შპს „აჭართევზის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/265-17
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,აჭართევზი’’ (ს/კ 245383730)
დირექტორი: რევაზ ლორთქიფანიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა, გაკოტრებულად გამოცხადება და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,აჭართევზის’’ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 3 თებერვალს შპს ,,აჭართევზის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ საწარმო წარმოადგენს შპს ,,სარემონტო სამშენებლო სამმართველოს (ს/კ 245386363) 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს შპს ,,სარემონტო სამშენებლო სამმართველო’’. საზოგადოება არ ფუნქციონირებსდაამავედროს2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქვს 243 440 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის გადახდის საშუალება არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებიდან უზრუნველყოფილი (საგადახადო-საბიუჯეტო) კრედიტორული დავალიანება შეადგენს 208 447 ლარს. კომპანიის აქტივები შეადგენს 28 ლარს, შესაბამისად საზოგადოებაში ადგილი აქვს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას შპს ,,აჭართევზის’’ მიმართ.
2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან – არის თუ არა შპს ,,აჭართევზი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; სრულყოფილად წარმოედგინა ინფორმაცია შპს ,,აჭართევზის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონების შესახებ. მიეთითებინა, გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით უზრუნველყოფდა თუ არა საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ,,აჭართევზის’’ დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და წარმოადგინა საჯაო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,,აჭართევზი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ არის; ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,აჭართევზის’’ სახელზე რეგისტრირებული 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გაზ 52-01 (სახ. ნომრით BBD823) ფაქტობრივად სახეზე არ არის, სავარაუდოდ იგი რეალიზებულია და ჩამოწერილია 2007 წლამდე პერიოდში, თუმცა შესაბამისი ცვლილებები სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული არ არის. ამასთან, მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს ,,აჭართევზი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა ,,52-01“, რომელიც კომპანიის დირექტორის განმარტებით სახეზე არ არის (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან, შსს წერილი). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი ჰქონდა საქართველოს ბანკში, ვითიბი ბანკი ჯორჯიაში და სილქ როუდ ბანკში, თუმცა დღეის მდგომარეობით აღნიშნული ანგარიშები დახურულია. ამავდროულად კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 243 440 ლარის ოდენობით, რომლისგანაც უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებაა 208 447 ლარი (იხ. შედარების აქტი, რეესტრის საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ).
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,აჭართევზსს“ (ს/კ 245383730) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11),განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე