„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №11 |
|
2017 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ხარჯთაღრიცხვის წარუდგენლობის ან დაუზუსტებლობის გამო ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო – სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ამ წესის 266 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში.“. 2. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.“. 3. 266 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 266. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესი 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, ტენდერი ჩაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. ამავდროულად, სატენდერო წინადადების ფასის შემცირებასთან ერთად, პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ატვირთოს შეცვლილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (განფასება). ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ იმართება. 3. დაუშვებელია სატენდერო წინადადების ფასის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითება, ასევე ხარჯთაღრიცხვის (განფასების) სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთვა. ხარჯთაღრიცხვა (განფასებას) უნდა აიტვირთოს სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს სატენდერო წინადადების ფასს ან/და ატვირთავს ხარჯთაღრიცხვას (განფასებას) სისტემის ტექნიკური დოკუმენტაციის ველში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 4. პრეტენდენტი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). 5. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ პრეტენდენტების ვინაობა, მათი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვის (განფასების) გარდა) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში). ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის (განფასების) გარდა) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათი არსებობის შემთხვევაში), ასევე შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (მათი არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (განფასება), ხოლო სხვა პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (განფასება) საჯარო ხდება მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე. 6. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებულია, შეაფასოს ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. 7. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე. 9. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას აფასებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. 10. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო თუ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებულია არასრულყოფილად, არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან დაზუსტების შედეგად არსებითად შეიცვალა ტექნიკური დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 11. პრეტენდენტებს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის მოთხოვნით სატენდერო კომისიამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ სატენდერო წინადადების ფასისა და ხარჯთაღრიცხვის (განფასების) განსაჯაროებამდე. 12. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა (განფასება) და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დაზუსტებას არ ექვემდებარება. 13. პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათი არსებობის შემთხვევაში), ასევე შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (მათი არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია აფასებს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვის (განფასების) შესაბამისობას სატენდერო პირობებთან. 14. პრეტენდენტი, რომლის ხარჯთაღრიცხვა (განფასება) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტება არ გამოიწვევს ხარჯთაღრიცხვის (განფასების) არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის სატენდერო წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ხარჯთაღრიცხვა (განფასება), თუ იგი არ არის ატვირთული სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი იგი. 15. თუ ხარჯთაღრიცხვა (განფასება) ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება გათვალისწინებული არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 16. თუ ხარჯთაღრიცხვა (განფასება) შეესაბამება სატენდერო პირობებს და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს ხარჯთაღრიცხვის (განფასების) სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე. 17. თუ ხარჯთაღრიცხვა (განფასება) ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის (განფასების) შესაბამისობა სატენდერო პირობებთან მოწმდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შეფასებასთან ერთად. 18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ დააზუსტებს ხარჯთაღრიცხვას (განფასებას), დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის სატენდერო წინადადების ფასს, ან არ წარმოადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 19. სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. 20. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვის (განფასების), ასევე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია იწვევს მას ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრულ სათანადო ვადაში. 21. თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის სატენდერო წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (განფასება) საჯარო ხდება ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე. 22. ამ მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
|
|