კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და შპს ,,EKO GEORGIA’’-ს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1549
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1549

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

2017 წლის 8 თებერვალი

ქ.  ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „EKO GEORGIA“ (ს/კ 445415122)

წარმომადგენელი: დავით ტუკვაძე

მოთხოვნა -  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

განმცხადებელი (კრედიტორი) - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების და შპს „EKO GEORGIA„-ს გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,

 

გამოარკვია:

 

შპს „EKO GEORGIA“-ს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა დავით ტუკვაძემ და აღნიშნა შემდეგი: შპს ,,EKO GEORGIA’’-ს აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ 84270 ლარის ოდენობით, კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში სს საქართველოს ბანკში და სს „იშ ბანკში“, სადაც თანხები არ ერიცხება, კომპანიას უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, არ ჰყავს დებიტორები.

განმცხადებელმა მოითხოვა შპს „EKO GEORGIA“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით  შპს „EKO GEORGIA“-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „EKO GEORGIA“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

   

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 21 სექტემბერს.

2016 წლის 7 ოქტომბერს (იხ. კონვერტი) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ შპს ,,EKO GEORGIA’’-ს ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 345,000 ლარი (პირგასამტეხლო) და 201 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა განცხადების წარმოებაში მიღება და შპს ,,EKO GEORGIA’’-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების მიზნით სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ს. „ბანკი რესპუბლიკა” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის №GE74BR0000010517463483 GEL) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

დასახელებული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩაჰბარდა 2016 წლის 19 ოქტომბერს.

2016 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.

2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. შპს „EKO GEORGIA“-ს მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.

დასახელებული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა 2017 წლის 12 იანვარს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.

დასახელებული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჩაჰბარდა 2017 წლის 25 იანვარს.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში,  ხოლო მოვალე შპს „EKO GEORGIA“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.  

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად შპს „EKO GEORGIA“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვას შპს „EKO GEORGIA“-ს (ს/კ 445415122) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს „EKO GEORGIA“ (ს/კ 445415122) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ,,EKO GEORGIA’’-ს რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე:                                                                    გენადი მაკარიძე