ხოლო ამის შემდგომ, პარიზში, მონაკოს სამთავროს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, 1967 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე, ნებისმიერი მთავრობისათვის, რომელიც მონაწილეობს ბიუროს მუშაობაში 1967 წლის 3 მაისისთვის.
2. ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული მთავრობები უფლებამოსილნი არიან გახდნენ წინამდებარე კონვენციის მხარეები:
(a) კონვენციის ხელმოწერით –
რაიმე დათქმის გარეშე რატიფიკაციასთან ან დამტკიცებასთან დაკავშირებით, ან
(b) კონვენციის ხელმოწერით –
რატიფიკაციის ან დამტკიცების და შემდგომში რატიფიკაციის ან დამტკიცების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემის პირობით.
(3) რატიფიკაციის ან დამტკიცების დოკუმენტები გადაეცემა პარიზში მონაკოს სამთავროს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მონაკოს სამთავროს მთავრობის არქივში შესანახად.
(4) მონაკოს სამთავროს მთავრობა ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებულ მთავრობებს და მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობებს თითოეული ხელმოწერისა და რატიფიკაციისა და დამტკიცების თითოეული დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემის შესახებ.
მუხლი XIX
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ოცდარვა მთავრობა გახდება მისი მხარე XVIII მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად.
2. მონაკოს სამთავროს მთავრობა ზემოაღნიშნული თარიღის შესახებ აცნობებს ყველა ხელმომწერ მთავრობასა და მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეს.
მუხლი XX
(a) ძალაში შესვლის შემდგომ, წინამდებარე კონვენცია ღია იქნება მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრს. ამ სახელმწიფოსთვის კონვენცია ძალაში შევა მიერთების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემის დღეს, რომელიც აღნიშნულის შესახებ აცნობებს გენერალურ მდივანსა და ყველა წევრ სახელმწიფოს;
(b) იმ სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრს, შეუძლია წინამდებარე კონვენციას მიუერთდეს მხოლოდ დეპოზიტარისთვის განაცხადის გაგზავნისა და ამ განაცხადზე წევრი სახელმწიფოთა ორი-მესამედის თანხმობის მოპოვების გზით.
ამ სახელმწიფოსთვის კონვენცია ძალაში შევა მიერთების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემის დღეს, რომელიც აღნიშნულის შესახებ აცნობებს გენერალურ მდივანსა და ყველა წევრ სახელმწიფოს.
მუხლი XXI
1. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს წინადადება კონვენციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით. შესწორების შესახებ წინადადება გადაეცემა გენერალურ მდივანს ასამბლეის მომდევნო რიგით სხდომამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე.
2. შესწორების შესახებ წინადადებას განიხილავს ასამბლეა და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრის სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობით. ასამბლეის მიერ შესწორების დამტკიცების შემთხვევაში, ორგანიზაციის გენერალური მდივანი თხოვნით მიმართავს დეპოზიტარს აღნიშნული შესწორება წარუდგინოს ყველა წევრ სახელმწიფოს.
3. შესწორება ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ძალაში შევა სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც დეპოზიტარი მიიღებს წევრის სახელმწიფოების ორი მესამედის მხრიდან შეტყობინებას, რომელიც ადასტურებს შესწორების სავალდებულო ძალას მათთან მიმართებაში.
მუხლი XXII
1. კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შემდგომ, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება დეპოზიტარისთვის არა ნაკლებ ერთი წლით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსაცია ძალაში შევა შეტყობინების ვადის გასვლის შემდგომი წლის 1 იანვარს და ის გულისხმობს ამ სახელმწიფოსთვის ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული ყველა უფლებისა და სარგებლის გაუქმებას.
მუხლი XXIII
წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, მონაკოს სამთავროს მთავრობა უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში, გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად.
შენიშვნა: იხ დანართი A.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერმა სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია მონაკოში, ათას ცხრაას სამოცდაშვიდი წლის სამ მაისს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია და ინახება მონაკოს სამთავროს მთავრობის არქივში, რომელიც დამოწმებულ ასლებს უგზავნის ყველა ხელმომწერ და მიერთებულ მთავრობასა და მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეს.
დანართი A
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენციისა და ზოგადი დებულებების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში რეგისტრაციის მოწმობა
რეგისტაციის მოწმობა N16427
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ:
მონაკოს სამთავროს მთავრობამ,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, სამდივნოში დაარეგისტრირა
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია (ზოგად დებულებებთან ერთად), რომელიც ხელმოწერილია მონაკოში, 1967 წლის 3 მაისს.
რეგისტრაცია განხორციელდა 1970 წლის 22 სექტემბერს,
ნომრით: 10764
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 1971 წლის 25 იანვარს.
მონაკოს სამთავროს მთავრობას
გენერალური მდივანი
[ხელმოწერა]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლი
1🔗. ყოველი ხელშეკრულება და ყოველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ გაფორმდა წინამდებარე წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა დარეგისტრირდეს სამდივნოში და გამოქვეყნდეს მის მიერ.
2. ამგვარი ხელშეკრულების ან საერთაშორისო შეთანხმების ვერც ერთი მხარე, რომელიც არ არის რეგისტრირებული წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვერ დაიმოწმებს ამ ხელშეკრულებას ან შეთანხმებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვერცერთ ორგანოში.