შპს „არლის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/6737-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2017 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „არლი”
წარმომადგენელი (დირექტორი): ლელა ზარნაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 10 მარტს შპს „არლის” წარმომადგენელმა ლელა ზარნაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „არლის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, სახელმწიფოს მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანება 09.03.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 8 701,96 ლარს. საზოგადოების კრედიტორი არის ასევე სს „საქართველოს ბანკი”, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 485 083,56 აშშ დოლარს. 2016 წლის 01 ნოემბრიდან კომპანია არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „საქართველოს ბანკში”, სადაც ნაშთი ნულ ლარს შეადგენს. საზოგადოებას რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 მარტის ცნობების მიხედვით,შპს „არლის” სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. შპს „არლი” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 06 მარტის ცნობის მიხედვით, შპს „არლის” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო გაეცნო განცხადებას და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „არლის” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის , თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს „არლის” არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე . ამასთან , უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „არლის“ (ს/ნ 402018758) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „არლის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი