შპს „ბებნისის სანერგეს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/26201-2016
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2017 წლის 13 მარტი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
განმცხადებელი: შპს ,,ბებნისის სანერგე “
მoთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლო მ სხდომაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გამოარკვია:
2016 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ბებნისის სანერგეს“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლ ობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ გადახდისუუნარობის განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ბებნისის სანერგეს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
შპს ,,ბებნისის სანერგეს“ ერთადერთი კრედიტორის – სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა აღიარებული იქნა 175084 ლარის და 57 თეთრის ოდენობით.
მეურვემ კრედიტორთა კრებაზე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნები მოვალის ქონების შესახებ. 2017 წლის 3 იანვრის №01/29-0610 დასკვნის მიხედვით, შპს ,,ბებნისის სანერგეს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა – 10 650 ლარის ოდენობით; (იხ.ს/ფ 76-89); 2017 წლის 17 იანვრის №01/29-0622 დასკვნის მიხედვით შპს ,,ბებნისის სანერგეს“ საკუთრებაში არსებული 75 021 სხვადასხვა დასახელების წიგნი შეფასდა – 448 759 ლარად (იხ.ს/ფ 90-96); 2017 წლის 20 იანვრის №01/29-0623 დასკვნის მიხედვით შპს ,,ბებნისის სანერგეს“ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება შეფასდა - 28 774 ლარად (იხ.ს/ფ 97-100); 2017 წლის 20 იანვრის №01/29-0624 დასკვნის მიხედვით შპს ,,ბებნისის სანერგეს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (მაკულატურა) შეფასდა - 260 ლარად (იხ.ს/ფ 102).
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,ბებნისის სანერგეს“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე არის მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას და ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. როდესაც მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, ასეთ შემთხვევაში ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი მომრიგებელი საბჭოს შექმნას არ ითვალისწინებს. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,ბებნისის სანერგეს“ მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი ერთადერთი კრედიტორის მოთხოვნა შეადგენს – 175 084 ლარის და 57 თეთრს, მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება კი ჯამში შეადგენს 488 443 ლარს, შესაბამისად არ არსებობს მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს ,,ბებნისის სანერგეს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს ,,ბებნისის სანერგეს“ (ს/ნ 240887572) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი