აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/111
2017 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 24 თებერვლის №01/635 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა.
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს. კერძოდ, დახმარებისათვის მიმართა სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. 2009 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარედგინა მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის უწყვეტობა.
2014 წელს დამუშავებული ტექნიკური დავალების თანახმად, საავტომობილო გზა დაიყო 4 ლოტად: I ლოტი კმ 0+000–კმ 11+500; II ლოტი კმ 11+500–კმ 30+000; III ლოტი კმ 30+000–კმ 42+000; IV ლოტი კმ 42+000–კმ 51+570.
პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და შემდეგ სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა უმეტეს ნაწილთან მიღწეულია, მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან: მარინე ჭანტურია, გული ჭანტურია, თამარ ჭანტურია, უძრავი ქონება მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სუფსა (ტაბანათი), ს/კ №27.15.47.288, საავტომობილო გზის კმ 42+000-კმ 51+570 მონაკვეთი.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ნაწილი ს/კ №27.15.47.288. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი შეადგენს 4805.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 576 კვ.მ, შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქონების მესაკუთრეებს წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მისცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ.“
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრესთან, უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 13 მარტის ოქმისა და კომისიის დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლება – მესაკუთრეები გული ჭანტურია (პ/ნ 26001014359), თამარ ჭანტურია (პ/ნ 26001025154), მარინე ჭანტურია (პ/ნ 26001025155), მიწის ნაკვეთი მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტაბანათი – ს/კ № 27.15.47.288, მთლიანი ფართი 4805.00 კვ.მ, საექპროპრიაციო ფართი 592 კვ.მ, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
მინისტრი გიორგი გახარ ია