საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №55/04
სარეგისტრაციო კოდი 220010050.18.011.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) შორის ჩარჩო ხელშეკრულება (არეგულირებს ესბ-ს საქმიანობას საქართველოში) ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №55/04
2017 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, IV თავისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 27 აპრილიდან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ინსტრუქციის მიზანი
წინამდებარე ინსტრუქციის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (შემდგომში – CSD სისტემა) მონაწილე, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკებისათვის (შემდგომში – კლიენტები) ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების (შემდგომში – ევროობლიგაციების) ანგარიშსწორება-შენახვის წესების განსაზღვრა და მათი მონეტარულ ოპერაციებში გამოყენება.
მუხლი 2🔗.
მონაწილე მხარეები
ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის პროცესში მონაწილე მხარეები:
ა) ეროვნული ბანკი;
ბ) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები.
მუხლი 3🔗.
დავალების გაგზავნა
1. კლიენტი ევროობლიგაციის ყიდვის/გაყიდვის დავალებას აგზავნის სებ-ში MT599 შეტყობინების ფორმატით, SWIFT-ის სისტემის საშუალებით.
2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს საანგარიშსწორებო ინსტრუქციის შემდეგ დეტალებს:
ა) ოპერაციის ტიპი – ყიდვა/გაყიდვა;
ბ) ევროობლიგაციის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი- ISIN;
გ) ვალუტა;
დ) ევროობლიგაციის ნომინალური ღირებულება;
ე) ევროობლიგაციის საანგარიშსწორებო ღირებულება;
ვ) გარიგების დადების თარიღი;
ზ) ანგარიშსწორების თარიღი;
თ) საანგარიშსწორებო დეტალები(SSI).
3. ევროობლიგაციის ყიდვა/გაყიდვის თაობაზე დავალებას კლიენტი ეროვნული ბანკს უგზავნის გარიგების დღეს ან ანგარიშსწორების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშსწორება ევროობლიგაციით და მათი შენახვის ადგილი
1. ევროობლიგაციებით ანგარიშსწორება ხდება ეროვნული ბანკის სტანდარტული საერთაშორისო საანგარიშსწორებო ინსტრუქციების შესაბამისად.
2. ევროობლიგაციები ინახება საერთაშორისო დეპოზიტართან, ეროვნული ბანკის კლიენტებისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და ექვემდებარება შესაბამისი ბაზრის წესებსა და პირობებს.
3. დავალების მიღებისთანავე, ეროვნული ბანკის RTGS სისტემაში კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჯავშნის საანგარიშსწორებო თანხას.
4. ანგარიშსწორება ხორციელდება მიწოდება გადახდის სანაცვლოდ (DvP პრინციპით).
5. ეროვნული ბანკის დავალებას ევროობლიგაციებით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საერთაშორისო დეპოზიტარში აგზავნის საანგარიშსწორებო თანხის დაჯავშნის შემდეგ.
6. საერთაშორისო დეპოზიტართან ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ევროობლიგაციის ასახვისთანავე კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ეროვნული ბანკი ჩამოჭრის საანგარიშსწორებო თანხას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შემდეგ, კლიენტის მიერ ნაყიდი ევროობლიგაციები აისახება CSD სისტემაში არსებულ ანგარიშებზე, ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ანგარიშები
1. ევროობლიგაციებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება CSD სისტემაში არსებულ ანგარიშებზე სისტემის წესების შესაბამისად.
2. CSD სისტემაში ევროობლიგაციების რეგისტრაციისთვის იქმნება ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალება, რომლის ნომინალური ღირებულება, გამოშვებისა და დაფარვის თარიღები, ISIN-ი შეესაბამება საერთაშორისო დეპოზიტარში ეროვნული ბანკის ანგარიშზე აღრიცხულ ევროობლიგაციების მონაცემებს.
მუხლი 6🔗.
ევროობლიგაციებით ანგარიშსწორება CSD სისტემაში
1. კლიენტებს შორის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსებული ევროობლიგაციების ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, დაგირავებისა და რეპო ოპერაციების ანგარიშსწორება ხორციელდება CSD სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
2. CSD სისტემაში არსებული ევროობლიგაციები კლიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ეროვნულ ბანკთან მონეტარულ ოპერაციებში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
3. CSD სისტემაში არსებულ ევროობლიგაციებზე სისტემის მეშვეობით არ ხორციელდება კუპონების გადახდისა და დაფარვის ოპერაციები.
მუხლი 7🔗.
კუპონის გადახდა და ევროობლიგაციის ღირებულების დაფარვა
1. კუპონის გადახდა ან/და ევროობლიგაციის ღირებულების დაფარვა ხდება საერთაშორისო დეპოზიტარში ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ.
2. კლიენტთან ანგარიშსწორება ხორციელდება RTGS სისტემაში ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
3. თუკი გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, ოპერაცია განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 8🔗.
მომსახურების ხარჯები
1. ევროობლიგაციებზე ანგარიშსწორებისა და მათი შენახვისათვის გაწეულ ხარჯებს ეროვნული ბანკი აინაზღაურებს კლიენტის შესაბამისი ანგარიშიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს ეროვნული ბანკი კლიენტის ანგარიშიდან ჩამოჭრის საერთაშორისო დეპოზიტარიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე.
3. ხარჯების ანაზღაურება მოხდება ლარით, ჩამოჭრის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.
მუხლი 9🔗.
მონაწილე მხარეებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია
1. ეროვნული ბანკი კლიენტებს SWIFT-ის MT599 შეტყობინების მეშვეობით აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტრანზაქციის სტატუსის შესახებ;
ბ) კუპონის გადახდის ან/და ევროობლიგაციის დაფარვის შესახებ.
2. ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსებული ევროობლიგაციების მფლობელობის შესახებ ანგარიშგება კლიენტს შეუძლია მიიღოს CSD სისტემაში არსებული ანგარიშგების ფუნქციის გამოყენებით.
მუხლი 10🔗.
კომუნიკაციის საშუალება
1. ევროობლიგაციებით ოპერაციების განხორციელებისას, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისას გამოიყენება SWIFT-ის MT599 შეტყობინებები.
2. კომუნიკაციის დამხმარე საშუალებებად შეიძლება გამოყენებულ იქნას ტელეფონი/ელ-ფოსტა.
მუხლი 11🔗.
საოპერაციო საათები
1. საოპერაციო საათების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შესაბამისი ბაზრების დადგენილი დროები (CUT – OFF TIMES).
2. ევროობლიგაციების ყიდვა/გაყიდვის დავალება კლიენტის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილ უნდა იქნეს სამუშაო დღის არუგვიანეს 15:00 საათისა.
მუხლი 12🔗.
დამატებითი დებულებები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საკითხების რეგულირების მიზნით გამოსცეს სამართლებრივი აქტები.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მონაწილე მხარეებს გაუგზავნოს დამატებითი ინსტრუქციები.