„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“
მიღების თარიღი 27.11.2014
ძალაში შესვლა 22.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №27112014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016469
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი
2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
გენერალური საბჭო;
ითვალისწინებს რა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების მე-10 მუხლის პირველ პუნქტს („მსო-ის შეთანხმება“);
ახორციელებს რა მინისტრთა კონფერენციის ფუნქციებს მსო-ის შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგენილი შეხვედრების შუალედში;
ეყრდნობა რა გენერალური საბჭოს 2004 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ამავე გადაწყვეტილების D დანართში მოცემული დებულებების საფუძველზე, ასევე მინისტრთა კონფერენციის 2013 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ცვლილების ოქმის („ოქმი“) შემუშავების შესახებ ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების მსო-ის შეთანხმების 1A დანართში ჩამატებასთან დაკავშირებით;
ეყრდნობა რა 2001 წლის 20 ნოემბრის დოჰას მინისტრთა დეკლარაციის 47-ე პუნქტს;
ეყრდნობა რა დოჰას მინისტრთა დეკლარაციის მე-2 და მე-3 პუნქტებს, 2004 წლის აგვისტოს გენერალური საბჭოს გადაწყვეტილებას და ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების მე-13.2 მუხლს, რომელიც ეხება განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების დებულებათა იმპლემენტაციის მიზნით ცნობადობის ამაღლების მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
მიესალმებიან რა გენერალური დირექტორის განცხადებას, მსო-ის არსებულ სტრუქტურაში „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის“ (Trade Facilitation Agreement Facility) ჩამოყალიბების თაობაზე, რათა კოორდინაცია გაუწიოს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წევრები გამოხატავენ მსო-ის მიმართ ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების დებულებათა განხორციელებისთვის დამატებითი მხარდაჭერის მიზნით და რათა გამარტივდეს მხარდაჭერის შესაბამისობა D დანართსა და მხარდაჭერის უზრუნველმყოფელ სააგენტოებთან;
ითვალისწინებს რა ვაჭრობის ხელშეწყობის მოსამზადებელი კომიტეტის (WT/L/931) მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას;
შენიშნავენ რა კონსენსუსს შემოთავაზებული ცვლილების წევრებისთვის დასამტკიცებლად წარდგენასთან დაკავშირებით;
იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
1. მსო-ის ცვლილების ოქმი, რომელიც თან ერთვის ამ გადაწყვეტილებას არის დამტკიცებული და წარედგინება წევრებს დასამტკიცებლად.
2. ოქმი არის გახსნილი დასამტკიცებლად წევრების მიერ.
3. ოქმი შევა ძალაში მსო-ის შეთანხმების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა თანახმად.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი
მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები;
მიმართავენ რა ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებას;
ითვალისწინებენ რა გენერალური საბჭოს გადაწყვეტილებას (WT/L/940) დამტკიცებულს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების („მსო-ის შეთანხმება“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
თანხმდებიან შემდეგზე:
1. მსო-ის შეთანხმების 1A დანართი, მე-4 პუნქტის თანახმად ამ ოქმის ძალაში შესვლისას, შესწორდება ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების ჩამატებით, როგორც ამ ოქმის დანართშია მოცემული, დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შემდეგ;
2. დათქმები, დაკავშირებული ამ ოქმის ნებისმიერ დებულებასთან, ვერ განხორციელდება სხვა წევრების თანხმობის გარეშე;
3. ეს ოქმი გახსნილია დასამტკიცებლად;
4. ეს ოქმი ძალაში შედის მსო-ის შეთანხმების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად;
5. ამ ოქმის დეპოზიტარია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს თითოეულ წევრს დამოწმებულ ასლს და თითოეული დამტკიცების შესახებ შეტყობინებას მე-3 პუნქტის შესაბამისად;
6. ეს ოქმი დარეგისტრირდება გაეროს წესდების 102-ე მუხლის დებულებათა თანახმად;
შესრულებულია ჟენევაში ორი ათას თოთხმეტი წლის ნოემბრის ოცდამეშვიდე დღეს, ერთ ასლად ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და თითოეული ტექსტი ავთენტურია.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის
დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების
ცვლილების ოქმის დანართი
შეთანხმება ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ*
პრეამბულა
წევრები,
ითვალისწინებენ რა მოლაპარაკებათა დაწყებას დოჰას მინისტრთა დეკლარაციის ფარგლებში;
ეყრდნობიან და ადასტურებენ რა დოჰას მინისტრთა დეკლარაციის 27-ე პუნქტში მითითებულ მანდატსა და პრინციპებს (WT/MIN(01)/DEC/1), და დოჰას სამუშაო პროგრამის გადაწყვეტილების D დანართს, რომელიც გენერალური საბჭოს მიერ დამტკიცდა 2004 წლის 1 აგვისტოს (WT/L/579), ასევე ჰონგ-კონგის მინისტრთა დეკლარაციის 33-ე პუნქტსა და E დანართს (WT/MIN(05)/DEC);
სურთ რა უფრო გასაგები გახადონ და გააუმჯობესონ ტარიფებისა და ვაჭრობის 1994 წლის გენერალური შეთანხმების (GATT 1994) V, VIII და X მუხლების შესაბამისი ასპექტები, რათა შემდგომში უფრო დაჩქარდეს საქონლის გადაადგილება, გაშვება და განბაჟება, მათ შორის საქონლის ტრანზიტი;
აღიარებენ რა განვითარებადი და განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული წევრების განსაკუთრებულ საჭიროებებს და სურთ რა გააძლიერონ დახმარება და მხარდაჭერა აღნიშნულ სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების მიზნით;
აღიარებენ რა ვაჭრობის ხელშეწყობასა და საბაჟო წესების შესრულების საკითხებზე წევრებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საჭიროებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
კარი I
მუხლი 1🔗. ინფორმაციის გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა
1. გამოქვეყნება
1.1 თითოეული წევრი დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს შემდეგი სახის ინფორმაციას, რომელიც იქნება არადისკრიმინაციულად გამოქვეყნებული და ადვილად ხელმისაწვდომი მთავრობებისთვის, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლითაც მათთვის ცნობილი გახდება:
(a) საქონლის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის პროცედურების (მათ შორის პორტებში, აეროპორტებსა და სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებში მოქმედი პროცედურების შესახებ) და აუცილებელი ფორმებისა და დოკუმენტების შესახებ;
(b) საქონლის შემოტანაზე ან გატანაზე, ან მასთან დაკავშირებით დაწესებული ნებისმიერი საბაჟო გადასახდელისა და გადასახადის განაკვეთის შესახებ;
(c) მოსაკრებლებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დაწესებულია სამთავრობო ორგანოების მიერ ან მათთვის, საქონლის შემოტანაზე, გატანაზე ან ტრანზიტზე, ან მასთან დაკავშირებით;
(d) საბაჟო მიზნებისთვის საქონლის კლასიფიკაციისა ან ღირებულების განსაზღვრის წესების შესახებ;
(e) საქონლის წარმოშობის წესებთან დაკავშირებით კანონების, რეგულაციებისა და ზოგადი ხასიათის ადმინისტრაციული აქტების შესახებ;
(f) საიმპორტო, საექსპორტო ან სატრანზიტო შეზღუდვების ან აკრძალვების შესახებ;
(g) საჯარიმო სანქციები საიმპორტო, საექსპორტო ან სატრანზიტო ფორმალობების დარღვევის შესახებ;
(h) გასაჩივრების ან გადასინჯვის პროცედურების შესახებ;
(i) ნებისმიერ ქვეყანასთან ან ქვეყნებთან საქონლის შემოტასთან, გატანასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებების ან მათი ნაწილის შესახებ; და
(j) სატარიფო ქვოტების დაწესების პროცედურების შესახებ.
1.2 არც ერთი ზემოაღნიშნული პუნქტი არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოსდა იგი ითვალისწინებდეს ინფორმაციის გამოქვეყნებას ან მიწოდებას წევრის ენის გარდა რომელიმე სხვა ენაზე, გარდა 2.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომი ინფორმაცია
2.1 თითოეული წევრი ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომს გახდის და საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, განაახლებს შემდეგი სახის ინფორმაციას:
(a) საქონლის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის პროცედურების, მათ შორის გასაჩივრების ან გადასინჯვის პროცედურების აღწერილობა[1], რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამთავრობო ორგანოების, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, საქონლის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის განხორციელების მიზნით საჭირო პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ;
(b) ფორმები და დოკუმენტები, რაც საჭიროა წევრს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის, წევრის ტერიტორიიდან გატანის ან წევრის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის განხორციელების მიზნით;
(c) საცნობარო პუნქტ(ებ)ის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია.
2.2 შესაძლებლობის შემთხვევაში, 2.1 (a) ქვეპუნქტში მითითებული აღწერა ასევე წარმოდგენილი იქნება მსო-ის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
2.3 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადონ ვაჭრობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციაც, ვაჭრობის მარეგულირებელი შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების და 1.1 პუნქტში მითითებული სხვა მონაცემების ჩათვლით.
3. საცნობარო პუნქტები
3.1 თითოეული წევრი, მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, შექმნის ან შეინარჩუნებს ერთ ან მეტ საცნობარო პუნქტს, რომლებიც სამთავრობო ორგანოებს, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას 1.1. პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე უზრუნველყოფს 1.1(a) ქვეპუნქტში მითითებულ საჭირო ფორმებსა და დოკუმენტებს.
3.2 წევრებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საბაჟო კავშირში, ან მონაწილეობენ რეგიონული ინტეგრაციის პროცესში, შეუძლიათ შექმნან ან შეინარჩუნონ საერთო საცნობარო პუნქტები რეგიონულ დონეზე, რათა დააკმაყოფილონ 3.1 პუნქტის მოთხოვნა საერთო პროცედურების განხორციელების მიზნით.
3.3 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია არ დააწესონ მოსაკრებელი ინფორმაციის, ასევე ფორმებისა და დოკუმენტების გაცემისთვის. ამგვარი მოსაკრებლის ან საფასურის დაწესების შემთხვევაში კი, წევრები მის ოდენობას განსაზღვრავენ გაწეული მომსახურების მიახლოებითი ღირებულებით.
3.4 საცნობარო პუნქტები გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას, ასევე ფორმებსა და დოკუმენტებს თითოეული წევრის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია მოთხოვნის არსსა ან სირთულეზე.
4. შეტყობინება
თითოეული წევრი ვაჭრობის ხელშეწყობის მოსამზადებელ კომიტეტს, რომელიც შექმნილია 23-ე მუხლის 1.1 პუნქტის საფუძველზე (წინამდებარე შეთანხმებით შემდგომში „კომიტეტად“ წოდებული), შეატყობინებს შემდეგი სახის ინფორმაციას:
(a) ოფიციალური ადგილ(ებ)ი, სადაც გამოქვეყნდება 1.1(a) – (j) ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები;
(b) 2.1 პუნქტში მითითებული ვებგვერდ(ებ)ის მისამართების რესურსების ერთიანი მაჩვენებლები (URLs); და
(c) 3.1 პუნქტში მითითებული საცნობარო პუნქტების საკონტაქტო ინფორმაცია.
მუხლი 2🔗. საკანონმდებლო ცვლილებაზე შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობა, ინფორმაცია მისი ძალაში შესვლამდე და კონსულტაციები
1. საკანონმდებლო ცვლილებაზე შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობა და ინფორმაცია მისი ძალაში შესვლამდე
1.1 თითოეული წევრი, შესაძლებლობების ფარგლებში და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან და სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობის დაცვით, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მისცემს შესაძლებლობას და შესაბამის ვადას, რათა მათ გააკეთონ შენიშვნები საქონლის გადაადგილებასთან, გაშვებასთან და გაფორმებასთან, მათ შორის საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებულ ზოგადი ხასიათის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში შეთავაზებულ ან შეტანილ ცვლილებებზე.
1.2 თითოეული წევრი, შესაძლებლობების ფარგლებში და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან და სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობის დაცვით, უზრუნველყოფს საქონლის გადაადგილებასთან, გაშვებასთან და გაფორმებასთან, მათ შორის საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებული ახალი ან შესწორებული ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებას, ან მათთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, მათ ძალაში შესვლამდე, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში, რათა ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ.
1.3 1.1 და 1.2 პუნქტები არ ვრცელდება საბაჟო გადასახდელის განაკვეთებში ან სატარიფო განაკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა ზომებს გააჩნია შემამსუბუქებელი შედეგი, ზომებზე, რომელთა ეფექტიან განხორციელებას ხელი შეეშლება 1.1 ან 1.2 პუნქტების შესრულების შედეგად, ზომებზე, რომლებიც გამოიყენება საგანგებო გარემოებებში, ან შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და სამართლებრივ სისტემაში შეტანილ უმნიშვნელო ცვლილებებზე.
2. კონსულტაციები
საჭიროებისამებრ, თითოეული წევრი უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე რეგულარული კონსულტაციების გამართვას სასაზღვრო სამსახურებს, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებს ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
მუხლი 3🔗. წინასწარი გადაწყვეტილებები
1. თითოეული წევრი დროულად და შესაბამისი დასაბუთებით გამოიტანს წინასწარ გადაწყვეტილებას განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც შეიცავს ყველა სახის აუცილებელ ინფორმაციას. თუ წევრი უარს იტყვის წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ის დაუყოვებლივ და წერილობით აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ და მიუთითებს შესაბამის ფაქტებსა და უარის საფუძველს.
2. წევრს შეუძლია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების მიღებაზე, თუ განმცხადებლის მოთხოვნაში დასმული საკითხი:
(a) უკვე გადაეცა განსახილველად რომელიმე სამთავრობო ორგანოს, სააპელაციო ტრიბუნალს; ან
(b) უკვე გადაწყვეტილ იქნა სააპელაციო ტრიბუნალის მიერ.
3. წინასწარი გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოტანიდან გონივრული ვადის განმავლობაში, თუ არ შეიცვლება ის კანონი, ფაქტები ან გარემოებები, რომელთა საფუძველზეც გამოტანილ იქნა ამგვარი გადაწყვეტილება.
4. თუ წევრი გააუქმებს, შეცვლის ან ბათილად ცნობს წინასწარ გადაწყვეტილებას, ის წერილობით აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ და მიუთითებს შესაბამისი ფაქტებსა და საფუძველს. უკუქცევითი ძალის მქონე წინასწარი გადაწყვეტილების გააუქმება, შეცვლა ან ბათილად ცნობა წევრს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასრული, არასწორი, გაყალბებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის საფუძველზე.
5. წევრის მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად წევრისთვის იმ განმცხადებელთან მიმართებაში, რომელმაც მოითხოვა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. წევრმა შესაძლებელია უზრუნველყოს ის, რომ წინასწარი გადაწყვეტილება სავალდებულო იყოს შესასრულებლად განმცხადებლისთვისაც.
6. თითოეული წევრი ვალდებულია გამოაქვეყნოს შემდეგი სახის მინიმალური ინფორმაცია:
(a) წინასწარი გადაწყვეტილების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის საჭირო ინფორმაცია და ფორმატი;
(b) წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის ვადა; და
(c) წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
7. თითოეული წევრი, გამცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს წინასწარი გადაწყვეტილების გადასინჯვას, ან გადაწყვეტილების მიღებას წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმების, შესწორების ან ბათილად ცნობის შესახებ[2].
8. თითოეული წევრი შეეცდება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც ის მიიჩნევს დაინტერესებული მხარეებისთვის მნიშვნელოვნად, კომერციული საიდუმლოების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით.
9. განსაზღვრებები და მოქმედების სფერო:
(a) წინასწარი გადაწყვეტილება წარმოადგენს წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც წევრს გამოაქვს განმცხადებლისთვის განაცხადში მითითებული საქონლის შემოტანამდე, და რომელშიც აღნიშნულია, თუ რა სახის პროცედურებს განახორციელებს წევრი საქონლის შემოტანის დროს, რაც დაკავშირებულია:
(i) საქონლის სატარიფო კლასიფიკაციასთან, და
(ii) საქონლის წარმოშობის დადგენასთან[3].
(b) (a) ქვეპუნქტში მითითებულ წინასწარ გადაწყვეტილებებთან ერთად, წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია წინასწარი გადაწყვეტილებები გამოიტანონ შემდეგ საკითხებზეც:
(i) შესაბამისი მეთოდი ან კრიტერიუმები და მათი გამოყენება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას;
(ii) წევრის პირობების გამოყენება საბაჟო გადასახდელების შემცირებასთან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
(iii) წევრის პირობების გამოყენება ქვოტებთან დაკავშირებით, სატარიფო ქვოტების ჩათვლით; და
(iv) ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელთან მიმართებაშიც წევრი საჭიროდ მიიჩნევს წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანას.
(c) განმცხადებელი წარმოადგენს ექსპორტიორს, იმპორტიორს ან შესაბამისი მოტივის მქონე ნებისმიერ პირს ან მათ წარმომადგენელს.
(d) წევრმა შეიძლება განმცხადებელს მოსთხოვოს თავის ტერიტორიაზე იურიდიული წარმომადგენლობის ან რეგისტრაციის ქონა. შესაძლებლობის ფარგლებში, ამგვარი მოთხოვნები არ უნდა ზღუდავდეს იმ პირთა კატეგორიას, რომლებსაც უფლება აქვთ მოითხოვონ წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. ამგვარი მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გამჭვირვალე, და არ უნდა ქმნიდეს თვითნებური ან გაუმართლებელი დისკრიმინაციის საფუძველს.
მუხლი 4🔗. გასაჩივრების ან გადასინჯვის პროცედურები
1. თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ის პირი, რომლის მიმართაც საბაჟო ორგანო გამოიტანს ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას[4], თავისი ტერიტორიის ფარგლებში სარგებლობდეს:
(a) გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების, ან ზემდგომი ან გადაწყვეტილების გამომტანი მოხელის ან სამსახურისგან დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გადასინჯვის უფლებით;
ან/და
(b) გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ან გადასინჯვის უფლებით.
2. წევრის კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებას ან გადასინჯვას მისი სასამართლო წესით გასაჩივრებამდე ან გადასინჯვამდე.
3. თითოეული წევრი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გადასინჯვის პროცედურების არადსიკრიმინაციულ საფუძველზე განხორციელებას.
4. თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ თუ 1(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გასაჩივრების ან გადასინჯვის შესახებ არ იქნა გამოტანილი
(a) თავისი კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ ვადებში; ან
(b) გაჭიანურების გარეშე
განმცხადებელს ჰქონდეს შემდგომი გასაჩივრების ან შემდგომი გადასინჯვის უფლება ადმინისტრაციული ან სასამართლო ორგანოს მიერ, ან სასამართლო ორგანოსთვის ნებისმიერი სხვა ფორმით მიმართვის უფლება.[5]
5. თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ 1-ლ პუნქტში მითითებულ პირს განემარტოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რაც ამ პირს მისცემს შესაძლებლობას, აუცილებლობიდან გამომდინარე, მიმართოს გასაჩივრების ან გადასინჯვის პროცედურებს.
6. თითოეულ წევრს ეძლევა რეკომენდაცია წინამდებარე მუხლის დებულებები გამოიყენოს შესაბამისი სასაზღვრო ორგანოს, გარდა საბაჟო ორგანოსი, მიერ გამოტანილი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმართ.
მუხლი 5🔗. მიუკერძოებლობის გაძლიერების, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა ზომები
1. შეტყობინებები კონტროლის ან შემოწმების გაძლიერების შესახებ
თუ წევრი ამოქმედებს ან შეინარჩუნებს სისტემას, რომელიც ითვალისწინებს თავისი შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინებების ან ინსტრუქციების გაგზავნას, რომლებიც შეეხება ამ შეტყობინებებში ან ინსტრუქციებში მითითებული საკვები პროდუქტების, სასმელების ან ცხოველთა საკვების სასაზღვრო კონტროლის ან შემოწმების გაძლიერებას, თავის ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის, ან მცენარეთა დაცვის მიზნით, შეტყობინებების ან ინსტრუქციების გაცემასთან, გაუქმებასთან ან მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით იმოქმედებს შემდეგი წესები:
(a) თითოეულ წევრს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, გასცეს შეტყობინება ან ინსტრუქცია რისკზე დაყრდნობით;
(b) თითოეულ წევრს შეუძლია გასცეს შეტყობინება ან ინსტრუქცია, რომლებიც გამოიყენება ერთგვაროვანი წესით მხოლოდ იმ საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართ, სადაც მოქმედებს ის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული პირობები, რომლებზე დაყრდნობითაც გაიცა შეტყობინება ან ინსტრუქცია;
(c) წევრი დაუყოვნებლივ გააუქმებს ან მოქმედებას შეუჩერებს შეტყობინებას ან ინსტრუქციას, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომელთა გამოც გაიცა ეს შეტყობინება ან ინსტრუქცია, ან თუ შეცვლილი გარემოებები იძლევა საკითხის გადაწყვეტის საშუალებას ვაჭრობისთვის ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებების გატარების გზით; და
(d) თუ რომელიმე წევრი გადაწყვეტს შეტყობინების ან ინსტრუქციის გაუქმებას ან მოქმედებას შეჩერებას, საჭიროებისამებრ, ის დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ცნობას გაუქმების ან მოქმედების შეჩერების შესახებ, არადისკრიმინაციული და ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით, ან აღნიშნულის შესახებ აცნობებს ექსპორტიორ წევრს ან იმპორტიორს.
2. დაკავება
წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს გადამზიდველს ან იმპორტიორს შემოტანისათვის დეკლარირებული საქონლის დაკავების შესახებ, საბაჟო ან ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ მისი შემოწმების მიზნით.
3. სატესტო პროცედურები
3.1 წევრს შეუძლია, მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს მეორე ტესტის ჩატარების შესაძლებლობა, თუ შემოტანისას დეკლარირებული საქონლის ნიმუშზე გაკეთებული პირველი ტესტის შედეგი აღმოჩნდება უარყოფითი.
3.2 წევრი არადისკრიმინაციული და ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით გამოაქვეყნებს იმ ლაბორატორიის დასახელებასა და მისამართს, სადაც შესაძლებელია ტესტის ჩატარება, ან ამ ინფორმაციას მიაწვდის იმპორტიორს, თუ მას მინიჭებული აქვს 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
3.3 საქონლის გაშვებისა და გაფორმების პროცესში წევრი გაითვალისწინებს 3.1 პუნქტის ფარგლებში განხორციელებული მეორე ტესტის შედეგს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს ასეთი ტესტის შედეგები.
მუხლი 6🔗. საქონლის შემოტანაზე ან გატანაზე ან მასთან დაკავშირებით დაწესებული საბაჟო მოსაკრებლებისა და საფასურების მარეგულირებელი წესები
1. საქონლის შემოტანაზე ან გატანაზე, ან მასთან დაკავშირებით დაწესებული საბაჟო მოსაკრებლებისა და საფასურების მარეგულირებელი ზოგადი წესები
1.1 1 პუნქტის დებულებები ვრცელდება ყველა იმ მოსაკრებელსა და საფასურზე, გარდა იმპორტისა და ექსპორტის დროს დაწესებული საბაჟო გადასახდელებისა და GATT 1994-ის III მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისა, რომლებსაც წევრები აწესებენ საქონლის შემოტანაზე ან გატანაზე, ან მასთან დაკავშირებით.
1.2 ინფორმაცია მოსაკრებლებისა და საფასურების შესახებ გამოქვეყნდება 1-ლი მუხლის შესაბამისად. ეს ინფორმაცია მოიცავს გამოსაყანებელ მოსაკრებლებსა და საფასურებს, ამგვარი მოსაკრებლებისა და საფასურების გამოყენების საფუძველს, პასუხისმგებელ ორგანოს და როდის და როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა.
1.3 ახალი ან შესწორებული მოსაკრებლებისა და საფასურების გამოქვეყნებასა და ძალაში შესვლას შორის დაცული უნდა იქნეს დროის ადეკვატური პერიოდი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ამგვარი მოსაკრებლები და საფასურები არ გამოიყენება მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებამდე.
1.4 თითოეული წევრი პერიოდულად გადასინჯავს თავის მოსაკრებლებსა და საფასურებს, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობისა და ნაირსახეობის შემცირების მიზნით.
2. საბაჟო გაფორმებასთან ან საქონლის შემოტანასთან და გატანასთან დაკავშირებით დაწესებული საბაჟო მოსაკრებლებისა და საფასურების მარეგულირებელი სპეციალური წესები
2.1. საბაჟო გაფორმების მოსაკრებლები და საფასურები:
(i) უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ საიმპორტო ან საექსპორტო ოპერაციასთან დაკავშირებით გაწეულ მომსახურებათა მიახლოებით ღირებულებას; და
(ii) სავალდებულო არ არის ებმოდეს კონკრეტულ საიმპორტო ან საექსპორტო ოპერაციას, თუ ისინი დაწესებულია იმ მომსახურებებზე, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული საქონლის საბაჟო გაფორმებასთან.
3. ჯარიმების მარეგულირებელი წესები
3.1 3 პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „ჯარიმები“ ნიშნავს წევრის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ წევრის საბაჟო კანონების, რეგულაციების ან პროცედურული მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმებს.
3.2 თითოეული წევრი თავისი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ საბაჟო კანონონმდებლობის, რეგულაციის ან პროცედურული მოთხოვნის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები დაეკისროს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომელმაც (რომლებმაც) ჩაიდინეს დარღვევა.
3.3 დაწესებული ჯარიმა დამოკიდებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ის თანაბარზომიერი უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის ხარისხისა და სიმძიმისა.
3.4 თითოეული წევრი უზრუნველყოფს ზომების გატარებას იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს:
(a) ინტერესთა კონფლიქტი ჯარიმებისა და საბაჟო გადასახდელების ოდენობის განსაზღვრასა და გადახდევინების დროს;
(b) ისეთი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდევინების სტიმულირება, რომელიც შეუსაბამოა 3.3 პუნქტთან.
3.5 თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ საბაჟო კანონების, რეგულაციების ან პროცედურული მოთხოვნების დარღვევისთვის სასჯელის დაწესების შემთხვევაში, წერილობითი ახსნა-განმარტება წარედგინოს იმ პირ(ებ)ს, რომელსაც (რომლებმაც) დაეკისრა ჯარიმა, და დაზუსტდეს დარღვევის სახეობა და მოქმედი კანონი, რეგულაცია ან პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ჯარიმის ოდენობა ან ტიპი.
3.6 საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დარღვევის გამოაშკარავებამდე, თუ პირი ნებაყოფილობით გაუმჟღავნებს წევრის საბაჟო ადმინისტრაციას საბაჟო კანონის, რეგულაციის ან პროცედურული მოთხოვნის დარღვევის გარემოებებს, წევრს ეძლევა რეკომენდაცია, საჭიროების შემთხვევაში ეს ფაქტი განიხილოს როგორც შესაძლო შემამსუბუქებელი გარემოება აღნიშნული პირისთვის ჯარიმის დაკისრებისას.
3.7 ამ პუნქტის დებულებები გავრცელდება სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, როგორც ეს მითითებულია 3.1 პუნქტში.
მუხლი 7🔗. საქონლის გაშვება და გაფორმება
1. ინფორმაციის წინასწარი დამუშავება
1.1 თითოეული წევრი აამოქმედებს ან შეინარჩუნებს პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებს იმპორტის განხორციელებისთვის დოკუმენტაციისა და სხვა სავალდებულო ინფორმაციის, მათ შორის მანიფესტების წარდგენას, რათა ინფორმაციის დამუშავების პროცესი დაიწყოს საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენამდე, რაც ხელს შეუწყობს საქონლის წარდგენის შემდეგ მისი გაშვების პროცესის დაჩქარებას.
1.2 საჭიროების შემთხვევაში, წევრები უზრუნველყოფენ დოკუმენტების წინასწარ ჩაბარებას ელექტრონული ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის ამგვარი დოკუმენტების წინასწარ დამუშავებას.
2. ელექტრონული გადახდა
თითოეული წევრი, შესაძლებლობის ფარგლებში, აამოქმედებს ან შეინარჩუნებს პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებს საქონლის შემოტანასთან და გატანასთან დაკავშირებით დაწესებული საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების საბაჟო ორგანოსთვის ელექტრონულად გადახდის შესაძლებლობას.
3. საქონლის გაშვების გამიჯვნა საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების საბოლოო განსაზღვრისაგან
3.1 თითოეული წევრი აამოქმედებს ან შეინარჩუნებს პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებს საქონლის გაშვებას საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების საბოლოო განსაზღვრამდე, თუ ამგვარი განსაზღვრა არ განხორციელდა საქონლის მისვლამდე, მისვლისთანავე, ან მისვლის შემდეგ უმოკლეს ვადებში, და იმ პირობით, თუ შესრულებულია ყველა სხვა სავალდებულო მოთხოვნა.
3.2 საქონლის გაშვების წინაპირობის სახით წევრს შეუძლია მოითხოვოს:
(a) საქონლის მისვლამდე ან მისვლისთანავე განსაზღვრული საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების გადახდა და გარანტიის წარდგენა ნებისმიერ თანხაზე, რომელიც ჯერ არ არის განსაზღვრული, თავდებობის, სადეპოზიტო შენატანის ან თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით;
(b) გარანტიის წარდგენა თავდებობის, სადეპოზიტო შენატანის ან თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით.
3.3 ამგვარი გარანტია არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელსაც წევრი ითხოვს საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იმ საქონელზე, რომელსაც ფარავს გარანტია.
3.4 თუ გამოვლინდა სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს ფულადი ჯარიმის ან საურავის გადახდას, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს გარანტია ამგვარი ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.
3.5 3.2 და 3.4 პუნქტებში მითითებული გარანტია დაბრუნდება, როგორც კი ის აღარ იქნება საჭირო.
3.6 არცერთი ზემოაღნიშნული პუნქტი არ ზღუდავს წევრის უფლებას შეამოწმოს, დააკავოს, ამოიღოს ან კონფისკაცია ჩაუტაროს ან მიიღოს სხვა სახის ზომები საქონლის მიმართ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მსო-ს ფარგლებში წევრის უფლებებსა და მოვალეობებს.
4. რისკების მართვა
4.1 თითოეული წევრი, შესაძლებლობის ფარგლებში, აამოქმედებს ან შეინარჩუნებს რისკების მართვის სისტემას საბაჟო კონტროლის მიზნებისთვის.
4.2 თითოეული წევრი შეიმუშავებს და გამოიყენებს რისკების მართვის სისტემას, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას ან საერთაშორისო ვაჭრობისთვის შენიღბული შეზღუდვების შექმნას.
4.3 თითოეული წევრი საბაჟო კონტროლს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვა სახის სასაზღვრო კონტროლს განსაკუთრებით განახორციელებს მაღალი რისკის საქონლის პარტიებზე და დააჩქარებს დაბალი რისკის საქონლის პარტიების გაშვებას. რისკების მართვის სისტემის ფარგლებში წევრს ასევე შეუძლია გამოიყენოს საქონლის პარტიების შერჩევითი კონტროლი.
4.4 თითოეული წევრი რისკების მართვას განახორციელებს რისკების შეფასებაზე დაყრდნობით, შესაბამისი შერჩევითი კრიტერიუმების გამოყენებით. ეს შერჩევითი კრიტერიუმები მათ შორის შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდს, საქონლის ტიპსა და აღწერას, წარმოშობის ქვეყანას, გამგზავნ ქვეყანას, საქონლის ღირებულებას, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების მხრიდან ვალდებულებათა შესრულების ისტორიასა და სატრანსპორტო საშუალების სახეობას.
5.საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება
5.1 საქონლის გაშვების დაჩქარების მიზნით თითოეული წევრი აამოქმედებს ან შეინარჩუნებს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სისტემას, რათა უზრუნველყოს საბაჟო და სხვა შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობა.
5.2 თითოეული წევრი საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებას ჩაუტარებს პირს ან საქონლის პარტიას, რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მოიცავდეს შესაბამის შერჩევით კრიტერიუმებსაც. თითოეული წევრი საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებას ჩაატარებს გამჭვირვალედ. თუ შემოწმება ტარდება პირის მიმართ და შემოწმების შედეგები ითვლება საბოლოოდ, წევრ პირს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნული შედეგების, პირის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე შედეგების საფუძვლებს.
5.3 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდგომ ადმინისტრაციულ ან სასამართლო წარმოებაში.
5.4 წევრები, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგს გამოიყენებენ რისკების მართვის პროცესში.
6. საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს დახარჯული საშუალო დროის გაზომვის განსაზღვრა და გამოქვეყნება
6.1 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია პერიოდულად და თანმიმდევრულად განსაზღვრონ და გამოაქვეყნონ საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს დახარჯული საშუალო დროის გაზომვა, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს დახარჯული დროის გაზომვის კვლევა (წინამდებარე შეთანხმებით შემდგომში „მსოდ“ წოდებული)[6].
6.2 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია კომიტეტს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს დახარჯული საშუალო დროის გაზომვის განსაზღვრაში, ასევე ამ მიზნით გამოყენებული მეთოდოლოგიის, გამოვლენილი დაბრკოლებებისა და ეფექტიანობის ხელშემწყობი ნებისმიერი ფაქტორების შესახებ.
7. ვაჭრობის ხელშეწყობის ზომები უფლებამოსილი ოპერატორებისთვის
7.1 7.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეული წევრი შესთავაზებს ვაჭრობის ხელშეწყობის დამატებით ზომებს, რომლებიც შეეხება იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის ფორმალობებსა და პროცედურებს, იმ ოპერატორებს, რომლებიც პასუხობენ კონკრეტულ კრიტერიუმებს, შემდგომში უფლებამოსილ ოპერატორებად წოდებულნი. ალტერნატივის სახით, წევრს შეუძლია ამგვარი ხელშეწყობის ზომები უზრუნველყოს იმ საბაჟო პროცედურების მეშვეობით, რომლებიც ყველა ოპერატორისთვის ხელმისაწვდომია და არ არის ვალდებული შეიმუშავოს ცალკე სქემა.
7.2 უფლებამოსილი ოპერატორის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით, სპეციფიკური კრიტერიუმები უნდა დაკავშირებულ იქნეს წევრის კანონებში, რეგულაციებში ან პროცედურებში მითითებული მოთხოვნების შესრულებასთან ან შეუსრულებლობის რისკსთან.
(a) ასეთი კრიტერიუმები, რომლებიც გამოქვეყნდება, შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
(i) საბაჟო და სხვა შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესრულების შესაბამის ანგარიშს;
(ii) ანგარიშების მართვის სისტემას აუცილებელი შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით;
(iii) გადახდისუნარიანობას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკმარისი უზრუნველყოფის/გარანტიის წარდგენას; და
(iv) მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებას.
(b) ასეთი კრიტერიუმები არ უნდა:
(i) იქნეს ისეთი ფორმით შემუშავებული ან გამოყენებული, რომ შესაძლებელი გახდეს თვითნებური ან უსაფუძვლო დისკრიმინაცია იმ ოპერატორთა მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან; და
(ii) შესაძლებლობის ფარგლებში, ზღუდავდეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მონაწილეობას.
7.3 ვაჭრობის ხელშეწყობის ზომები, რომლებსაც ითვალისწინებს 7.1 პუნქტი, უნდა მოიცავდეს ქვემოთ მითითებულ არანაკლებ სამ შემდეგ ზომას[7]:
(a) შეძლებისდაგვარად, დოკუმენტებისა და მონაცემების მოთხოვნის შემცირება;
(b) შეძლებისდაგვარად, ფიზიკური ინსპექციებისა და შემოწმებების შემცირება;
(c) შეძლებისდაგვარად, საქონლის გაშვების დაჩქარება;
(d) საბაჟო ტარიფების, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საფასურების გადახდის გადავადება;
(e) ერთიანი გარანტიის ან შემცირებული გარანტიის გამოყენება;
(f) ერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება ყველა საიმპორტო ან საექსპორტო ოპერაციაზე მოცემულ პერიოდში; და
(g) საქონლის გაფორმება უფლებამოსილი ოპერატორის ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ ნებადართულ სხვა ადგილას.
7.4 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია შეიმუშაონ უფლებამოსილი ოპერატორების სქემები საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, თუ ასეთი სტანდარტები არსებობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სტანდარტები შეუსაბამო და არაეფექტური საშუალებაა დასახული სამართლიანი მიზნების მისაღწევად.
7.5 ოპერატორებისთვის ვაჭრობის ხელშეწყობის ზომების გაუმჯობესების მიზნით წევრები სხვა წევრებს მისცემენ შესაძლებლობას, მოლაპარაკებები გამართონ უფლებამოსილ ოპერატორთა სქემების ურთიერთაღიარებაზე.
7.6 წევრები კომიტეტის ფარგლებში ერთმანეთს გაუცვლიან შესაბამის ინფორმაციას უფლებამოსილ ოპერატორთა მოქმედი სქემების შესახებ.
8. საქონლის დაჩქარებული წესით დაშვება
8.1 თითოეული წევრი აამოქმედებს ან შეინარჩუნებს პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებს თუნდაც იმ საქონლის დაჩქარებული წესით გაშვებას, რომელიც საჰაერო გადაზიდვების გზით მიეწოდება ამგვარი მომსახურების მომთხოვნ პირებს, საბაჟო კონტროლის პროცედურის შენარჩუნებით[8]. თუ წევრი აწესებს კრიტერიუმებს[9], რომლებითაც იზღუდება დაჩქარებული გადაზიდვების მომთხოვნ პირთა კატეგორიები, წევრს შეუძლია გამოქვეყნებულ კრიტერიუმებში მოითხოვოს, რომ 8.2 პუნქტებში მითითებული პირობებით სარგებლობისთვის განმცხადებელი ასრულებდეს შემდეგ პუნქტებს:
(a) უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაჩქარებული წესით გადაზიდული საქონლის საბაჟო დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებელი ასრულებს წევრის მოთხოვნას საქონლის დამუშავება განხორციელდეს საამისოდ გამოყოფილ ობიექტზე;
(b) დაჩქარებული წესით გასაშვები საქონლის მისვლამდე წარადგინოს საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი ინფორმაცია;
(c) დაეკისროს მოსაკრებლები, რომლებიც შემოიფარგლება 8.2 პუნქტში მითითებული მომსახურების ღირებულებით;
(d) განახორციელოს მაღალი დონის კონტროლი დაჩქარებული წესით გაშვებულ საქონელზე შიდა უსაფრთხოებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ასევე საძიებო (თრექინგ) ტექნოლოგიების გამოყენებით საქონლის მიღების პუნქტიდან ჩაბარების პუნქტამდე;
(e) უზრუნველყოს დაჩქარებული წესით გაშვება საქონლის მიღების პუნქტიდან ჩაბარების პუნქტამდე;
(f) საკუთარ თავზე იკისროს პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოსთვის ყველა სახის საბაჟო ტარიფის, გადასახადის, მოსაკრებლისა და საფასურის გადახდაზე;
(g) ჰქონდეს საბაჟო და სხვა სახის კანონებისა და რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კარგი ისტორია;
(h) შეასრულოს სხვა პირობები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული წევრის იმ კანონების, რეგულაციებისა და პროცედურული მოთხოვნების ეფექტიან განხორციელებასთან, რომლებიც შეეხება 8.2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
8.2 წევრები 8.1 და 8.3 პუნქტების შესაბამისად:
(a) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შეამცირებენ დაჩქარებული წესით გასაშვები საქონლისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას და, შესაძლებლობის ფარგლებში, გარკვეული ტიპის პარტიებისთვის უზრუნველყოფენ გაშვებას ინფორმაციის ერთჯერადი წარდგენის საფუძველზე;
(b) უზრუნველყოფენ დაჩქარებული წესით გასაშვები პარტიების შეძლებისდაგვარად სწრაფ გაშვებას ნორმალურ პირობებში, იმ პირობით, თუ გაშვებისთვის აუცილებელი ინფორმაცია წარმოდგენილია;
(c) შეეცდებიან (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გაავრცელონ ნებისმიერი წონის ან ღირებულების სასაქონლო პარტიაზე, იმავდროულად აღიარებენ რა, რომ წევრს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესვლის პროცედურების შესრულება, მათ შორის დეკლარაციებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა და საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების გადახდა, და შეზღუდონ აღნიშნული პირობების გამოყენება საქონლის სახეობის საფუძველზე, იმ პირობით, თუ შეზღუდვა არ გავრცელდება დაბალი ღირებულების საქონელზე, როგორიცაა დოკუმენტაცია; და
(d) შესაძლებლობის ფარგლებში, განსაზღვრავენ იმ მინიმალურ ღირებულებას ან ოდენობას, რომელიც არ დაიბეგრება საბაჟო ტარაიფებით და გადასახადებით, გარკვეული საქონლის გარდა. ეს ნორმა არ ვრცელდება შიდა გადასახადებზე, როგორიცაა დამატებითი ღირებულების გადასახადი და აქციზიის გადასახადი, რომელიც გამოიყენება იმპორტის მიმართ GATT 1994-ის III მუხლის შესაბამისად.
8.3 ზემოაღნიშნული 8.1 და 8.2 პუნქტები არ ზღუდავს წევრის უფლებას შეამოწმოს, დააკავოს, ამოიღოს ან კონფისკაცია ჩაუტაროს ან უარი თქვას საქონლის შეშვებაზე ან ჩაატაროს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, მათ შორის რისკების მართვის სისტემის ფარგლებში. ამასთანავე, ზემოაღნიშნული 8.1 და 8.2 პუნქტები ხელს არ უშლის წევრს, საქონლის გაშვების წინაპირობის სახით, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან არა –
ავტომატური სალიცენზიო მოთხოვნების შესრულება.
9. მალფუჭებადი საქონელი[10]
9.1 ზარალის ან მალფუჭებადი საქონლის გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით და იმ პირობით, რომ შესრულებულია ყველა სავალდებულო მოთხოვნა, თითოეული წევრი უზრუნველყოფს მალფუჭებადი საქონლის გაშვებას:
(a) ნორმალურ პირობებში და უმოკლეს ვადებში; და
(b) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამის გაკეთება მიზანშეწონილია, საქონლის გაშვებას საბაჟო და სხვა შესაბამისი უწყებების არასამუშაო საათებში.
9.2 შემოწმებების გრაფიკის შედგენისას, თუ ასეთი საჭიროება არსებობს, თითოეული წევრი უპირატესობას მიანიჭებს მალფუჭებად საქონელს.
9.3 თითოეული წევრი თავად უზრუნველყოფს ან იმპორტიორს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყოს მალფუჭებადი საქონლის შესაბამისი დასაწყობება მის გაშვებამდე. წევრმა შეიძლება იმპორტიორს მოსთხოვოს, რომ თავისი შესაბამისი ორგანოების მიერ მოხდეს უზრუნველყოფილი საწყობების დამტკიცება ან გამოყოფა. საქონლის გადაზიდვა საწყობებამდე, ასევე ოპერატორებისთვის ამგვარი გადაზიდვის ნებართვების მინიჭება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაექვემდებაროს აღნიშნული შესაბამისი ორგანოების თანხმობას. წევრი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და იმპორტიორის მოთხოვნით, უზრუნველყოფს ნებისმიერი ისეთი პროცედურის შესრულებას, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნული საწყობებიდან საქონლის გასაშვებად.
9.4 მალფუჭებადი საქონლის გაშვებისას მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში,და წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმპორტიორი წევრი, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს ინფორმაციას შეფერხების მიზეზების შესახებ.
მუხლი 8🔗. თანამშრომლობა სასაზღვრო უწყებებს შორის
1. თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ სასაზღვრო კონტროლზე და იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები და სააგენტოები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით თავიანთი საქმიანობის კოორდინაციას განახორციელებენ.
2. თითოეული წევრი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და ურთიერთშეთანხმებული პირობების დაცვით, ითანამშრომლებენ სხვა წევრებთან, რომლებთანაც მათ გააჩნიათ საერთო საზღვარი საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში პროცედურების კოორდინაციის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას. ამგვარი თანამშრომლობა და კოორდინაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
(a) სამუშაო დღეებისა და საათების შეთანხმება;
(b) პროცედურებისა და ფორმალობების შეთანხმება;
(c) საერთო ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარება და ერთობლივი სარგებლობა;
(d) ერთობლივი კონტროლის განხორციელება;
(e) ერთი გაჩერების სასაზღვრო კონტროლის ჩამოყალიბება.
მუხლი 9🔗. იმპორტსგანკუთვნილი საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ
თითოეული წევრი, შესაძლებლობის ფარგლებში და ყველა სავალდებულო მოთხოვნის დაცვის პირობით, უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიის ფარგლებში იმპორტს განკუთვნილი საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის ქვეშ, თავის ტერიტორიაზე შესვლის საბაჟო გამშვები პუნქტიდან სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, სადაც განხორციელდება საქონლის გაშვება ან გაფორმება.
მუხლი 10🔗. საქონლის შემოტანასთან, გატანასთან და ტრანზიტთან დაკავშირებული პროცედურები
1. ფორმალობების და დოკუმენტაციის მოთხოვნები
1.1 საქონლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცედურების გამარტივებისა და საიმპორტო, საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, კანონიერი პროგრამული მიზნებისა და ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა შეცვლილი გარემოებები, ახალი ინფორმაცია და ბიზნესპრაქტიკა, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემები, თითოეული წევრი გადასინჯავს ფორმალობების შესრულების და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნებს და გადასინჯვის შედეგებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს, რომ ეს მოთხოვნები:
a. მიღებულ ან/და გამოყენებულ იქნეს საქონლის, განსაკუთრებით მალფუჭებადი საქონლის, სწრაფად გაშვებისა და გაფორმების მიზნით;
b. მიღებულ ან/და გამოყენებულ იქნეს ისეთი ფორმით, რომ ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებისა და ოპერატორებისთვის შემცირდეს დროისა და ფულადი დანახარჯი;
c. თუ არსებობს ორი ან რამდენიმე ალტერნატიული ზომა პროგრამული მიზნების ან კონკრეტული მიზნების შესრულების მიზნით, მათგან შერჩეულ იქნეს ვაჭრობისთვის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომა; და
d. არ იქნეს შენარჩუნებული, მათი კომპონენტების ჩათვლით, მათი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში.
1.2 კომიტეტი შეიმუშავებს პროცედურებს შესაბამისი ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
2. ასლების აღიარება
2.1 თითოეული წევრი, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიიღებს იმპორტის, ექსპორტისა ან ტრანზიტის პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლებს როგორც ამობეჭდილი, ისე ელექტრონული სახით.
2.2 თუ წევრის რომელიმე სამთავრობო უწყებას ხელთ აქვს ამგვარი დოკუმენტის დედანი, წევრის ნებისმიერი სხვა უწყება, შესაძლებლობის შემთხვევაში, დედნის მქონე უწყებისგან, დედნის ნაცვლად მიიღებს ასლს, ამობეჭდილი ან ელექტრონული სახით.
2.3 წევრი არ მოითხოვს ექსპორტიორი წევრის საბაჟო ორგანოებისთვის წარდგენილი საექსპორტო დეკლარაციების დედანს ან ასლს საქონლის შემოტანის მიზნებისთვის[11].
3. საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება
3.1 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია თავიანთ საიმპორტო, საექსპორტო ან სატრანზიტო ფორმალობებსა და პროცედურებს საფუძვლად დაუდონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები ან მათი კომპონენტები, თუ წინამდებარე შეთანხმება სხვაგვარად არ ითვალისწინებს.
3.2 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია, თავიანთი რესურსების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მომზადებასა და პერიოდულ განხილვაში.
3.3 კომიტეტი შეიმუშავებს პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შესაბამის ინფორმაციას და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების შესახებ. კომიტეტს ასევე შეუძლია მიიწვიოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოს განხილვის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი განსაზღვრავს კონკრეტულ სტანდარტებს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წევრებისთვის.
4. ერთი ფანჯრის პრინციპი
4.1 წევრები აამოქმედებენ ან შეინარჩუნებენ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებს შესაძლებლობას მისცემს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ან/და მონაცემები მონაწილე უწყებებს ან სამსახურებს წარუდგინონ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის მეშვეობით. მონაწილე უწყებების ან სამსახურების მიერ დოკუმენტაციის ან/და მონაცემების შემოწმების შემდეგ, შედეგების შესახებ განმცხადებლებს ეცნობებათ დროულად, ერთი ფანჯრის პრინციპის გამოყენებით.
4.2 იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები ან/დამონაცემები უკვე მიღებულ იქნა ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით, იმავე დოკუმენტებს ან/და მონაცემებს მონაწილე უწყებები ან სამსახურები აღარ მოითხოვენ, გარდა საგანგებო გარემოებებისა და სხვა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არის საჯარო.
4.3 წევრები კომიტეტს აცნობებენ ერთი ფანჯრის პრინციპის გამოყენების შესახებ.
4.4 წევრები, შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ერთი ფანჯრის პრინციპის ხელშეწყობის მიზნით.
5. შემოწმება საქონლის გაგზავნამდე
5.1 წევრები არ მოითხოვენ საქონლის გაგზავნამდე შემოწმების განხორციელებას სატარიფო კლასიფიკაციასთან და საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით.
5.2 წევრების უფლების შეუზღუდავად გამოიყენონ საქონლის გაგზავნამდე შემოწმების სხვა სახეობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 5.1 პუნქტით, წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია არ შემოიღონ ან არ აამოქმედონ ახალი მოთხოვნები ამგვარი შემოწმებების გამოყენებასთან დაკავშირებით[12].
6. საბაჟო ბროკერების მომსახურებით სარგებლობა
6.1 იმ ზოგიერთი წევრის მოსაზრებათა გათვალისწინებით, სადაც საბაჟო ბროკერები ჯერ კიდევ განსაკუთრებულ როლს ინარჩუნებენ, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან, წევრები სავალდებულო მოთხოვნად აღარ დააწესებენ საბაჟო ბროკერების მომსახურებით სარგებლობას.
6.2 თითოეული წევრი გააგზავნის შეტყობინებებს და გამოაქვეყნებს ინფორმაციას მის მიერ მიღებული ზომების შესახებ საბაჟო ბროკერების მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ ეცნობება კომიტეტს და გამოქვეყნდება დაუყოვნებლივ.
6.3 საბაჟო ბროკერების ლიცენზირებასთან დაკავშირებით, წევრები გამოიყენებენ წესებს, რომლებიც გამჭვირვალეა და ობიექტური.
7. საერთო სასაზღვრო პროცედურები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მოთხოვნები
7.1 7.2 პუნქტის შესაბამისად, თითოეული წევრი გამოიყენებს საერთო საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ერთგვაროვან მოთხოვნებს თავისი ტერიტორიის ფარგლებში საქონლის გაშვებისა და გაფორმების პროცესში.
7.2 წინამდებარე მუხლის არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის წევრს:
(a) მოახდინოს თავისი პროცედურებისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დიფერენცირება საქონლის სახეობისა და ტიპის ან სატრანსპორტო საშუალების მიხედვით;
(b) მოახდინოს თავისი პროცედურებისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დიფერენცირება რისკების მართვაზე დაყრდნობით;
(c) მოახდინოს თავისი პროცედურებისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დიფერენცირება იმპორტის გადასახადების ან გადასახადებისგან მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლების მიზნით;
(d) გამოიყენოს ელექტრონული რეგისტრაცია ან დამუშავება; ან
(e) მოახდინოს თავისი პროცედურებისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დიფერენცირება „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად.
8. უარის თქმა საქონლის მიღებაზე
8.1 თუ იმპორტს დაქვემდებარებული საქონლის მიღებაზე უარს იტყვის წევრის კომპეტენტური ორგანო იმ მოტივით, რომ ის ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სანიტარიულ ან ფიტოსანიტარიულ ნორმებს ან ტექნიკურ რეგულაციებს, წევრი, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, იმპორტიორს მისცემს უფლებას ხელახლა გააგზავნოს საქონელი ან დაუბრუნოს არდაშვებული საქონელი ექსპორტიორს ან ექსპორტიორის მიერ დანიშნულ სხვა პირს.
8.2 თუ იმპორტიორი ვერ გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რაც გათვალისწინებულია 8.1 პუნქტით გონივრული ვადის განმავლობაში, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მიმართოს სხვა ზომებს ამგვარ არდაშვებულ საქონელთან მიმართებაში.
9. საქონლის დროებითი შემოტანა/შიდა და გარე გადამუშავება
9.1 საქონლის დროებითი შემოტანა
თითოეული წევრი, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაუშვებს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანას, რომელიც პირობით საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლებეულია იმპორტის გადასახადების ან გადასახადებისგან, თუ ამგვარი საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია განსაზღვრული მიზნით ექვემდებარება რეექსპორტს ზუსტად განსაზღვრულ პერიოდში და მას არ განუცდია რაიმე ცვლილება გარდა ნორმალური ცვეთისა, რაც განპირობებულია სარგებლობით.
9.2 შიდა და გარე გადამუშავება
(a) თითოეული წევრი, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაუშვებს საქონლის შიდა და გარე გადამუშავებას. საქონელი, რომლის მიმართ ნებადართულია გარე გადამუშავება, შეიძლება დაექვემდებაროს რეიმპორტს, იმპორტის გადასახადების ან გადასახადებისგან მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლებით, წევრის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
(b) წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „შიდა გადამუშავება“ ნიშნავს საბაჟო სასაქონლო ოპერაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეული ტიპის საქონელი შესაძლებელია შემოტანილ იქნეს საბაჟო ტერიტორიაზე პირობით საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლებული იმპორტის გადასახადების და გადასახადებისგან, ან დაექვემდებაროს გადასახადის დაბრუნებას, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საქონელი გამიზნულია დამზადების, დამუშავების ან შეკეთების და შემდგომი გატანისთვის.
(c) წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „გარე გადამუშავება“ ნიშნავს საბაჟო სასაქონლო ოპერაციას, რომლის მიხედვითაც საქონელი, რომელიც წევრის საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაშია, შეიძლება დროებით ექსპორტირებულ იქნეს საზღვარგარეთ, დამზადების, დამუშავების ან შეკეთების და შემდგომი რეიმპორტის მიზნით.
მუხლი 11🔗. ტრანზიტის თავისუფლება
1. წევრის მიერ საქონლის სატრანზიტო გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული ნებისმიერი რეგულაცია ან პროცედურა არ:
(a) შენარჩუნდება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებმაც გამოიწვია მათი მიღება ან თუ შეცვლილი გარემოებები ან მიზნები შეიძლება დარეგულირდეს ვაჭრობისთვის ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებების გატარების გზით;
(b) იქნება გამოყენებული ისეთი ფორმით, რომელიც წარმოადგენს საქონლის სატრანზიტო გადაზიდვისთვის შექმნილ შენიღბულ შეზღუდვას.
2. სატრანზიტო გადაზიდვა დამოკიდებული არ არის ტრანზიტთან დაკავშირებით დაწესებული ნებისმიერი მოსაკრებლის ან საფასურის აკრეფაზე, გარდა ტრანსპორტირების საფასურების ან მასთან დაკავშირებული იმ მოსაკრებლებისა, რომლებიც თანაზომადია ტრანზიტით გამოწვეული ადმინისტრაციული ხარჯებისა ან გაწეულ მომსახურებათა ღირებულებისა.
3. წევრები არ შეიმუშავებენ, არ აამოქმედებენ ან არ შეინარჩუნებენ რაიმე ნებაყოფილობით შეზღუდვებს ან ნებისმიერ სხვა მსგავს ზომებს ტრანზიტულ გადაზიდვებთან მიმართებაში. ეს ნორმა არ ზღუდავს არსებულ და მომავალში ამოქმედებულ ეროვნულ რეგულაციებს, ორმხრივ ან მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც შეეხება ტრანსპორტირების რეგულირებას მსო-ს წესების შესაბამისად.
4. თითოეული წევრი იმ საქონელს, რომელიც ტრანზიტით გადის ნებისმიერი სხვა წევრის ტერიტორიაზე, მიანიჭებს იმ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, რომელიც ამ საქონელს მიენიჭებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსპორტირება განხორციელდებოდა წარმოშობის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, ამ სხვა წევრის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის გარეშე.
5. წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, სატრანზიტო გადაზიდვებისთვის უზრუნველყონ ფიზიკურად მოცილებადი ინფრასტრუქტურა (როგორიცაა გასასვლელი დერეფანი, სადგომი დასატვირთად, სხვა.).
6. სატრანზიტო გადაზიდვების პროცედურები, დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და საბაჟო კონტროლი არ უნდა იყოს იმაზე უფრო რთული, ვიდრე აუცილებელია:
(a) საქონლის იდენტიფიცირებისთვის; და
(b) სატრანზიტო მოთხოვნების შესრულებისთვის.
7. მას შემდეგ, რაც დაიწყება ტრანზიტის პროცედურა და საქონელი შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტიდან დაიშვება წევრის ტერიტორიაზე, ეს საქონელი არ დაექვემდებარება რაიმე საბაჟო გადასახადს, არ შეყოვნდება უსაფუძვლოდ და მის მიმართ არ გავრცელდება შეზღუდვები, ვიდრე არ დასრულდება მისი სატრანზიტო გადაზიდვა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში, წევრის ტერიტორიაზე.
8. „ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტრანზიტული საქონლის მიმართ წევრები არ გამოიყენებენ ტექნიკურ რეგულაციებსა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებს.
9. წევრები ნებას დართავენ და უზრუნველყოფენ სატრანზიტო დოკუმენტაციის წინასწარ რეგისტრაციასა და დამუშავებას საქონლის ადგილზე მისვლამდე.
10. როგორც კი სატრანზიტო გადაზიდვა მიაღწევს საბაჟო უწყებას, საიდანაც ის გავა წევრის ტერიტორიიდან, საბაჟო უწყება დაუყოვნებლივ დაასრულებს ტრანზიტის ოპერაციას, იმ პირობით, თუ სატრანზიტო მოთხოვნები შესრულებულია.
11. თუ წევრი მოითხოვს სატრანზიტო გადაზიდვების გარანტიას თავდებობის, დეპოზიტის ან სხვა შესაბამისი ფულადი ან არაფულადი[13] უზრუნველყოფის სახით, ამგვარი გარანტია უნდა შემოიფარგლებოდეს ტრანზიტულ გადაზიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფით.
12. მას შემდეგ, რაც წევრი გადაწყვეტს, რომ მისი სატრანზიტო მოთხოვნები შესრულებულია, გარანტიის თანხა დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს.
13. თითოეული წევრი, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაუშვებს ერთიანი გარანტიების გამოყენებას, რომლებიც მოიცავს მრავალჯერად ოპერაციებს ერთი და იმავე ოპერატორებისთვის ან გარანტიების განახლებას საქონლის სხვა პარტიებისთვის, თანხის დაბრუნების გარეშე.
14. თითოეული წევრი საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის შესაბამის ინფორმაციას, რომელსაც ის იყენებს გარანტიის განსაზღვრის მიზნით, როგორც ერთჯერადი, ისე, საჭიროების შემთხვევაში, მრავალჯერადი ოპერაციებისთვის.
15. თითოეულ წევრს შეუძლია მოითხოვოს ტრანზიტული საქონლის საბაჟო თანხლებით ან საბაჟო გაცილებით უზრუნველყოფა მხოლოდ ისეთ გარემოებებში, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია, ან როდესაც საბაჟო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულების უზრუნველყოფა შეუძლებელია გარანტიების მეშვეობით. ზოგადი წესები, რომლებიც არეგულირებს საბაჟო თანხლების ან საბაჟო გაცილების გამოყენებას, უნდა გამოქვეყნდეს პირველი მუხლის შესაბამისად.
16. წევრები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და დაამყარებენ კოორდინაციას ტრანზიტის თავისუფლების გაძლიერების მიზნით. ამგვარი თანამშრომლობა და კოორდინაცია შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
(a) საფასურები;
(b) პროცდურები და იურიდიული მოთხოვნები; და
(c) სატრანზიტო რეჟიმების პრაქტიკული გამოყენება.
17. თითოეული წევრი შეეცდება დანიშნოს ტრანზიტის ეროვნული კოორდინატორის, რომელსაც სხვა წევრები მიმართავენ ტრანზიტის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა შეკითხვითა და წინადადებით.
მუხლი 12🔗. თანამშრომლობა საბაჟო ორგანოებს შორის
1. შესაბამისობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის ზომები
1.1 წევრები თანხმდებიან, რომ ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტები უნდა აცნობიერებდნენ თავიანთი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს მათ მიერ ვალდებულებათა ნებაყოფილობითი შესრულების სისტემის დანერგვას, რაც იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს შესაბამის გარემოებებში დამოუკიდებლად და საჯარიმო სანქციების გარეშე გამოასწორონ ხარვეზები, ამავე დროს მიღებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი ზომები ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს[14].
1.2 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საბაჟო ვალდებულებათა შესრულების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, მათ შორის, კომიტეტის მეშვეობით. წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია ითანამშრომლონ ტექნიკური კონსულტაციების ან დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სფეროში, რომლის მიზანია ვალდებულებათა შესრულებისკენ მიმართული ზომების ადმინისტრირება და მათი ეფექტიანობის გაძლიერება.
2. ინფორმაციის გაცვლა
2.1 მოთხოვნის შემთხვევაში და წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, წევრები ერთმანეთს გაუცვლიან 6.1(b) ან/და (c) ქვეპუნქტებში მითითებულ ინფორმაციას იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციის შემოწმების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დეკლარაციის ნამდვილობასთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით.
2.2 ამგვარი ინფორმაციის გაცვლის მიზნით თითოეული წევრი კომიტეტს აცნობებს თავისი საკონტაქტო უწყების შესახებ.
3. შემოწმება
წევრი ინფორმაციის მოთხოვნას წარადგენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ჩაატარებს იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციისა და არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო შემოწმებას.
4. მოთხოვნა
4.1 მოთხოვნის წარმდგენი წევრი მოთხოვნის მიმღებ წევრს წარუდგენს წერილობით მოთხოვნას ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, ურთიერთშეთანხმებით მსო-ს ოფიციალურ ენაზე ან სხვა ურთიერთშეთანხმებულ ენაზე, რომელიც მოიცავს შემდეგს:
(a) განსახილველი საკითხი, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, ექსპორტის დეკლარაციის ნომერი, რომელიც შეესაბამება იმპორტის დეკლარაციას;
(b) მიზანი, რომლისთვისაც მოთხოვნის წარმდგენი წევრი მოითხოვს ინფორმაციას ან დოკუმენტაციას, იმ პირთა ვინაობის დადგენასთან და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად (თუ ცნობილია), რომლებსაც შეეხება მოთხოვნა;
(c) მოთხოვნის მიმღები წევრის მოთხოვნით, ჩატარებული შემოწმების დადასტურება[15], საჭიროების შემთხვევაში;
(d) მოთხოვნილი სპეციფიკური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია;
(e) მოთხოვნის წარმდგენი წარმოშობის ოფისის დასახელება;
(f) მოთხოვნის წარმდგენი წევრის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს კონფიდენციალური ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დაცვას, გამოყენებას, გამჟღავნებას, შენახვასა და განადგურებას.
4.2 თუ მოთხოვნის წარმდგენ წევრს არ შეუძლია 4.1 პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტის შესრულება, მან აღნიშნულის შესახებ უნდა მიუთითოს თავის მოთხოვნაში.
5. დაცვა და კონფიდენციალურობა
5.1 5.2 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის წარმდგენი წევრი:
(a) მკაცრად დაიცავს მოთხოვნის მიმღები წევრის მიერ მიწოდებული ყველა სახის ინფორმაციის ან დოკუმენტაციის კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფს დაცვისა და კონფიდენციალურობის არანაკლებ იმ დონეს, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები წევრის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და სამართლებრივი სისტემით, როგორც ეს მითითებულია 6.1(b) ან (c) ქვეპუნქტებში;
(b) ინფორმაციას ან დოკუმენტაციას მიაწვდის მხოლოდ იმ საბაჟო ორგანოებს, რომლებიც განიხილავენ მოცემულ საკითხს და ინფორმაციას ან დოკუმენტაციას გამოიყენებს მხოლოდ მოთხოვნაში მითითებული მიზნით, თუ მოთხოვნის მიმღებ წევრთან სხვა სახის წერილობითი შეთანხმება არ არსებობს;
(c) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას ან დოკუმენტაციას მოთხოვნის მიმღები წევრის სპეციალური წერილობით ნებართვის გარეშე;
(d) მოთხოვნის მიმღები წევრისგან მიღებულ რაიმე შეუმოწმებელ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას არ დაეყრდნობა, როგორც საკმარის მტკიცებულებას ეჭვების გასაფანტად, ნებისმიერ კონკრეტულ სიტუაციაში;
(e) შეასრულებს რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები წევრის მიერ მისთვის წაყენებულ პირობებს, რომლებიც შეეხება კონფიდენციალური ინფორმაციის ან დოკუმენტაციის და პერსონალური მონაცემების შენახვასა და განადგურებას;
(f) მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებ წევრს აცნობებს მიწოდებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ზომების შესახებ.
5.2 მოთხოვნის წარმდგენმა წევრმა თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის ფარგლებში შეიძლება ვერ შეასრულოს 5.1 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ქვეპუნქტი. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენმა წევრმა აღნიშნულის შესახებ უნდა მიუთითოს თავის მოთხოვნაში.
5.3 მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის მიმღები წევრი მიღებულ ნებისმიერ მოთხოვნას და შემოწმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზრუნველყოფს დაცვისა და კონფიდენციალურობის არანაკლებ იმ დონით, რომელსაც მოთხოვნის მიმღები წევრი ანიჭებს მსგავსი ტიპის საკუთარ ინფორმაციას.
6. ინფორმაციის მიწოდება
6.1 წინმადებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, მოთხოვნის მიმღები წევრი დაუყოვნებლივ:
(a) წარმოადგენს წერილობით პასუხს ამობეჭდილი ან ელექტრონული სახით;
(b) წარმოადგენს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციაში ან დეკლარაციას, თუ ასეთი არსებობს, მოთხოვნის წარმდგენი წევრის მიერ მოთხოვნილი დაცვისა და კონფიდენციალურობის დონის აღწერასთან ერთად;
(c) მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგენს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია შემდეგ დოკუმენტებში, ან დოკუმენტებს, რომლებიც თან ერთვის იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციას, თუ ასეთი არსებობს: კომერციული ანგარიშ-ფაქტურა, შეფუთვის ფურცელი-ჩანართი, წარმოშობის სერტიფიკატი, სატრანსპორტო ზედნადები, იმ ფორმით, რომელშიც მოხდა მათი ჩაბარება, ამობეჭდილი თუ ელექტრონული სახით, მოთხოვნის წარმდგენი წევრის მიერ მოთხოვნილი დაცვისა და კონფიდენციალურობის დონის აღწერასთან ერთად;
(d) დაადასტურებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები წარმოადგენს ნამდვილ ასლებს;
(e) მიაწვდის ინფორმაციას ან სხვა სახით გასცემს პასუხს მოთხოვნას, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში.
6.2 მოთხოვნის მიმღებმა წევრმა, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ინფორმაციის წარდგენამდე შეიძლება მოითხოვოს გარანტია, რომ გარკვეული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული მტკიცებულების სახით სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში, სასამართლო პროცესში ან არასაბაჟო საქმის წარმოებაში, მოთხოვნის მიმღები წევრის წერილობითი ნებართვის გარეშე. თუ მოთხოვნის წარმდგენ წევრს არ შეუძლია ამ ვალდებულების შესრულება, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღებ წევრს.
7. მოთხოვნის შესრულების გადავადება ან შესრულებაზე უარის თქმა
7.1 მოთხოვნის მიმღებმა წევრმა შეიძლება გადაავადოს ან უარი თქვას ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ და აღნიშნულის მიზეზების შესახებ მან უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ წევრს, თუ:
(a) ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს მოთხოვნის მიმღები წევრის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის შესაბამისად;
(b) მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და სამართლებრივი სისტემა კრძალავს ამგვარი ინფორმაციის გაცემას. ამ შემთხვევაში მან მოთხოვნის წარმდგენ წევრს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის კონკრეტულ კანონზე მითითებით;
(c) ინფორმაციის მიწოდება შეაფერხებდა კანონის აღსრულებას ან სხვა სახით შეუშლიდა ხელს მიმდინარე ადმინისტრაციულ ან სასამართლო გამოძებას, სამართლებრივი დევნის ან სამართალწარმოების განხორციელებას;
(d) აუცილებელია იმპორტიორის ან ექსპორტიორის თანხმობა იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კონფიდენციალური ინფორმაციის ან პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დაცვას, გამოყენებას, გამჟღავნებას, შენახვასა და განადგურებას და ამგვარი თანხმობა გაცემული არ არის; ან
(e) ინფორმაციის მოთხოვნა მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ამოიწურა მოთხოვნის მიმღები წევრის სამართლებრივი ვალდებულების ვადა ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით.
7.2 4.2, 5.2 ან 6.2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამგვარი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებულია მოთხოვნის მიმღები წევრის ნებაზე.
8. ნაცვალგება
თუ მოთხოვნის წარმდგენი წევრი მიიჩნევს, რომ ის ვერ შეძლებდა მსგავსი მოთხოვნის შესრულებას მოთხოვნის მიმღები წევრის მხრიდან მისი წარდგენის შემთხვევაში ან თუ მას ჯერ არ მოუხდენია ამ მუხლის პროცედურის განხორციელება, ის ამ ფაქტის შესახებ მიუთითებს თავის მოთხოვნაში. ამგვარი მოთხოვნის შესრულება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის მიმღები წევრის ნებაზე.
9. ადმინისტრაციული ტვირთი
9.1 მოთხოვნის წარმდგენი წევრი მხედველობაში მიიღებს იმ რესურსებსა და ხარჯებს, რომლებიც უნდა გასწიოს მოთხოვნის მიმღებმა წევრმა ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. მოთხოვნის წარმდგენი წევრი გაითვალისწინებს იმას, თუ რამდენად პროპორციულ თანაფარდობაშია მისი ფისკალური ინტერესი მოთხოვნის მიმღები წევრის ძალისხმევასთან უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება.
9.2 თუ მოთხოვნის მიმღები წევრი მიიღებს ინფორმაციის მოთხოვნებს დიდი რაოდენობით, ან დიდი მოცულობის ინფორმაციის მოთხოვნას ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის წარმდგენი წევრისგან, და ის ვერ შესძლებს ამგვარი მოთხოვნების გონივრულ ვადაში დაკმაყოფილებას, მას შეუძლია ერთ ან რამდენიმე მოთხოვნის წარმდგენ წევრს შესთავაზოს პრიორიტეტიზაცია, რათა განისაზღვროს პრაქტიკულად შესრულებადი მოცულობა შეზღუდული რესურსების პირობებში. შეთანხმებული მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნების შესრულება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის მიმღები წევრის ნებაზე, რომელიც თავად განსაზღვრავს მოთხოვნების პრიორიტეტულობას.
10. შეზღუდვები
მოთხოვნის მიმღები წევრები ვალდებულნი არ არიან:
(a) შეცვალონ თავიანთი იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციების ან პროცედურების ფორმატი;
(b) მოითხოვონ სხვა დოკუმენტები, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც წარდგენილია იმპორტის ან ექსპორტის დეკლარაციებთან ერთად, 6.1(c). ქვეპუნქტის შესაბამისად;
(c) დაიწყონ მოკვლევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
(d) შეცვალონ ამგვარი ინფორმაციის შენახვის პერიოდი;
(e) დანერგონ ამობეჭდილი სახის დოკუმენტაციით სარგებლობა იქ, სადაც უკვე გამოიყენება ელექტრონული ფორმატი;
(f) თარგმნონ ინფორმაცია;
(g) შეამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე; ან
(h) წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც ზიანს მიაყენებდა კონკრეტული საჯარო, თუ კერძო საწარმოების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.
11. ინფორმაციის უნებართვო გამოყენება ან გამჟღავნება
11.1 წინამდებარე მუხლის შესაბამისად გაცვლილი ინფორმაციის გამოყენების ან გამჟღავნების პირობების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი წევრი, რომელმაც მიიღო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობებს ამგვარი უნებართვო გამოყენების ან გამჟღავნების დეტალების შესახებ მოთხოვნის მიმღებ წევრს, რომელმაც წარადგინა ინფორმაცია, და:
(a) მიიღებს აუცილებელ ზომებს დარღვევის გამოსწორების მიზნით;
(b) მიიღებს აუცილებელ ზომებს შემდგომი დარღვევის თავიდან აცილების მიზნით; და
(c) აცნობებს მოთხოვნის მიმღებ წევრს (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ.
11.2 მოთხოვნის მიმღებმა წევრმა შეიძლება შეაჩეროს მოთხოვნის წარმდგენი წევრის მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მანამ, სანამ არ გატარდება 11.1 პუნქტში მითითებული ზომები.
12. ორმხრივი და რეგიონული შეთანხმებები
12.1 წინამდებარე მუხლის არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის წევრს გააფორმოს ან შეინარჩუნოს ორმხრივი, მრავალმხრივი ან რეგიონული შეთანხმება საბაჟო ინფორმაციისა და მონაცემების გაზიარების ან გაცვლის მიზნით, მათ შორის უსაფრთხო და სწრაფ საფუძველზე, კერძოდ, ავტომატურ რეჟიმში ან წინასწარ, საქონლის ადგილზე მისვლამდე.
12.2 წინამდებარე მუხლის არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ცვლიდეს ან ზღუდავდეს წევრების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც მათ გააჩნიათ ამგვარი ორმხრივი, მრავალმხრივი ან რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში, ან არეგულირებდეს ამგვარი სხვა შეთანხმებებით გათვალისწინებული საბაჟო ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლას.
კარი II
სპეციალური და დიფერენცირებული მიდგომები განვითარებადი წევრებისა და ნაკლებად განვითარებული წევრებისთვის
მუხლი 13🔗. ზოგადი პრინციპები
1. წინამდებარე შეთანხმების 1-12 მუხლების დებულებებს განახორციელებენ განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული წევრები წინამდებარე კარის შესაბამისად, რომელიც ეყრდნობა 2004 წლის ივლისის ჩარჩო შეთანხმების (WT/L/579) D დანართში შეთანხმებულ მოდალობებს და ჰონგ-კონგის მინისტრთა დეკლარაციის 33-ე პუნქტსა და E დანართს (WT/MIN(05)/DEC).
2. აუცილებელია ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების[16] სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა, რომლის მიზანია განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ წევრებს გაუადვილდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელება, მათი ხასიათისა და რეგულირების სფეროს შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მასშტაბი და დრო დაკავშირებულია განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული წევრების იმპლემენტაციისთვის საჭირო შესაძლებლობებთან. თუ განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ წევრს არ გააჩნია აუცილებელი შესაძლებლობა, მას არ მოეთხოვება შესაბამისი დებულებ(ებ)ის განხორციელება მანამ, სანამ ის არ მოიპოვებს იმპლემენტაციისათვის საჭირო შესაძლებლობას.
3. ნაკლებად განვითარებულ წევრებს ვალდებულებათა შესრულება მოეთხოვებათ მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება თითოეული მათგანის განვითარების დონეს, ფინანსურ და სავაჭრო საჭიროებებს ან მათ ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
4. ეს პრინციპები განხორციელდება II კარის დებულებათა მეშვეობით.
მუხლი 14🔗. დებულებათა კატეგორიები
1. არსებობს დებულებათა სამი კატეგორია:
(a) კატეგორია A მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელებას განვითარებადი ან ნაკლებად განვითარებული წევრი შეუდგება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ან ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში - შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია მე-15 მუხლში.
(b) კატეგორია B მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელებას განვითარებადი ან ნაკლებად განვითარებული წევრი შეუდგება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, გარდამავალი პერიოდის დასრულებიდან დროის განსაზღვრულ ეტაპზე, როგორც ეს მითითებულია მე-16 მუხლში.
(c) კატეგორია C მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელებას განვითარებადი ან ნაკლებად განვითარებული წევრი შეუდგება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, გარდამავალი პერიოდის დასრულებიდან დროის განსაზღვრულ ეტაპზე, მას შემდეგ რაც ის მოიპოვებს იმპლემენტაციისთვის საჭირო შესაძლებლობას, ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების მიზნისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის შედეგად, როგორც ეს მითითებულია მე-16 მუხლში.
2. თითოეული განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული წევრი, ინდივიდუალურ საფუძველზე, დამოუკიდებლად შეუდგება იმ დებულებათა განხორციელებას, რომლებიც მის მიერ გადანაწილებულია A, B და C კატეგორიებში.
მუხლი 15🔗. შეტყობინება და A კატეგორიის იმპლემენტაცია
1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, თითოეული განვითარებადი წევრი განახორციელებს A კატეგორიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. A კატეგორიით გათვალისწინებული ეს ვალდებულებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. ნაკლებად განვითარებულ წევრს შეუძლია შეატყობინოს კომიტეტს A კატეგორიაში შეტანილი დებულებების შესახებ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. თითოეული ნაკლებად განვითარებულ წევრის ვალდებულებები, რომლებიც შეტანილია A კატეგორიაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 16🔗. B კატეგორიისა და C კატეგორიის იმპლემენტაციის საბოლოო თარიღების შეტყობინება
1. იმ დებულებებთან მიმართებაში, რომლებიც განვითარებად წევრს არ შეუტანია A კატეგორიაში, წევრს შეუძლია გადაავადოს განხორციელება წინამდებარე მუხლში აღწერილი პროცესის შესაბამისად.
განვითარებადი წევრის B კატეგორია
(a) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, თითოეული განვითარებადი წევრი კომიტეტს შეატყობინებს მის მიერ B კატეგორიაში შეტანილი დებულებებისა და მათი განხორციელების განსაზღვრული თარიღების შესახებ[17]
(b) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, თითოეული განვითარებადი წევრი კომიტეტს აცნობებს მის მიერ B კატეგორიაში შეტანილი დებულებებისა და მათი განხორციელების საბოლოო თარიღების შესახებ. თუ განვითარებადი წევრი ჩათვლის, რომ მას სჭირდება დამატებითი დრო საბოლოო თარიღების შესატყობინებლად, ეს წევრი კომიტეტს მიმართავს თხოვნით გაუხანგრძლივოს თარიღების შეტყობინების ვადა.
განვითარებადი წევრის C კატეგორია
(c) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, თითოეული განვითარებადი წევრი კომიტეტს შეატყობინებს მის მიერ C კატეგორიაში შეტანილი დებულებებისა და მათი განხორციელების განსაზღვრული თარიღების შესახებ. გამჭვირვალობის მიზნით, შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სფეროში წევრის მიერ მოთხოვნილი დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ.[18]
(d) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, განვითარებადი წევრები და შესაბამისი წევრი დონორი ქვეყნები, ნებისმიერი უკვე არსებული მექანიზმების, 22-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინებების და ზემოაღნიშნული (c) ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტს გადასცემს ინფორმაციას იმ შენარჩუნებული ან ამოქმედებული მექანიზმების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გასაწევად, რაც შესაძლებელს გახდის C კატეგორიის განხორციელებას.[19] მონაწილე განვითარებადი წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს კომიტეტს ამგვარი მექანიზმების შესახებ. კომიტეტი არაწევრ დონორ ქვეყნებსაც მოუწოდებს წარმოადგინონ ინფორმაცია არსებული ან ამოქმედებული მექანიზმების შესახებ.
(e) (d) ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის მიწოდების დღიდან 18 თვის განმავლობაში, დონორი წევრები და შესაბამისი განვითარებადი წევრები კომიტეტს აცნობებენ ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამავე დროს, თითოეული განვითარებადი წევრი გადასცემს მისი განხორციელების საბოლოო თარიღების სიას.
2. იმ დებულებებთან მიმართებაში, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ წევრს არ შეუტანია A კატეგორიაში, ნაკლებად განვითარებულ წევრებს შეუძლიათ გადაავადონ განხორციელება წინამდებარე მუხლში აღწერილი პროცესის შესაბამისად.
ნაკლებად განვითარებული წევრის B კატეგორია
(a) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, ნაკლებად განვითარებული წევრი კომიტეტს შეატყობინებს მის მიერ B კატეგორიაში შეტანილი დებულებების შესახებ და ასევე შეიძლება აცნობოს მათი განხორციელების განსაზღვრული თარიღების შესახებ, იმ მაქსიმალური მოქნილობის გათვალისწინებით, რომლითაც სარგებლობენ ნაკლებად განვითარებული წევრები.
(b) ზემოაღნიშნულ (a) ქვეპუნქტში მითითებული შეტყობინების თარიღიდან არაუგვიანეს ორი წლის განმავლობაში, თითოეული ნაკლებად განვითარებული წევრი კომიტეტს გაუგზავნის შეტყობინებას, რითაც დაუდასტურებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და მიუთითებს მათი განხორციელების თარიღებს. თუ ნაკლებად განვითარებული წევრი ჩათვლის, რომ მას სჭირდება დამატებითი დრო საბოლოო თარიღების შესატყობინებლად, ეს წევრი კომიტეტს მიმართავს თხოვნით გაუხანგრძლივოს თარიღების შეტყობინების ვადა.
ნაკლებად განვითარებული წევრის C კატეგორია
(c) გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დონორებთან ურთიერთობის მექანიზმების გამარტივების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, თითოეული ნაკლებად განვითარებული წევრი კომიტეტს შეატყობინებს მის მიერ C კატეგორიაში შეტანილი დებულებების შესახებ, იმ მაქსიმალური მოქნილობის გათვალისწინებით, რომლითაც სარგებლობენ ნაკლებად განვითარებული წევრები.
(d) ზემოაღნიშნულ (c) ქვეპუნქტში მითითებული თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ნაკლებად განვითარებული წევრები გააგზავნიან ინფორმაციას ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სფეროში მათ მიერ მოთხოვნილი დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ.[20]
(e) ზემოაღნიშნულ (d) ქვეპუნქტში მითითებული შეტყობინების თარიღიდან არაუგვიანეს ორი წლის განმავლობაში, ნაკლებად განვითარებული წევრები და შესაბამისი დონორი წევრები, ზემოაღნიშნულ (d) ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ინფორმაციას მიაწვდიან კომიტეტს იმ შენარჩუნებული ან ამოქმედებული მექანიზმების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გასაწევად, რაც შესაძლებელს გახდის C კატეგორიის განხორციელებას.[21] მონაწილე ნაკლებად განვითარებული წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს კომიტეტს ამგვარი მექანიზმების შესახებ. ამავე დროს, ნაკლებად განვითარებული წევრი შეატყობინებს C კატეგორიაში შეტანილი ვალდებულებების შესრულების საბოლოო თარიღების შესახებ, რომლებშიც განსაზღვრულია დახმარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები. კომიტეტი არაწევრ დონორ ქვეყნებსაც მოუწოდებს წარმოადგინონ ინფორმაცია არსებული ან ამოქმედებული მექანიზმების შესახებ.
(f) (e) ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის მიწოდების დღიდან არაუგვიანეს 18 თვის განმავლობაში, შესაბამისი დონორი წევრები და შესაბამისი ნაკლებად განვითარებული წევრები კომიტეტს აცნობებენ ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამავე დროს, თითოეული ნაკლებად განვითარებული წევრი გადასცემს მისი განხორციელების საბოლოო თარიღების სიას.
3. განვითარებადი წევრები და ნაკლებად განვითარებული წევრები, რომლებსაც უჭირთ განხორციელების საბოლოო თარიღების დასახელება 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ვადებში, დონორთა მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის, ან ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სფეროში არასაკმარისი პროგრესის გამო, ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ კომიტეტს აცნობონ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, ზემოაღნიშნული ვადების ამოწურვამდე. წევრები თანხმდებიან ითანამშრომლონ ამგვარი სირთულეების აღმოფხვრაში, შესაბამისი წევრის წინაშე მდგარი სპეციფიკური პრობლემებისა და გარემოებების გათვალისწინებით. კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ზომებს სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამის წევრს გაუხანგრძლივებს განხორციელების საბოლოო თარიღების შეტყობინების ვადას.
4. 1 (b) ან (e) ქვეპუნქტებში მითითებული ვადის დადგომამდე სამი თვით ადრე, ან ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში 2 (b) ან (f) ქვეპუნქტში მითითებული ვადის დადგომამდე სამი თვით ადრე, სამდივნო წევრს გაუგზავნის შეხსენებას, თუ ამ წევრს მისთვის არ უცნობებია B ან C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელების საბოლოო თარიღების შესახებ. თუ წევრი არ გამოიყენებს მე-3 პუნქტს, ან განვითარებადი წევრის შემთხვევაში - 1(b) ქვეპუნქტს, ან ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში - 2(b) ქვეპუნქტს საბოლოო თარიღების შეტყობინების ვადის გახანგრძლივების მიზნით, და არც შეტყობინებას არ გააგზავნის საბოლოო თარიღების შესახებ, ეს წევრი ვალდებული იქნება დებულებები განახორციელოს 1(b) ან (e) ქვეპუნქტებში მითითებული ვადის, ან ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში - 2(b) ან (f) ქვეპუნქტებში მითითებული ვადის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში, ან მე-3 პუნქტის შესაბამისად გახანგრძლივებული ვადის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში.
5. B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელების საბოლოო თარიღების შესახებ 1-ლი, მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად შეტყობინების გაგზავნისთვის საბოლოო თარიღიდან არა უგვიანეს 60 დღისა, კომიტეტი შეისწავლის დანართებს, რომლებშიც შეტანილია B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელების საბოლოო თარიღები, მათ შორის ნებისმიერი თარიღი განსაზღვრული მე-4 პუნქტის შესაბამისად, რის შემდგომაც აღნიშნული დანართები გახდება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 17🔗. წინასწარი შეტყობინების მექანიზმი: B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელების ვადის გახანგრძლივება
(a) განვითარებადი წევრი ან ნაკლებად განვითარებული წევრი, რომლისთვისაც რთულია B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელება მე-16 მუხლის 1(b) ან (e) ქვეპუნქტებში მითითებულ საბოლოო თარიღამდე, ან ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში - მე-16 მუხლის 2(b) ან (f) ქვეპუნქტებში მითითებულ საბოლოო თარიღამდე, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს კომიტეტს. განვითარებადი ქვეყნები კომიტეტს შეტყობინებას გაუგზავნიან განხორციელების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 120 დღისა. ნაკლებად განვითარებული ქვეყნები კომიტეტს შეტყობინებას გაუგზავნიან ამგვარი ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 დღისა.
(b) კომიტეტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ის ახალი თარიღი, რომლის დადგომამდეც განვითარებადი წევრი ან ნაკლებად განვითარებული წევრი სავარაუდოდ შეძლებს შესაბამისი დებულებების შესრულებას. შეტყობინებაში ასევე უნდა აღინიშნოს განხორციელების პროცესში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესახებ. მსგავსი სახის მიზეზები შეიძლება მოიცავდეს ისეთი ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების დახმარებისა და მხარდაჭერის საჭიროებას, რომელიც მანამდე არ იყო მოსალოდნელი, ან ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დამატებითი დახმარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობას.
2. თუ განვითარებადი წევრი განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი ვადის სახით მოითხოვს არაუმეტეს 18 თვეს, ან ნაკლებად განვითარებული წევრი - არაუმეტეს სამ წელიწადს, მოთხოვნის წარმდგენ წევრს ამგვარი დამატებითი ვადა მიეცემა კომიტეტის მხრიდან რაიმე შემდგომი ზომების გატარების გარეშე.
3. თუ განვითარებადი წევრი ან ნაკლებად განვითარებული წევრი ჩათვლის, რომ პირველ ჯერზე მას სჭირდება მე-2 პუნქტში მითითებულზე უფრო ხანგრძლივი დამატებითი ვადა, ან მეორე ან შემდგომი დამატებითი ვადა, ის კომიტეტს წარუდგენს ვადის გაგრძელების მოთხოვნას, რომელიც შეიცავს 1(b) ქვეპუნქტში მითითებულ ინფორმაციას, თავდაპირველად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 120 დღისა განვითარებადი წევრის შემთხვევაში, ან ნაკლებად განვითარებული ქვეყნის შემთხვევაში - ამგვარი ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 დღისა.
4. კომიტეტი ყურადღებით განიხილავს განხორციელების ვადის გაგრძელების მოთხოვნებს მოთხოვნის წარმდგენი წევრის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით. ეს გარემოებები შეიძლება მოიცავდეს ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების პროცესში წარმოშობილ სირთულეებსა და შეფერხებებს.
მუხლი 18🔗. B კატეგორიისა და C კატეგორიის იმპლემენტაცია
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ განვითარებადი წევრი ან ნაკლებად განვითარებული წევრი, რომელმაც შეასრულა მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით და მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები, თუ მას დებულებების განხორციელების ვადის გაგრძელების მოთხოვნაზე უარი ეთქვა, ან თუ შეექმნა სხვა სახის გაუთვალისწინებელი გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის მე-17 მუხლის შესაბამისად ვადის გაგრძელებას, ჩათვლის, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია შესაძლებლობა განახორციელოს C კატეგორიაში შეტანილი დებულება, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს კომიტეტს.
2. კომიტეტი დაუყოვნებლივ შექმნის ექსპერტთა ჯგუფს და ნებისმიერ შემთხვევაში, არა უგვიანეს 60 დღისა მას შემდეგ, რაც კომიტეტი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას განვითარებადი წევრის ან ნაკლებად განვითარებული წევრისგან. ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს საკითხს და რეკომენდაციით მიმართავს კომიტეტს მისი შემადგენლობის შეკრებიდან 120 დღის განმავლობაში.
3. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შევა ხუთი დამოუკიდებელი პირი, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია გააჩნიათ ვაჭრობის ხელშეწყობასა და ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების მიზნით დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სფეროში. ექსპერტთა ჯგუფში დაბალანსებულად იქნებიან წარმოდგენილნი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები. თუ საკითხი ეხება ნაკლებად განვითარებული წევრის ჩართულობას, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შევა ნაკლებად განვითარებული წევრის ერთი წარმომადგენელი მაინც. თუ კომიტეტი ვერ მიაღწევს შეთანხმებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით მისი შექმნიდან 20 დღის განმავლობაში, გენერალური მდივანი, კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების გზით, განსაზღვრავს ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას წინამდებარე პუნქტის პირობების მიხედვით.
4. ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს წევრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია შესაბამის დებულებათა განხორციელების შესაძლებლობა და რეკომენდაციით მიმართავს კომიტეტს. ყველაზე ნაკლებად განვითარებულ წევრთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის განხილვისას, კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ზომებს, რათა ხელი შეუწყოს დებულებათა განხორციელების შესაძლებლობის განვითარებას.
5. წევრი არ დაექვემდებარება დავების გადაწყვეტის მექანიზმით გათვალისწინებულ პროცედურებს იმ მომენტიდან, როდესაც განვითარებადი წევრი კომიტეტს აცნობებს იმ ფაქტის შესახებ, რომ მას არ შეუძლია შესაბამისი დებულების განხორციელება, კომიტეტის პირველ სხდომამდე, სადაც კომიტეტი მიიღებს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას. ამ სხდომაზე კომიტეტი განიხილავს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას. ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში, დავების გადაწყვეტის მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურები ამ წევრის მიმართ არ გამოიყენება იმ დღიდან, როდესაც კომიტეტს ეცნობება იმ ფაქტის შესახებ, რომ წევრს არ შეუძლია შესაბამისი დებულების განხორციელება, იმ დრომდე, როდესაც კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან კომიტეტის ზემოაღნიშნული პირველი სხდომის ჩატარებიდან 24 თვის განმავლობაში, რომელიც თარიღიც უფრო ადრე დადგება.
6. თუ ნაკლებად განვითარებული წევრი დაკარგავს C კატეგორიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, ის მიჰყვება ამ მუხლში აღწერილ პროცედურას.
მუხლი 19🔗. B და C კატეგორიების გადანაცვლება
1. იმ განვითარებად წევრებს და ყველაზე ნაკლებად განვითარებულ წევრებს, რომლებმაც გააგზავნეს შეტყობინება მათ მიერ B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების შესახებ, შეუძლიათ გადაანაცვლონ დებულებები ამ კატეგორიებს შორის, კომიტეტისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ წევრი ითხოვს დებულების გადანაცვლებას B კატეგორიიდან C კატეგორიაში, მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც გაწეულ უნდა იქნას შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების მიზნით.
2. თუ საჭიროა დამატებითი ვადა B კატეგორიიდან C კატეგორიაში გადატანილი დებულების განხორციელების მიზნით, წევრს შეუძლია:
(a) ისარგებლოს მე-17 მუხლით, მათ შორის ვადის ავტომატურად გახანგრძლივების შესაძლებლობით;
(b) მოითხოვოს კომიტეტის მიერ წევრის მოთხოვნის განხილვა დებულების განხორციელებისთვის საჭირო ვადის გახანგრძლივებასთან და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების მიზნით დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს მე-18 მუხლის შესაბამისად ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნის განხილვისა და რეკომენდაციის გაცემის შესაძლებლობასაც; ან
(c) ნაკლებად განვითარებული წევრის შემთხვევაში, B კატეგორიაში შეტანილი დებულების განხორციელებისთვის დადგენილი ნებისმიერი ახალი ვადა, რომელიც წარმოადგენს თავდაპირველად დადგენილი ვადის გახანგრძლივებას 4 წელზე მეტი ხნით, ექვემდებარება დამტკიცებას კომიტეტის მიერ. ამასთან, ნაკლებად განვითარებული ქვეყანა კვლავაც სარგებლობს უფლებით მიმართოს მე-17 მუხლს. ნაკლებად განვითარებულ წევრს, რომელიც ახორციელებს კატეგორიებს შორის დებულებათა გადანაცვლებას, უნდა გაეწიოს მხარდაჭერა და დახმარება შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების მიზნით.
მუხლი 20🔗. დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების გამოყენების გადავადება
1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში, GATT 1994-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები, რომლებიც შემუშავებულია და მოქმედებს დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების საფუძველზე, არ გამოიყენება განვითარებადი წევრის წინააღმდეგ მიმართული იმ დავების მოგვარების მიზნით, რომლებიც შეეხება მის მიერ A კატეგორიაში შეტანილ ნებისმიერ დებულებას.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში, GATT 1994-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები, რომლებიც შემუშავებულია და მოქმედებს დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების საფუძველზე, არ გამოიყენება ნაკლებად განვითარებული წევრის წინააღმდეგ მიმართული იმ დავების მოგვარების მიზნით, რომლებიც შეეხება მის მიერ A კატეგორიაში შეტანილ ნებისმიერ დებულებას.
3. ნაკლებად განვითარებული წევრის მიერ B და C კატეგორიებში შეტანილი დებულებების განხორციელებიდან 8 წლის განმავლობაში, GATT 1994-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები, რომლებიც შემუშავებულია და მოქმედებს დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების საფუძველზე, არ გამოიყენება ნაკლებად განვითარებული წევრის წინააღმდეგ მიმართული იმ დავების მოგვარების მიზნით, რომლებიც შეეხება ზემოაღნიშნულ დებულებებს.
4. მიუხედავად დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების გამოყენების გადავადებისა, XXII და XXIII მუხლების შესაბამისად კონსულტაციების მოთხოვნამდე, და ნაკლებად განვითარებული წევრის მიერ გატარებულ ზომასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის მოგვარების პროცესის ყველა ეტაპზე, წევრი მხედველობაში მიიღებს ნაკლებად განვითარებული წევრების სპეციფიკურ გარემოებებს. ამასთან დაკავშირებით, წევრები თავს შეიკავებენ დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების გამოყენებით ისეთი საკითხების განხილვისგან, რომლებიც შეეხება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ წევრებს.
5. თითოეული წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, წინამდებარე მუხლით გათვალიწინებულ გადავადების პერიოდში, სათანადო შესაძლებლობას მისცემს სხვა წევრებს განიხილონ წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მუხლი 21🔗. დახმარების გაწევა ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების მიზნით
1. დონორი წევრები თანხმდებიან ხელი შეუწყონ განვითარებადი წევრებისა და ნაკლებად განვითარებული წევრებისთვის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევას ურთიერშეთანხმებული პირობების დაცვით, ორმხრივ საფუძველზე, ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. აღნიშნულის მიზანია განვითარებადი წევრებისა და ნაკლებად განვითარებული წევრებისთვის დახმარების გაწევა წინამდებარე შეთანხმების I კარის დებულებათა განხორციელებაში.
2. ნაკლებად განვითარებული წევრების სპეციალურ საჭიროებათა გათვალისწინებით, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ წევრებს გაეწევათ მიზნობრივი მხარდაჭერა და დახმარება, რათა მათ შეძლონ მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თავიანთი ვალდებულებების შესრულების მიზნით. განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესაბამისი მექანიზმების მეშვეობით, და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერის პრინციპების დაცვით, რომლებიც მითითებულია 3 პუნქტში, პარტნიორები უზრუნველყოფენ ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების მიზნით დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევას აღნიშნულ სფეროში ისეთი ფორმით, რაც გავლენას არ იქონიებს განვითარების სფეროში არსებულ პრიორიტეტებზე.
3. წევრები, წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, შეეცდებიან გამოიყენონ ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის შემდეგი პრინციპები:
(a) გაითვალისწინებენ მიმღები ქვეყნებისა და რეგიონების განვითარების საერთო ჩარჩოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში –
რეფორმისა და ტექნიკური დახმარების მიმდინარე პროგრამებს;
(b) საჭიროებისა და შესაბამისობის შემთხვევაში განახორციელებენ საქმიანობას პრობლემების მოგვარების მიზნით რეგიონულ და ქვერეგიონულ დონეზე, და ხელს შეუწყობენ რეგიონულ და ქვერეგიონულ ინტეგრაციას;
(c) უზრუნველყოფენ კერძო სექტორში ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე რეფორმების ინტეგრაციას დახმარების მიზნით განხორციელებულ ქმედებებში;
(d) ხელს შეუწყობენ კოორდინაციას წევრებსა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს, მათ შორის, რეგიონულ ეკონომიკურ გაერთიანებებს შორის, რათა უზრუნველყონ დახმარების შედეგების მაქსიმალური ეფექტიანობა. ამ მიზნით:
(i) კოორდინაცია პარტნიორ წევრებსა და დონორებს, და ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებს შორის იმ ქვეყანაში ან რეგიონში, სადაც უნდა განხორციელდეს დახმარება, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თავიდან იქნას აცილებული დახმარების პროგრამების ფარგლებში გაწეული ძალისხმევის დუბლირება, ასევე შეუსაბამობები რეფორმების განხორციელების პროცესში, ტექნიკური დახმარებისა და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროების მჭიდრო კოორდინაციის გზით;
(ii) ნაკლებად განვითარებული წევრებისთვის, გაძლიერებული ინტეგრირებული ჩარჩო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ვაჭრობასთან დაკავშირებული დახმარების გაწევის მიზნით უნდა გახდეს ამგვარი კოორდინაციის ნაწილი;
(iii) შეთანხმებისა და ტექნიკური დახმარების განხორციელების პროცესში, წევრებმა ასევე ხელი უნდა შეუწყონ შიდა კოორდინაციას ვაჭრობისა და განვითარების სფეროში დასაქმებულ თავიანთ მოხელეებს შორის როგორც დედაქალაქებში, ისე ჟენევაში.
(e) ხელს შეუწყობენ ქვეყნისა და რეგიონის დონეზე ისეთი საკოორდინაციო სტრუქტურების გამოყენებას, როგორიცაა: მრგვალი მაგიდები და საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევენ საიმპლემენტაციო საქმიანობას; და
(f) წაახალისებენ წევრებს, რათა მათ ხელი შეუწყონ სხვა განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარების გაწევას, და განიხილავენ ამგვარი საქმიანობის მხარდაჭერის შესაძლებლობას.
4. კომიტეტი გამართავს წელიწადში არანაკლებ ერთ სხდომას, რათა:
(a) განხილულ იქნას ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების დებულებების ან დებულებათა ქვეპუნქტების განხორციელებას;
(b) შეფასდეს ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის კუთხით მიღწეული პროგრესი, რომლის მიზანია წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის, იმ განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ხელშეწყობა, რომლებსაც არ მიუღიათ შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში;
(c) გაიცვალოს გამოცდილება და ინფორმაცია ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების დახმარებისა და მხარდაჭერის და იმპლემენტაციის სფეროში მიმდინარე პროგრამებზე, მათ შორის, გამოწვევებსა და წარმატებებზე;
(d) გადასინჯულ იქნეს დონორთა შეტყობინებები, რომლებიც მითითებულია 22-ე მუხლში; და
(e) გადასინჯულ იქნეს 2 პუნქტის მოქმედების სფერო.
მუხლი 22🔗. კომიტეტისთვის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ წარსადგენი ინფორმაცია
1. I კარის განხორციელების მიზნით განვითარებადი წევრებისთვის და ნაკლებად განვითარებული წევრებისთვის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეული დონორი წევრი, რომელიც დახმარებას უწევს განვითარებად წევრებს და ნაკლებად განვითარებულ წევრებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისას და ამის შემდგომ ყოველწლიურად, კომიტეტს წარუდგენს შემდეგ ინფორმაციას, ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში წინა 12 თვის განმავლობაში მის მიერ გაწეული დახმარების შესახებ და, თუ შესაძლებელია, მომდევნო 12 თვის განმავლობაში[22] გასაწევი დახმარების შესახებ:
(a) ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების მიზნით დახმარებისა და მხარდაჭერის აღწერა;
(b) გაწეული/გამოყოფილი დახმარების სტატუსისა და რაოდენობის განსაზღვრა;
(c) დახმარებისა და მხარდაჭერის განხორციელების პროცედურები;
(d) ბენეფიციარი წევრი, ან, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონი; და
(e) დახმარებისა და მხარდამჭერის გამწევი წევრის განმახორციელებელი სამსახური.
ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს 1 დანართში მითითებულ ფორმატში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (წინამდებარე შეთანხმებით შემდგომში „OECD“ წოდებული) წევრების შემთხვევაში, მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ეყრდნობოდეს OECD-ს კრედიტორთა ანგარიშგების სისტემიდან მიღებულ შესაბამის ინფორმაციას. იმ განვითარებად წევრებს, რომლებსაც შესწევთ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა, ეძლევათ რეკომენდაცია წარმოადგინონ ზემოთ მითითებული ინფორმაცია.
2. დონორი წევრები, რომლებიც დახმარებას უწევენ განვითარებად წევრებსა და ნაკლებად განვითარებულ წევრებს, კომიტეტს წარუდგენენ:
(a) თავიანთი უწყებების საკონტაქტო მონაცემებს, რომლებსაც ევალებათ წინამდებარე შეთანხმების I კარის დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში მოქმედ იმ საკონტაქტო პუნქტებთან დაკავშირებით, სადაც უნდა მოხდეს დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა; და
(b) ინფორმაციას ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის მოთხოვნის პროცესთან და მექანიზმებთან დაკავშირებით.
განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ წევრებს, რომლებსაც შესწევთ დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა, ეძლევათ რეკომენდაცია წარმოადგინონ ზემოთ მითითებული ინფორმაცია.
3. ის განვითარებადი წევრები და ნაკლებად განვითარებული წევრები, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დახმარებითა და მხარდაჭერითა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სფეროში, კომიტეტს წარუდგენენ იმ უწყებ(ებ)ის საკონტაქტო მონაცემებს, რომლებსაც ევალებათ ამგვარი დახმარებისა და მხარდაჭერის კოორდინაცია და პრიორიტეტიზაცია.
4. წევრებს შეუძლიათ 2 და 3 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია განათავსონ ინტერნეტბმულებზე და აუცილებლობის შემთხვევაში განაახლონ ამგვარი ინფორმაცია. სამდივნო უზრუნველყოფს ამგვარი ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას.
5. კომიტეტი თხოვნით მიმართავს შესაბამის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს (როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO), გაეროს რეგიონული კომისიები, მსოფლიო ბანკი ან მათი დამხმარე უწყებები, და რეგიონული განვითარების ბანკები) და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა უწყებებს წარმოადგინონ 1, 2 და 4 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია.
კარი III
ინსტიტუციური მექანიზმები და დასკვნითი დებულებები
მუხლი 23🔗. ინსტიტუციური მექანიზმები
1. ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტი
1.1 წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე იქმნება ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტი.
1.2 კომიტეტი ღიაა ყველა წევრისთვის და ირჩევს თავის თავმჯდომარეს. კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ და როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებებით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რათა წევრებს მიეცეთ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან და მისი მიზნების განვრცობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა. კომიტეტი შეასრულებს წინმადებარე შეთანხმების ფარგლებში ან წევრების მიერ მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს. კომიტეტი შეიმუშავებს თავის მუშაობის წესებს.
1.3 საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი შექმნის დამხმარე უწყებებს. ყველა მათგანი ანგარიშვალდებული იქნება კომიტეტის წინაშე.
1.4 კომიტეტი შეიმუშავებს პროცედურებს, რომელთა გამოყენებითაც წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შესაბამის ინფორმაციასა და საუკეთესო პრაქტიკას.
1.5 კომიტეტი ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში მჭიდრო კონტაქტებს იქონიებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, იმისათვის, რომ მიიღოს საუკეთესო რეკომენდაცია წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების სფეროში და უზრუნველყოს ძალისხმევის დუბლირების თავიდან აცილება. ამ მიზნით, კომიტეტს შეუძლია ამგვარი ორგანიზაციების ან მათი დამხმარე უწყებების წარმომადგენლები მიიწვიოს:
(a) კომიტეტის სხდომებზე დასასწრებად;
(b) წინმადებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განსახილველად.
1.6 კომიტეტი განიხილავს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებასა და განხორციელებას მისი ძალაში შესვლიდან 4 წლის შემდეგ და ამის შემდგომ –
პერიოდულად.
1.7 წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია კომიტეტის წინაშე დააყენონ საკითხები, რომლებიც შეეხება წინმადებარე შეთანხმების განხორციელებასა და გამოყენებას.
1.8 კომიტეტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ad hoc შეხვედრების გამართვას წევრებს შორის, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სპეციფიკური საკითხების განხილვისა და ყველასთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღწევის მიზნით.
2. ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი
თითოეული წევრი შექმნის ან/და შეინარჩუნებს ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტს, ან უკვე არსებულ ინსტიტუციურ მექანიზმს დააკისრებს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობას.
მუხლი 24🔗. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ტერმინი „წევრი“ მოიცავს წევრის კომპეტენტურ ორგანოსაც.
2. წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება სავალდებულოა შესასრულებლად ყველა წევრისთვის.
3. წევრები შეუდგებიან წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას მისი ძალაში შესვლის დღიდან. ის განვითარებადი წევრები და ნაკლებად განვითარებული წევრები, რომლებიც ირჩევენ II კარის დებულებათა გამოყენებას, წინამდებარე შეთანხმებას განახორციელებენ II კარის დებულებათა შესაბამისად.
4. ის წევრი, რომელიც წინამდებარე შეთანხმებას მიიღებს მისი ძალაში შესვლის შემდეგ, B და C კატეგორიებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების ათვლას დაიწყებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.
5. საბაჟო კავშირის ან რეგიონული ეკონომიკური მექანიზმის წევრებს შეუძლიათ განახორციელონ რეგიონული მიდგომები, რაც მათ დაეხმარებათ ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის, რეგიონული ორგანოების შექმნისა და გამოყენების გზით.
6. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების 1A დანართის ზოგადი განმარტებითი ბარათის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ზღუდავდეს წევრების იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ ეკისრებათ GATT 1994-ის შესაბამისად. ამასთანავე, წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნას განმარტებული ისე, თითქოს იგი ზღუდავდეს წევრების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მათ გააჩნიათ „ვაჭრობის წინაშე არსებული ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმებისა და „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად.
7. ყველა სახის გამონაკლისი და გადასახადებისგან განთავისუფლება[23], რომლებსაც ითვალისწინებს GATT 1994 გავრცელდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებზეც. GATT 1994-ზე ან მის რომელიმე ნაწილზე უარის თქმა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, მსო-სდამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების IX:3 და IX:4 მუხლებისა და მისი ნებისმიერი შესწორების შესაბამისად, გავრცელდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებზეც.
8. GATT 1994-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები, რომლებიც შემუშავებულია და მოქმედებს დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების საფუძველზე, გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და დავების მოგვარების მიმართ, თუ წინამდებარე შეთანხმება სხვაგვარ წესს არ ითვალისწინებს.
9. დათქმები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულების მიმართ, სხვა წევრების თანხმობის გარეშე.
10. განვითარებადი წევრებისა და ნაკლებად განვითარებული წევრების A კატეგორიაში შეტანილი ვალდებულებები, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-15 მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
11. განვითარებადი წევრებისა და ნაკლებად განვითარებული წევრების B და C კატეგორიაში შეტანილი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია კომიტეტის მიერ და თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-16 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
დანართი 1: 22 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების ფორმატი
დონორი წევრი:
შეტყობინების ვადა:
ტექნიკური დახმარების, ფინანსური დახმარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების რესურსების აღწერა
გაწეული/გამოყოფილი დახმარების სტატუსი
ბენეფიციარი ქვეყანა/რეგიონი (აუცილებლობის შემთხვევაში)
განმახორციელებელი სამსახური იმ წევრ ქვეყანაში, რომელიც ანხორციელებს დახმარებას
დახმარების გამოყოფის პროცედურა
* აღნიშნული დოკუმენტი წინაზე გამოიცა WT/PCTF/W27 ნომრით.
[1] თითოეულ წევრს უფლება აქვს თავის ვებგვერდზე განსაზღვროს ამგვარი აღწერილობის დასაშვები სამართლებრივი ფარგლები.
[2] ამ პუნქტის ფარგლებში: (a) გადასინჯვა, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე ან მის შემდგომ, შეიძლება წარმოადგინოს გადაწყვეტილების გამომტანმა თანამდებობის პირმა, სამსახურმა ან ორგანომ, უფრო ზემდგომმა ან დამოუკიდებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ან სასამართლო ორგანომ; და (b) წევრი ვალდებული არ არის განმცხადებელს მისცეს მიმართვის უფლება შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაზე.
[3] მიიჩნევა, რომ წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობასთან მიმართებაში შეიძლება წარმოადგენდეს წარმოშობის დადგენას „წარმოშობის წესების შესახებ“ შეთანხმების მიზნებისთვის, და ამ შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილება პასუხობს როგორც წინამდებარე შეთანხმების, ისე „წარმოშობის წესების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებს. ანალოგიურად, წარმოშობის დადგენა „წარმოშობის წესების შესახებ“ შეთანხმების მიხედვით შეიძლება წარმოადგენდეს საქონლის წარმოშობასთან მიმართებაში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის მიღებულ წინასწარ გადაწყვეტილებას, და ამ შემთხვევაშიც წინასწარი გადაწყვეტილება პასუხობს ორივე შეთანხმების მოთხოვნებს. შესაბამისად, წევრებს არ მოეთხოვებათ „წარმოშობის წესების შესახებ“ შეთანხმებით უკვე დადგენილის გარდა რაიმე სხვა ზომების მიღება წარმოშობის დადგენის მიზნით, იმ პირობით, თუ წინამდებარე მუხლის მოთხოვნები შესრულებულია.
[4] წინამდებარე მუხლში მითითებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ნიშნავს იურდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს კონკრეტული პირის უფლებებსა და მოვალეობებზე კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. მიიჩნევა, რომ ამ მუხლში მოხსენიებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მოიცავს ადმინისტრაციულ სარჩელს GATT 1994-ის X მუხლის მნიშვნელობით, ან ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის, ან წევრის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სამართლებრივი სისტემის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობას. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, წევრებმა შეიძლება აამოქმედონ ალტერნატიული ადმინისტრაციული მექანიზმი ან მიმართონ სასამართლოს, რომლის მიხედვითაც საბაჟო ორგანოს დაეკისრება ვალდებულება დაუყოვნებლივ გამოიტანოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების ან გადასინჯვის უფლებასაც ითვალისწინებს 1(a) ქვეპუნქტი.
[5] წინამდებარე პუნქტი არ ართმევს წევრს უფლებას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჩივრის ან გადასინჯვის მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვება ჩათვალოს განმცხადებლის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებად, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
[6]თითოეულ წევრს შეუძლია თავად განსაზღვროს საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს დახარჯული საშუალო დროის გაზომვის სფერო და განსაზღვრის მეთოდიკა, თავის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით.
[7] 7.3 (a)-(g) ქვეპუნქტებში მითითებული ზომები ჩაითვლება მიღებულად უფლებამოსილ ოპერატორთა მიმართ, თუ ისინი ვრცელდება ყველა ოპერატორზე.
[8] იმ შემთხვევაში, თუ წევრი უკვე იყენებს პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს 8.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ეს წევრი ვალდებული არ იქნება ცალკე შემოიღოს საქონლის დაჩქარებული წესით გაშვების პროცედურები.
[9]აღნიშნული მოქმედი კრიტერიუმები, თუ ასეთი არსებობს, იმოქმედებს წევრის იმ მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც ვრცელდება საჰაერო გზით საზღვარზე შემოტანილ ყველა სახის საქონელს, თუ გადაზიდვაზე.
[10] წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, მალფუჭებადი საქონელი ნიშნავს საქონელს, რომელიც სწრაფად ფუჭდება თავისი თვისებების გამო, განსაკუთრებით შენახვის სათანადო პირობების არარსებობის შემთხვევაში.
[11] ეს პუნქტი არ ართმევს წევრს უფლებას მოითხოვოს ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა სერტიფიკატები, ნებართვები ან ლიცენზიები, კონტროლს დაქვემდებარებული ან რეგულირებული საქონლის შემოტანის მიზნით.
[12]წინამდებარე პუნქტი შეეხება საქონლის გაგზავნამდე შემოწმებას „საქონლის გაგზავნამდე შემოწმების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად და არ გამორიცხავს საქონლის გაგზავნამდე შემოწმებას სანიტარული და ფიტოსანიტარიული მიზნებისთვის.
[13] წინამდებარე პუნქტი არ ზღუდავს წევრის უფლებას შეინარჩუნოს არსებული პროცედურები, რომელთა მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალება შეიძლება წარმოადგენდეს სატრანზიტო გადაზიდვების უზრუნველყოფის საშუალებას.
[14] აღნიშნული ქმედების მიზანია შეამციროს ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევათა რაოდენობა და შესაბამისად შეამციროს ინფორმაციის გაცვლის საჭიროება ვალდებულებათა შესრულების მიზნით.
[15] აღნიშნული შეიძლება გულისხმობდეს მე-3 პუნქტის შესაბამისად ჩატარებულ შემოწმებასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას. ამგვარი ინფორმაცია უნდა ექვემდებარებოდეს დაცვისა და კონფიდენციალურობის იმ დონეს, რომელსაც განსაზღვრავს შემოწმების ჩამტარებელი წევრი.
[16] წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „ინსტიტუციური შესაძლებლობათა განვითარების სფეროში დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევამ“ შეიძლება მიიღოს ტექნიკური, ფინანსური ან დახმარების ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმა.
[17] ამგვარი შეტყობინებები შეიძლება მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას, რომელსაც შეტყობინების გამგზავნი მხარე ჩათვლის საჭიროდ. წევრებს ეძლევათ რეკომენდაცია წარმოადგინონ ინფორმაცია იმ ადგილობრივი უწყების/სამსახურის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია იმპლემენტაციაზე.
[18] წევრებს შეუძლიათ ასევე თან დაურთონ ინფორმაცია ვაჭრობისხელშეწყობის სფეროში ეროვნული საიმპლემენტაციო გეგმების ან პროექტების; იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი უწყების/სამსახურის; იმ დონორების შესახებ, რომლებთანაც წევრს შეიძლება ამოქმედებული ჰქონდეს დახმარების გაწევის მექანიზმი.
[19] ამგვარი მექანიზმები იქნება ურთიერშეთანხმებული, ან ორმხრივად, ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, 21-ე მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად.
[20] წევრებს შეუძლიათ ასევე თან დაურთონ ინფორმაცია ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში ეროვნული საიმპლემენტაციო გეგმების ან პროექტების; იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი უწყების ან სამსახურის, ასევე იმ დონორების შესახებ, რომლებთანაც წევრს შეიძლება დაწყებული ჰქონდეს დახმარების გაწევის პროცედურა.
[21] ამგვარი მექანიზმები იქნება ურთიერშეთანხმებული, ან ორმხრივად, ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, 21-ე მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად.
[22] ეს ინფორმაცია უნდა ასახავდეს ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარების სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის კავშირს მოთხოვნასთან.
[23] აღნიშნული გულისხმობს GATT 1994-ის V:7 და X:1 მუხლებსა და GATT 1994-ის VIII მუხლის Ad note.