„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო უსაფრთხოება
მიღების თარიღი 30.03.2017
ძალაში შესვლა 30.03.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 01.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №31
2017 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დროებითი მოთავსების იზოლატორის (შემდგომში – იზოლატორი) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს იზოლატორის საქმიანობის წესს და იზოლატორში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში მოთავსების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად იზოლატორის მოსამსახურეებისთვის, იზოლატორში მოთავსებული პირებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის/იმყოფება იზოლატორის ტერიტორიაზე.
3. შინაგანაწესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. იმ მოთავსებული პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება იზოლატორის მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას, გამოიყენება იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დანართის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოთავსებული პირი – იზოლატორში მოთავსებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირი;
ბ) მოსათავსებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლების მიერ იზოლატორში მოსათავსებლად წარდგენილი პირი იზოლატორში მისი მოთავსების პროცედურის დასრულებამდე;
გ) სამედიცინო მუშაკი – სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისთვის ხელშეკრულებით განსაზაღვრულ იზოლატორში ან/და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი;
დ) ახლო ნათესავი – შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა იზოლატორში მოთავსებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ე) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი – იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;
ვ) საგანგებო სიტუაცია – იზოლატორში არსებული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას იზოლატორში მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თავი II
იზოლატორში მოთავსების აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 3🔗. იზოლატორში პირის მოთავსების საფუძვლები და პროცედურები
1. იზოლატორში მოსათავსებელ პირს წერილობითი მიმართვის საფუძველზე იზოლატორში წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლები.
2. იზოლატორში პირის მოთავსების საფუძველია:
ა) ბრალდებულის დაკავების ოქმი;
ბ) სასამართლოში სამართალდამრღვევის დაკავების ოქმი;
გ) სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაკავების ოქმი;
დ) მოსამართლის განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.
3. სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია, საქმის განხილვისას ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, დროებით მოთავსდეს იზოლატორში, თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და გართულებულია ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა. იზოლატორში მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს უშუალოდ განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს პატიმრობის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესის მოთხოვნებს ან/და მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების ინტერესებს.
4. მოსათავსებელი პირის იზოლატორში მოთავსების პროცედურის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი ან/და მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსი.
5. იზოლატორში არ მიიღება:
ა) პირი, რომლის ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მის იზოლატორში მოთავსების საშუალებას და ამის შესახებ არსებობს სამედიცინო მუშაკის გადაწყვეტილება;
ბ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირი.
6. მოსათავსებელი პირის იზოლატორში წარდგენისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე პირის შესახებ არსებულ ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აღრიცხავს მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში – ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზა).
7. მოსათავსებელი პირის პირად დათვალიერებას და მისი ნივთების შემოწმებას დადგენილი წესით ახორციელებს სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მორიგე-გუშაგი, რომელსაც ზედამხედველობს იზოლატორის ცვლის უფროსი.
8. იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს წერილობით გააცნობს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს, შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს, რასაც მოსათავსებელი პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ მოსათავსებელმა პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, აღნიშნული ინფორმაცია პირს მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
9. იზოლატორში მოსათავსებელ წერა-კითხვის უცოდინარ, აგრეთვე უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით. ყრუ-მუნჯს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით.
10. იზოლატორში მოსათავსებელ არასრულწლოვან პირს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.
11. მოსათავსებელი პირი პირადი დათვალიერებისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.
12. მოსათავსებელი პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირება. მოთავსებული პირის ფოტოსურათი და ელექტრონული ხელმოწერა იტვირთება შესაბამის ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
13. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ იზოლატორის ცვლის უფროსი მოსათავსებელ პირს ათავსებს საკანში.
მუხლი 4🔗. იზოლატორში პირის მოთავსების ზოგადი წესი
1. პირები იზოლატორში მოთავსებული არიან საკნებში, სადაც პირთა უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მოთავსებული პირები საკნებში განლაგდებიან შემდეგი წესების დაცვით:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად პატიმრობაშეფარდებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;
გ) მამაკაცები თავსდებიან ქალებისგან განცალკევებით;
დ) არასრულწლოვნები თავსდებიან სრულწლოვანი პირებისგან განცალკევებით;
ე) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირები იზოლატორში თავსდებიან ცალ-ცალკე; გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც;
ვ) ორსული ქალები თავსდებიან სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;
ზ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.
3. იზოლატორის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება იზოლატორში პირთა განცალკევებით მოთავსების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვა ან/და სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია იშუამდგომლოს სხვა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დანაყოფთან, მოთავსებული პირის სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცემულ და გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.
მუხლი 5🔗. პირადი დათვალიერება
1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით, იმ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისას მისი ტანსაცმელი თვალიერდება და ისინჯება იზოლატორის უფლებამოსილი მორიგე-გუშაგის მიერ. პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.
2. პირადი დათვალიერების დაწყების წინ იზოლატორის მოსამსახურე პირს გააცნობს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც მოთავსებულ პირს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (შინაგანაწესის დანართი №1).
3. პირადი დათვალიერების დაწყების წინ იზოლატორის მოსამსახურემ პირს უნდა მოსთხოვოს ყველა იმ ნივთის წარდგენა, რომელიც გათვალისწინებული არ არის შინაგანაწესის დანართი №1-ით. თუ პირს პირადი დათვალიერების პროცესში აღმოაჩნდება აღნიშნული ნივთი, იგი ექვემდებარება ჩამორთმევას იზოლატორის მოსამსახურის მიერ.
4. მოსათავსებელი პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარმოდგენის ან იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.
5. ნივთი, რომელიც წარმოადგინა პირმა ან ჩამოერთვა პირს, მაგრამ არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველი, დეტალურად აღიწერება პირადი დათვალიერების ოქმში. აღნიშნული ნივთები, გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა, ინახება იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას, რასაც მოთავსებული პირი ან/და დამკავებელი ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს პირადი დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით. მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 6🔗. პირველადი სამედიცინო შემოწმება
1. მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას.
2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე.
3. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფდანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. თუ ექიმს წარმოეშობა ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, იგი ვალდებულია, აცნობოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ შეტყობინებას უგზავნის საქართველოს პროკურატურას და სამსახურის გენერალურ ინსპექციას.
4. იზოლატორში, როდესაც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით. მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ან/და სხეულის ახლად მიღებული დაზიანების არსებობის შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას.
5. პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით არ იძლევა იზოლატორში მისი მოთავსების შესაძლებლობას, იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 7🔗. მოთავსებული პირის იზოლატორის ტერიტორიაზე გადაადგილების წესი
1. მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა დასაშვებია მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოთავსებული პირი ვალდებულია, იზოლატორის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს იზოლატორის მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იზოლატორის მოსამსახურეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოთავსებულ პირს ხელების ზურგს უკან დალაგება.
3. მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა 22.00 საათიდან 06.00 საათამდე შესაძლებელია:
ა) ადვოკატთან შეხვედრისას;
ბ) იზოლატორიდან გათავისუფლებისას;
გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
დ) გადაუდებელი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად;
ე) საგანგებო შემთხვევის დროს ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
4. იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია 06.00 საათიდან 22.00 საათამდე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას – ნებისმიერ დროს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და ადვოკატის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისათვის.
5. იზოლატორის უფროსი უფლებამოსილია, მოთავსებული პირი საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, გადაიყვანოს ერთი საკნიდან მეორეში.
მუხლი 8🔗. მოთავსებული პირის უფლება ადვოკატზე
1. მოთავსებული პირის უფლება ადვოკატზე მოიცავს ადვოკატთან დაკავშირებისა და ადვოკატის მიერ პირის მონახულების უფლებას. ადვოკატთან დაკავშირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იზოლატორში მოთავსებიდან გონივრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია მოთავსებული პირის ადვოკატის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, იზოლატორის მოსამსახურე თავად უკავშირდება მას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატის ვინაობა ან/და საკონტაქტო მონაცემები უცნობია, ადვოკატთან დაკავშირებას უზრუნველყოფს მოთავსებული პირის დამკავებელი ორგანო.
2. ადვოკატის მიერ შესაბამისი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი ორდერი) წარდგენის შემთხვევაში იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს, პირისპირ შეხვდეს მას ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, იზოლატორის საგამოძიებო ოთახში, სხვა პირის დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის განუსაზღვრელად.
3. პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატისა და მოთავსებული პირის შეხვედრის ადგილის სიახლოვეს შესაძლოა იმყოფებოდეს იზოლატორის მოსამსახურე. იზოლატორის მოსამსახურის ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ადვოკატისა და მოთავსებული პირის საუბრის კონფიდენციალობას.
მუხლი 9🔗. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა
1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება:
ა) პროკურორის დადგენილების საფუძველზე იმ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, რომელთა ჩატარებაც იზოლატორში ტექნიკურად შეუძლებელია;
ბ) სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) შესაბამის ჩანაცვლებით პროგრამაზე გადაყვანისას;
დ) სასამართლოში წარსადგენად;
ე) შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევებში სამმართველოს უფროსის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას.
2. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
3. იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე შესაბამის დაწესებულებას.
მუხლი 10🔗. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი
1. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის მოსამსახურეების, იზოლატორში მოთავსებული ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მოთავსებულ ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე იზოლატორის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
2. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
3. დეესკალაციის ოთახში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მოთავსებული პირი. გაფრთხილების ოქმში აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დაწყების დრო. გაფრთხილების ოქმს ხელს აწერს იზოლატორის ცვლის უფროსი და მოთავსებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. თუ მოთავსებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. დაუშვებელია იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება მოთავსებული პირის დასჯის მიზნით.
მუხლი 11🔗. ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი
1. სამმართველო უფლებამოსილია, განახორციელოს იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2. ვიდეომეთვალყურეობის ცენტრალური მართვა ხორციელდება სამმართველოში, ამ მიზნით გამოყოფილ ოთახში (შემდგომში – ცენტრალური მართვის ოთახი), სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის მიერ.
3. ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს:
ა) სამსახურის უფროსს;
ბ) სამმართველოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს;
გ) სამმართველოს უფროსს;
დ) სამმართველოს უფროსის მოადგილეებს;
ე) სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეებს;
ვ) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით,სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე სხვა პირს, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
4. აკრძალულია ცენტრალური მართვის ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღება/ჩაწერა მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე.
5. ცენტრალური მართვის ოთახში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით – სხვა პირებს.
6. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. გადაღებული მასალა ინახება ცენტრალური მართვის ოთახში არანაკლებ 24 საათისა, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად.
7. გადაღებული მასალის გაცნობა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ჩამწერ მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.
9. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით გადაღებული მასალის დაარქივება ხორციელდება შემდეგი შემთხვევის/გარემოების აღმოჩენისას:
ა) სამართალდარღვევა, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები;
ბ) მოთავსებული პირის გარდაცვალება;
გ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტები;
დ) მოთავსებული პირის მხრიდან თვითდაზიანების ან/და სუიციდის მცდელობის შემთხვევები;
ე) სხვა შემთხვევებში სამმართველოს უფროსის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
10. დაარქივებული მასალა ინახება სამმართველოში, საამისოდ დაცულ ბაზაში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი, რომელსაც ადგენს სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება.
11. დაარქივებული მასალის, მათ შორის, ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს სამმართველოს უფროსი კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის თანხმობით.
12. დაარქივებული მასალა ინახება იმ სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
13. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა კომისიის მიერ უნდა განადგურდეს ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას.
14. განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება განადგურებული მასალის მოცულობა, განადგურების დრო, ადგილი, ფორმა და სხვა მონაცემები.
მუხლი 12🔗. ამანათის მიღება იზოლატორში
1. იზოლატორში ამანათის სახით მიიღება ამ შინაგანაწესით (შინაგანაწესის დანართი №1) გათვალისწინებული ნივთები. შესაბამისი დანიშნულებისა და რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მოთავსებულ პირს აქვს ქარხნული წესით დალუქული სამკურნალო საშუალების ამანათის სახით მიღების უფლება, რომელიც ინახება მოთავსებული პირის პირად ნივთებთან ერთად.
2. იზოლატორში ამანათები მიიღება იმ პირისგან, რომელსაც გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი პირადი ნომრითა და ფოტოსურათით.
3. იზოლატორის მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს იზოლატორში მოთავსებული პირისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს, გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას და გააცნობს შინაგანაწესის დანართი №1-ით დადგენილ ჩამონათვალს.
4. იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ამანათის შემგზავნი პირის თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას შინაგანაწესის №1 დანართით დადგენილ ჩამონათვალთან.
5. ამანათის შემოწმებისას აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №1 დანართით, ამოიღება და გადაეცემა ამანათის შემგზავნ პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. ამანათის შემოწმებისას სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.
7. შესაბამისი შემოწმების შემდეგ ამანათის მიღების შესახებ ინფორმაცია იზოლატორის ცვლის უფროსის მიერ რეგისტრირდება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
8. იზოლატორის მოსამსახურე ამანათის შემოწმების შემდეგ იზოლატორში მოთავსებულ პირს გადასცემს განცხადებაში მითითებულ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს. ამანათის მიღების დადასტურების მიზნით მოთავსებული პირი ხელს აწერს განცხადებას.
მუხლი 13🔗. იზოლატორის საკნების შემოწმება
1. იზოლატორის საკნების შემოწმება ხორციელდება იზოლატორის მოსამსახურეების მიერ ყოველ დილით სამორიგეო ცვლის გადაბარებისას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში იზოლატორის უფროსის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შემოწმების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.
2. იზოლატორის საკნების შემოწმების დაწყებამდე იზოლატორის მოსამსახურეს გამოჰყავს მოთავსებული პირი საკნიდან, რა დროსაც მოსამსახურე უფლებამოსილია, შეამოწმოს იგი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება შესაბამისი წესით, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.
4. მოთავსებულ პირს ჩამოერთმევა ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს აღმოჩენილი ის ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის დანართი №1-ით. აღნიშნული ნივთები ინახება იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მოთავსებული პირის სხვა პირად ნივთებთან ერთად და მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას.
5. თუ იზოლატორის საკნების შემოწმებისას იზოლატორის მოსამსახურე დააფიქსირებს საკნის ან/და საკანში არსებული ინვენტარის დაზიანების ფაქტს, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს ოქმი.
მუხლი 14🔗. იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ღონისძიებების განხორციელების წესი
1. იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, იზოლატორში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მოთავსებული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) ხელბორკილის/შებორკვის საშუალების გამოყენება;
ბ) სხვა მოთავსებული პირებისგან მისი განცალკევება;
გ) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება.
2. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება დასაშვებია მოთავსებული პირის დაწყნარებამდე, მაგრამ არაუმეტეს უწყვეტად 2 საათისა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს მოთავსებული პირის მიერ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს შერჩეული ღონისძიების გამოყენების ადგილს, საფუძველსა და ხანგრძლივობას. ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ ეცნობება სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფს და საქართველოს პროკურატურას.
3. თუ მოთავსებული პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ან არსებობს ასეთი ქმედების განხორციელების საფრთხე, იგი შეიძლება მოთავსდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში პირი მოთავსდება იზოლატორის სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო მუშაკის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომლის ხედვის არეც არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. იმ იზოლატორში, რომელშიც არ არის სათანადოდ აღჭურვილი დეესკალაციის ოთახი, პირი თავსდება განცალკევებით და იზოლატორის ცვლის მორიგე-გუშაგი ვალდებულია, მასზე განახორციელოს მუდმივი მეთვალყურეობა მდგომარეობის შემოწმების მიზნით. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ პირის მოთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დაუყოვნებლივ წყდება იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც გამოიყენებოდა აღნიშნული ღონისძიებები.
5. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მოთავსებული პირის დასჯის მიზნით.
მუხლი 15🔗. მოთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა ურთიერთობა
1. მოთავსებული პირები იზოლატორის მოსამსახურეებს მიმართავენ „თქვენობით“.
2. იზოლატორის მოსამსახურეები მოთავსებულ პირებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 16🔗. სამედიცინო მომსახურება
1. მოთავსებული პირისთვის იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ იზოლატორში, არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო მომსახურების გასაწევად გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
2. მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ასევე აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში ან გამოიძახოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიიღოს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. იზოლატორში:
ა) როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფდანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე;
ბ) როდესაც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.
4. თუკი მოთავსებული პირი საჭიროებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით იზოლატორში შეუძლებელია, იგი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ჩაითვლება იზოლატორში მოთავსების საერთო ვადაში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მოთავსებული პირი მკურნალი ექიმის დასკვნით ბრუნდება იზოლატორში, თუ გასული არ არის პირის იზოლატორში მოთავსების ვადა.
5. იმ მოთავსებული პირისათვის, რომელიც იზოლატორში გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამკურნალო საშუალებები. სამკურნალო საშუალებების მიწოდებას მოთავსებული პირისათვის ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.
6. იზოლატორში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია მტკიცდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 17🔗. საქმისწარმოების წესები იზოლატორში
1. იზოლატორის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ ხორციელდება ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება.
2. იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოების წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 18🔗. იზოლატორში შესვლის უფლება
1. იზოლატორის მოსამსახურეები იზოლატორში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. ნებისმიერი პირი, გარდა იზოლატორის მოსამსახურისა და ამ დებულების მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული პირისა, იზოლატორში შესასვლელად საჭიროებს ნებართვას, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს სამმართველოს უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში – სამმართველოს უფროსის მოადგილე.
3. იზოლატორში შემსვლელი პირები გადიან შემოწმებას/დათვალიერებას პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელისა და ტექნიკური საშუალების შეხებით, რომელსაც ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ პირთა შემოწმება/დათვალიერება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა მოსამსახურემ მხოლოდ ტექნიკური საშუალებით.
4. იზოლატორის მორიგე-გუშაგმა მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელ პირს შემოწმებამდე უნდა გააცნოს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის (შინაგანაწესის დანართი №2).
5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს იზოლატორის უფროსი.
6. ცეცხლსასროლი იარაღის, აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მქონე პირი, მათ შორის, სამსახურის მოსამსახურე, იზოლატორში შესვლისას ვალდებულია, აღნიშნული ნივთები შეინახოს იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას.
მუხლი 19🔗. იზოლატორში შესვლის წესი
1. პირადობის ან/და უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა ყველა კატეგორიის პირთათვის სავალდებულოა.
2. პროკურორი ან/და გამომძიებელი, რომლის უშუალო წარმოებაშიც იმყოფება სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი წერილობითი მიმართვით დაიშვება მხოლოდ იზოლატორის საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებათა საწარმოებლად.
3. იზოლატორის მოსამსახურის მიერ გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის სამედიცინო მუშაკი დაიშვება მხოლოდ პაციენტის მოთავსების ადგილზე.
4. შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს იზოლატორში ეპიდემიის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად.
5. იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იზოლატორში დაიშვებიან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები.
მუხლი 20🔗. იზოლატორში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
იზოლატორში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ:
ა) მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებს, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილი, განახორციელონ დაკავების ადგილებში, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით;
გ) სამსახურის უფროსს, სამმართველოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეებს;
დ) სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფდანაყოფის მოსამსახურეებს;
ე) სამმართველოს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დანაყოფის მოსამსახურეებს;
ზ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს;
თ) იზოლატორში დამხმარე ფუნქციის შემსრულებელ მოსამსახურეებს.
მუხლი 21🔗. მოთავსებული პირის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. მოთავსებული პირი, რომელიც იზოლატორში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. მოთავსებული პირის ქმედებით იზოლატორის ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით. მოთავსებული პირი ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე იზოლატორისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი იზოლატორიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ მოთავსებული პირი ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 22🔗. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება ხორციელდება:
ა) პროკურორის ან მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაბამისი დოკუმენტის იზოლატორში მიღებისთანავე;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იზოლატორის უფროსის დადგენილების საფუძველზე;
გ) თუ გავიდა იზოლატორში მოთავსების ვადა, რომელიც აითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. მოთავსებული პირის გათავისუფლებას უზრუნველყოფს იზოლატორის უფროსი, რომელიც გათავისუფლების წინ ამოწმებს გასათავისუფლებელი პირის ვინაობას და შესაბამის დოკუმენტაციას.
3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება იზოლატორის უფროსის შესაბამისი დადგენილებით, თუ დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მას არ გადაეცა დადგენილება ბრალდების შესახებ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
თავი III
მოთავსებული პირის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 23🔗. მოთავსებული პირის უფლებები
1. მოთავსებულ პირს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იქნეს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით (საკნით), კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლითა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.დ) ამანათის მიღებით;
ა.ე) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეიტანოს განცხადება ან/და საჩივარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს იზოლატორის მოსამსახურეთა და სხვა მოთავსებულ პირთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;
დ) დაცულ იქნეს სხვა მოთავსებულ პირთა მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
ე) შეინახოს და გამოიყენოს შინაგანაწესის №2 დანართით გათვალისწინებული ნივთები;
ვ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ზ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, იზოლატორში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მოთავსებული პირის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის, გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.
3. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, კონტაქტი დაამყაროს მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს არ გააჩნია არც დიპლომატიური და არც საკონსულო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ან ლტოლვილია, მაშინ ასეთ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, კონტაქტი დაამყაროს იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოსთან, რომლის ამოცანაა ასეთი კატეგორიის პირთა დაცვა.
4. მოთავსებულ პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მიიღოს ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ, თუ აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა იზოლატორის მოსამსახურისათვის.
5. მოთავსებულ პირს აქვს იზოლატორში რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება, თუ აღნიშნული არ ლახავს სხვა პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
6. განცხადებების, საჩივრების და სხვა სახის მიმართვების შესადგენად მოთავსებული პირი მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.
7. იზოლატორს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, სამსახურის, სამმართველოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.
8. მოთავსებული პირი სამსახურის გენერალური ინსპექციის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.
მუხლი 24🔗. მოთავსებული პირის მოვალეობა
მოთავსებული პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განრიგი;
ბ) შეასრულოს იზოლატორის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;
გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის მოსამსახურეებისა და იქ მყოფი სხვა პირების მიმართ;
დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობას და სხვა ქონებას;
ე) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები;
ვ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან;
ზ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს იზოლატორის ან სხვა პირის ქონება;
თ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი ადგილი;
ი) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებში;
კ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 25🔗. იზოლატორში არსებული აკრძალვები
1. იზოლატორში მოთავსებულ პირს ეკრძალება:
ა) ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ბ) საკნიდან საკანში ან იზოლატორის გარეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება;
გ) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთების დამზადება, შენახვა ან/და გამოყენება;
დ) საგნის გადაგდება ფანჯრიდან ან/და ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ხელს უშლის იზოლატორის მოსამსახურის საკანში შეხედვას ან შესვლას;
ე) აღნიშვნის ან წარწერის გაკეთება კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია იზოლატორის მოსამსახურის მიერ, კედელზე სურათების, ნახატების, წიგნებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრების გაკვრა;
ვ) აზარტული თამაშობების მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა;
ზ) სხეულის დაზიანება, საკუთარ ან სხვის სხეულზე სვირინგის გაკეთება;
თ) თამბაქოს მოწევა საკნის გარეთ იზოლატორის ტერიტორიაზე (გარდა გასასეირნებელი ადგილისა);
ი) მოთავსებულ ან სხვა პირზე ფიზიკური ზემოქმედება ან/და მისი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა;
კ) კონფლიქტური სიტუაციის შექმნა;
ლ) სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ან სხვაგვარი ფორმით იზოლატორის მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსების შელახვა.
2. მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ, იზოლატორში იქონიონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №2 დანართით.
მუხლი 26🔗. საცხოვრებელი პირობები
1. იზოლატორში არსებული საცხოვრებელი პირობები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მოთავსებული პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არ უნდა ხელყოფდეს მოთავსებული პირის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
2. მოთავსებულ პირზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა იზოლატორში არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები.
3. მოთავსებული პირის საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.
4. მოთავსებულ პირს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და ნორმალური საძილე პირობების მოთხოვნების შესაბამისი საწოლი, ლეიბი და პლედი, რომლებიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. საჭიროების შემთხვევაში იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით თეთრეული შეიძლება გადაეცეს იზოლატორში მოთავსებულ პირს.
მუხლი 27🔗. მოთავსებული პირის პირადი ჰიგიენა
1. მოთავსებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. მოთავსებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო შემდეგი ჰიგიენური საშუალებებით, როგორიცაა ჰიგიენური ქაღალდი, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, პირსახოცი, აგრეთვე მათი განთავსების (გადაყრის) შესაძლებლობით. ხოლო იზოლატორში მოთავსებული ქალები გენდერსპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე – სხვა დამატებითი ჰიგიენური საშუალებებით.
3. საჭიროების შემთხვევაში, შხაპის მიღების უფლებით, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით და დამკავებელი ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია ისარგებლოს მოთავსებულმა პირმა.
4. შხაპის მიღების უფლებით ვერ ისარგებლებს ის პირი, რომლისთვისაც სამედიცინო მუშაკის დასკვნის საფუძველზე შხაპის მიღება არ არის რეკომენდებული.
5. შხაპის მიღების უფლებით მოთავსებული პირები იზოლატორში სარგებლობენ მხოლოდ დღის საათებში. ღამის საათებში შხაპის მიღების უფლებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, იზოლატორის უფროსის ან მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით.
6. დაუშვებელია შხაპის მისაღებად ერთდროულად რამდენიმე მოთავსებული პირის გაყვანა.
7. მოთავსებულ პირს შხაპის მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე შეიძლება შეექმნას იზოლატორის უსაფრთხოებას და გამართულ ფუნქციონირებას.
მუხლი 28🔗. მოთავსებულ პირთა კვება
1. იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის განკუთვნილი საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მოთავსებული პირის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება.
2. მოთავსებული პირის კვების ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
3. მოთავსებული პირი ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არასრულწლოვნებს უნდა შეექმნას მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. მოთავსებულ პირს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
6. იზოლატორში მოშიმშილე პირთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია მტკიცდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
თავი IV
საჩივარი
მუხლი 29🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია იზოლატორის მოსამსახურის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), გადაწყვეტილება ან/და მოთავსებულ პირთა უფლებების სხვაგვარი ხელყოფა.
2. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან სხვა მოთავსებულ პირებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს მოთავსებული პირის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მოთავსებული პირის უფლებები;
ბ) მოთავსებულ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
4. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სამმართველოს უფროსს, თუ საჩივარი უკავშირდება იზოლატორის მოსამსახურის საქმიანობას.
5. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სამსახურის უფროსს, თუ საჩივარი უკავშირდება სამმართველოს უფროსის საქმიანობას.
6. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამსახურის გენერალურ ინსპექციას.
8. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
მუხლი 30🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი და განხილვის ვადები
1. იზოლატორი ვალდებულია, შემოსული საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ადრესატს. თუ საჩივარი შემოსულია არასამუშაო დღეს, იზოლატორი ვალდებულია, საჩივარი გადაუგზავნოს ადრესატს მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 31🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგები მოთავსებულ პირს ეცნობება დაუყოვნებლივ, რასაც ადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მოთავსებული პირის პირად საქმეს.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
4. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შინაგანაწესის დანართი №1
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მოთავსებულ პირს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. შემდეგი კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად ერთობლიობაში არაუმეტეს 3 კილოგრამისა), ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, ბოსტნეული, ხილი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), საწებელი, თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა).
2. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ლიტრისა, შუშის ქილის გარეშე.
3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტერი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრის, ზონარისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
4. საცვალი არაუმეტეს 1 ცალისა და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 1 წყვილისა.
5. პირსახოცი, ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 30/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
6. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა.
7. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა.
8. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლები (სამედიცინო მუშაკის ნებართვით) საჭიროების შემთხვევაში.
9. სიგარეტი არაუმეტეს 6 კოლოფისა.
10. რელიგიური ან/და საკულტო დანიშნულების მქონე, არამეტალისაგან დამზადებული მცირე ზომის ნივთები, საკიდის გარეშე.
შინაგანაწესის დანართი №2
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები;
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა;
3. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამვლელი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
4. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები;
5. ოპტიკური ხელსაწყოები;
6. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა);
7. საკვები და ყველა სახეობის სასმელი პროდუქტი;
8. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები;
9. გადასამრავლებელი აპარატები;
10. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები;
11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;
12. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა);
13. ბანქო;
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;
15. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმბარათი და აქსესუარები);
16. კომპასები;
17. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები;
18. საღებავები და კოპირების ქაღალდები.