ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2017
ძალის დაკარგვა 21.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019833
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 20.11.2023
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2017 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − „რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონების, „ტექნიკური რეგლამენტის − „რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №189 დადგენილებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად.
2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ძირითად მოთხოვნებს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი.
3. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოში არსებულ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განეკუთვნება მაღალი რადიაციული რისკის ობიექტს.
4. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირებას.
მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ძირითადი მოთხოვნების დადგენა უსაფრთხოების შეფასების სრულყოფილად ჩასატარებლად.
მუხლი 3🔗. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1. ალბათური მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროს განიხილება მაღალი ალბათობის შემთხვევა, რომელსაც გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს განხორციელებულ საქმიანობაზე და მათემატიკური გათვლებით განისაზღვრება ამ შემთხვევის მოხდენის შედეგები.
2. დეტერმინირებული მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება პარამეტრების გარკვეული ცალსახა მნიშვნელობები და რომლის შედეგად მიიღება ცალსახად განსაზღვრული სიდიდეები.
3. დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომელიც ადგენს კონტროლის ზომების სიმკაცრესა და არსებულ პირობებს კონტროლის დაკარგვისა და რისკის დონის ალბათობის შესაბამისად.
4. უსაფრთხოების ანალიზი − შესაძლო საფრთხეების შეფასება, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტთან ან საქმიანობასთან.
5. უსაფრთხოების ფუნქციები − პირობები, რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე ან საქმიანობის განხორციელებისას რადიოლოგიური შედეგების შემცირება ან აღკვეთა ნორმალური ექსპლუატაციის ან/და ავარიის პირობებში.
6. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში.
მუხლი 4🔗. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. უსაფრთხოების შეფასების ძირითადი მიზანია განისაზღვროს, არის თუ არა მიღწეული უსაფრთხოების სათანადო დონე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას და შეესაბამება თუ არა ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს.
2. უსაფრთხოების შეფასება წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის შეფასებას. უსაფრთხოების შეფასება ხორციელდება სისტემატურად, ბირთვული და რადიაციული ობიექტის მთელი სასიცოცხლო ციკლისა და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების მანძილზე.
3. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს/განახლდეს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სასიცოცხლო ციკლისა და პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ სტადიებზე:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ადგილმდებარეობის შერჩევა;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის პროექტის შემუშავება;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მშენებლობა;
დ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის დაწყება;
ე) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის პროექტირების ან/და ექსპლუატაციის მოდიფიცირება;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირების გახანგრძლივება;
ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირების შეწყვეტა;
თ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვა;
ი) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის დასრულება;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის დასრულების შემდეგი ეტაპი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სტადიების გარდა, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასება უნდა ჩატარდეს ექსპლუატაციის განმავლობაში არანაკლებ 10 წლის პერიოდულობით ან/და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით.
5. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს პოტენციური საფრთხის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.
6. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასება უნდა განახორციელოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის მფლობელმა.
მუხლი 5🔗. დიფერენცირებული მიდგომა
უსაფრთხოების შეფასებისას უნდა იქნეს გამოყენებული დიფერენცირებული მიდგომა დეტალიზაციის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული ბირთვული და რადიაციული ობიექტისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლო რადიაციული რისკის მასშტაბის გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასება
1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი საკითხების შესწავლა:
ა) უსაფრთხოების შეფასების მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ექსპერტული ცოდნის, საჭიროებებისა და ინფორმაციის მოძიებას;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და მისი ექსპლუატაციის პროცედურების აღწერა;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის განთავსების ადგილის დახასიათება;
დ) ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მონაცემების აღწერა;
ე) საინჟინრო გეოლოგიური მონაცემები − ინფორმაცია ადგილის გეოფიზიკური მონაცემების, კლდის ფენის მექანიკური რეზისტენტობისა და პენეტრაციის თვისებების შესახებ;
ვ) რადიონუკლიდების შესაძლო მიგრაცია;
ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენების ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების აღწერა;
თ) რეესტრის წარმოება;
ი) მაქსიმალური ჯამური აქტივობის ლიმიტების კონტროლი;
კ) რადიაციული დაცვის ზომების შეფასება, რადიაციული მონიტორინგის გათვალისწინებით;
ლ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის პასუხისმგებელი პირის მონაცემები;
მ) ფიზიკური დაცვის სისტემის აღწერა და დაშვების კონტროლი;
ნ) ინციდენტსა და ავარიაზე რეაგირების გეგმების განხილვა;
ო) რადიოლოგიური რისკების შეფასება, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ექსპლუატაციის, ინციდენტის ან/და ავარიის შედეგად;
პ) მრავალშრიანი დაცვის შეფასება;
ჟ) სამარხის კონსტრუქციის ხანგრძლივი მედეგობის შეფასება;
რ) უსაფრთხოების ფუნქციების შეფასება;
ს) სამარხის საინჟინრო-ტექნიკური ასპექტების შეფასება;
ტ) ადამიანური ფაქტორების შეფასება;
უ) სოციალური ფაქტორების შეფასება;
ფ) უსაფრთხოების შეფასება ხანგრძლივ პერიოდზე.
2. უსაფრთხოების შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ანალიზი.
მუხლი 7🔗. უსაფრთხოების ანალიზი
1. უსაფრთხოების ანალიზში უნდა შეფასდეს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და შესაბამისი საქმიანობა, როგორც ექსპლუატაციის პერიოდში, ასევე ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ ეტაპზეც.
2. უსაფრთხოების ანალიზის ჩატარების მიზანს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ ეტაპზე ინციდენტისა და ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგის გარემოსა და ადამიანზე ზეგავლენის განსაზღვრა.
3. უსაფრთხოების ანალიზი უნდა ჩატარდეს როგორც დეტერმინირებული, ასევე ალბათური მეთოდების გამოყენებით.
4. დეტერმინირებული და ალბათური მეთოდების გამოყენებისას გათვალისწინებული იყოს დიფერენცირებული მიდგომა. უსაფრთხოების ანალიზის ალბათური მეთოდის გამოყენებისას უნდა შეირჩეს მოსალოდნელი შემთხვევის ის მოდელი, რომელიც ხასიათდება მაქსიმალური ალბათობით.
5. უსაფრთხოების ანალიზის განხორციელებისას შეიძლება წარმოიქმნას გარკვეული განუსაზღვრელობები. განუსაზღვრელობების წარმოქმნა განპირობებულია ორი მიზეზით: ანალიზის ალბათური სახე და მონაცემთა არასაკმარისობა დეტერმინირებული მეთოდის გამოყენებისას. ანალიზის წარმოებისას შესაძლო განუსაზღვრელობების წარმოქმნა შეძლებისამებრ უნდა იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე.
6. უსაფრთხოების ანალიზის დროს განიხილება შემდეგი საკითხები:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და მასში განთავსებულ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებსა და მოთხოვნებთან;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის პერიოდში შესაძლო ინციდენტისა და ავარიის შედეგები.
მუხლი 8🔗. უსაფრთხოების შეფასების ანგარიში
1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისა და უსაფრთხოების ანალიზის შედეგები აისახება უსაფრთხოების ანგარიშში.
2. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ყოველი ახალი უსაფრთხოების შეფასების ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში უნდა განახლდეს.
3. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის შეფასების ანგარიში უნდა ინახებოდეს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
4. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ანგარიში დასამტკიცებლად წარედგინება მარეგულირებელ ორგანოს.
5. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ანგარიში არ აკმაყოფილებს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს ანგარიში და ანგარიშის წარმდგენს განუსაზღვროს ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
6. ანგარიშის დამტკიცების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, გასცეს რეკომენდაციები რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ფიზიკური დაცვისა და დაცულობის გასაუმჯობესებლად.
7. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის პროცესში პროცედურების განსასაზღვრად, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაძლო ინციდენტებსა და ავარიებზე რეაგირების განსახორციელებლად;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის საჭირო კომპეტენციის პერსონალის განსასაზღვრად;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მიდგომის დასანერგად.