შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019825
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში | 2 |
| დეპარტამენტის უფროსი | 3 |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2 |
| სამმართველოს უფროსი | 2 |
| მთავარი მრჩეველი | 9 |
| მრჩეველი | 2 |
| სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 08.02.2008
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედია კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №116
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში –
სახელმწიფო მინისტრის აპარატი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგენით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
6. სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, ლეონიძის ქ. №3/5.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების წყარო და სიმბოლიკა
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
2. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბლანკებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
6. სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მუხლი 3🔗. საქმიანობის სფერო
სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია;
ბ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის და მისი შთამომავლების ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობა;
ვ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის აღდგენის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა;
ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება;
თ) შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და კოორდინირება.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციები და ამოცანები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმართ სამშვიდობო პროცესის წარმართვა, სამშვიდობო პროცესში საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება და მასში მონაწილეობა;
ბ) ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონული თანამშრომლობა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და კოორდინირება;
ე) საქართველოს მთავრობისათვის შერიგებასა და რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, წარდგენა და კოორდინირება;
ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;
თ) შერიგების, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;
ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;
კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
ლ) შერიგებასთან, რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;
მ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის აღდგენის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა;
ნ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო მინისტრი
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომში –
სახელმწიფო მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი:
ა) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მმართველობას განეკუთვნება;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
გ.ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს (შემდგომში –
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე);
გ.ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
დ) უშუალოდ, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის მეშვეობით, წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
ე) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს თანხმობას;
ვ) წარუდგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;
თ) პასუხისმგებელია სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
კ) დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;
მ) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
1. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით მისი არყოფნის დროს;
გ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
დ) ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო მინისტრის აპარატში დადგენილი თანამდებობები
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
ე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ზ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
თ) დეპარტამენტის უფროსი;
ი) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კ) სამმართველოს უფროსი;
ლ) მთავარი ბუღალტერი;
მ) საქმეთა მმართველი;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი;
ო) იურისტი;
პ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი;
ჟ) მთავარი მრჩეველი;
რ) მრჩეველი.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფები
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
ა.ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო;
ბ) პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
მუხლი 9🔗. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფო მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) სახელმწიფო მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის ან/და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 10🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და პირველადი ანალიზი;
ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო უწყებებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევა;
გ) კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საინიციატივო წინადადებების შემუშავება;
დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა;
ე) სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებზე პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.
მუხლი 11🔗. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოგროვება;
ბ) მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
გ) ანალიტიკური ბარათებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) ცალკეული სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ე) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ანალიზი;
ვ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა;
თ) სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
ი) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი
ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი აღსრულების კოორდინაცია;
ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობა;
ზ) სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
თ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
თ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლი;
მ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ნ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და მათი გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ო) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე სახელმწიფო მინისტრისათვის ან/და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისათვის წინადადებების მომზადება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;
რ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
სტრუქტურა, თანამდებობა
რაოდენობა
სახელმწიფო მინისტრი
1
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
1
სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე
1
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
1
სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე
1
აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
2
დეპარტამენტის უფროსი
3
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2
სამმართველოს უფროსი
2
მთავარი მრჩეველი
9
მრჩეველი
2
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
1
მთავარი ბუღალტერი
1
საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი
1
საქმეთა მმართველი
1
სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
1
იურისტი
1
სულ:
31.