სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.04.2017
ძალაში შესვლა 11.04.2017
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 14.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება
№10
2017 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 202 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 11 აპრილიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს სხვადასხვა სახის პრინტერებისა და არანაკლებ მათი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე საჭირო კარტრიჯების (შემდგომში – პრინტერები და კარტრიჯები) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პრინტერებისა და კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. აღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე პრინტერებისა და კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვის შემთხვევებისა.
4. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე პრინტერებისა და კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.
5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათაგან გამომდინარე, ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილ სხვა აუცილებელ ორგანიზაციულ და მიმდინარე საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის პირობები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
4. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭირვალობა, პრეტენდენტების მიმათ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
5. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია უფლებამოსილია, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულების წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ჯამური ღირებულება ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება შესყიდვის ობიექტის ჯამურ საბაზრო ღირებულებას, ან თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლის შესაბამისად დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური).
2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების მოქმედების ვადა (ტენდერის მოქმედების ვადა) განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს შესყიდვის ობიექტის ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ჯამური ღირებულების დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ღირებულება.
მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი პრინტერებისა და კარტრიჯების მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრინტერებისა და კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის საწყისი ჯამური სავარაუდო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების (ტენდერის მოქმედების) ვადით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების პირობები
1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. პრინტერებისა და კარტრიჯების მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და მიწოდების პერიოდულობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა
1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) პრინტერებისა და კარტრიჯების ჯამური ღირებულების 20%-ის ოდენობით.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული პრინტერებისა და კარტრიჯების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტაზე, აგრეთვე ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.