კონვენცია სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 06.03.1998
ძალაში შესვლა 26.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.001.000514
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/10/2004
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით | მოლდოვას რესპუბლიკის სახელით |
| სომხეთის რესპუბლიკის სახელით | რუსეთის ფედერაციის სახელით |
| ბელორუსის რესპუბლიკის სახელით | ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელით |
| საქართველოს სახელით | თურქმენეთის სახელით |
| ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით | უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით |
| ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით | უკრაინის სახელით |
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
კონვენცია
სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოები, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
გამომდინარე სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პრინციპიდან,
სურთ რა განავითარონ ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა,
ითვალისწინებენ რა, რომ სასჯელის მოხდა მსჯავრდებულთა მიერ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, და მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ ხელს უწყობს სასჯელაღსრულების უფრო ეფექტიან განხორციელებას,
ხელმძღვანელობენ რა ჰუმანურობის პრინციპით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ქვემოთ მითითებული ტერმინები ნიშნავს:
ა) „განაჩენის გამოტანის სახელმწიფო“ – ხელშემკვრელი მხარე, რომლის სასამართლომაც მიუსაჯა პირს თავისუფლების აღკვეთა;
ბ) „განაჩენის აღსრულების სახელმწიფო“ – ხელშემკვრელი მხარე, რომელსაც გადაეცემა თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელის მოსახდელად;
გ) „კომპეტენტური ორგანო“ – სახელმწიფო ორგანო, რომელიც ეროვნული კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით;
დ) „ახლო ნათესავები“ – ნათესაობაში მყოფი პირები ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ყოველი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად შეიძლება გადაეცენ იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან ან რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ (თუკი ისინი მოქალაქეობის არმქონე პირები არიან).
მუხლი 3🔗
პირის გასამართლებისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ შესაბამისმა სასამართლომ და სასჯელაღსრულებითმა ორგანომ წერილობით უნდა აცნობონ იმ ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული ან რომლის ტერიტორიაზეც იგი მუდმივად ცხოვრობს (თუკი იგი მოქალაქეობის არმქონე პირია), ასევე მის ახლო ნათესავებს, კანონიერ წარმომადგენელსა და ადვოკატს, რათა განხორციელდეს მისი უფლება გადაცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.
მუხლი 4🔗
თხოვნა მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ შეიძლება მომდინარეობდეს როგორც განაჩენის გამოტანის სახელმწიფოსგან, ასევე განაჩენის აღსრულების სახელმწიფოსგან.
გადაცემის შესახებ შუამდგომლობით ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოს შეიძლება მიმართოს თავად მსჯავრდებულმა, მისმა ახლო ნათესავებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა და ადვოკატმა.
ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო 40 დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს თავის გადაწყვეტილებას. გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს.
გადაცემის შესაძლებლობისა და მისი იურიდიული შედეგების შესახებ მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი განმარტება უნდა მისცენ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი აღსრულების სამმართველოს ცენტრალური ან ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირებმა.
მუხლი 5🔗
მსჯავრდებულის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
თუკი თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული;
თუკი არსებობს წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული პირების შუამდგომლობა გადაცემის შესახებ;
თუკი არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა ან თუ მსჯავრდებული ასაკის, ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო ვერ გამოხატავს თავის ნებას – მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
თუ პირი გასამართლებულია ისეთი ქმედებისთვის, რომელიც გადამცემ და მიმღებ მხარეთა კანონმდებლობით იწვევს თავისუფლების აღკვეთას;
თუკი გადაცემის შესახებ თხოვნის მიღების მომენტისათვის ჯერ კიდევ მოუხდელი სასჯელის ვადა არანაკლებ ექვს თვეს შეადგენს;
თუკი არსებობს თანხმობა განაჩენის გამომტანსა და განაჩენის აღმსრულებელ სახელმწიფოებს შორის მსჯავრდებულის გადაცემისა და მიღების თაობაზე.
მუხლი 6🔗
მსჯავრდებულის გადაცემა არ ხდება, თუ:
სასჯელის აღსრულება შეუძლებელია განაჩენის აღსრულების სახელმწიფოში ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზის გამო;
განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებისთვის მან მოიხადა სასჯელი ან გამართლებულ იქნა, ან საქმე შეწყდა, ისევე როგორც იმ შემთხვეევაში, როდესაც პირი გათავისუფლებულია სასჯელისგან ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ;
ამას შეუძლია ზიანი მიაყენოს განაჩენის გამომტან სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული;
მსჯავრდებულს შეიძლება უარი ეთქვას გადაცემაზე, თუკი მას არ აუნაზღაურებია ჩადენილი დანაშაულით მიყენებული ზარალი.
მუხლი 7🔗
წინამდებარე კონვენციის საკითხთა თაობაზე ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უშუალოდ უკავშირდებიან.
ყოველი ხელშემკვრელი მხარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობებს დეპოზიტარს თავისი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას.
მუხლი 8🔗
სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის მიზნით ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მიმართავს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
თხოვნა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მას თან უნდა ახლდეს:
მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი ცნობები (გვარი, სახელი, დაბადების ადგილი და რიცხვი);
ცნობები მსჯავრდებულის მოქალაქეობისა და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
კანონის იმ მუხლების ტექსტი, რომლიდანაც ჩანს, რომ ქმედება, რისთვისაც პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის აღსრულების სახელმწიფოში დანაშაულად ითვლება;
მსჯავრდებლის წერილობითი თანხმობა სასჯელის აღსასრულებლად მის გადაცემაზე იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომლის მოქალაქეც იგი არის ან რომლის ტერიტორიაზეც იგი მუდმივად ცხოვრობს (თუკი იგი მოქალაქეობის არმქონე პირია), ხოლო მსჯავრდებულის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
გარდა ამისა, განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თხოვნას თან დაურთავს დამოწმებულ:
განაჩენის ასლებს და საქმეზე არსებულ ზემოდგომი სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებს, ასევე დოკუმენტებს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
კანონის იმ მუხლების ტექსტს, რომელთა საფუძველზეც პირი გასამართლებულია;
დოკუმენტს სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის შესახებ და სასჯელის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოხდილი;
დოკუმენტს დამატებითი სასჯელაღსრულების შესახებ, თუკი ასეთი შეფარდებული იყო;
ცნობებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ქცევის თავისებურებათა შესახებ;
ცნობებს მიყენებული ზარალისა და მისი ანაზღაურების თაობაზე;
სხვა დოკუმენტებს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის განაჩენის გამომტანი სახელმწიფო.
მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ თხოვნა დამოწმებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს ხელმოწერით და დადასტურებული მისივე გერბიანი ბეჭდით.
მუხლი 9🔗
ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოითხოვოს მე-8 მუხლში მითითებული დოკუმენტები გადაცემის შესახებ თხოვნით მიმართვამდე ან მსჯავრდებულის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 10🔗
იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც მიმართავენ თხოვნით მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ, არა უგვიანეს 40 დღის ვადისა შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან, აცნობებს თხოვნით მიმმართავი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
მუხლი 11🔗
მსჯავრდებულის გადაცემის ადგილი, დრო და წესი განისაზღვრება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოებს შორის მოპალარაკების საფუძველზე.
მუხლი 12🔗
სასჯელის აღსრულების სახელმწიფო უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის განგრძობას თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების გარეშე. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილი განაჩენის განხილვის უფლებამოსილება განისაზღვრება ყოველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით.
მსჯავრდებული შეფარდებულ სასჯელს მოიხდის განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე. თავისუფლების აღკვეთის ვადად ჩაითვლება აგრეთვე განაჩენის გამომტან სახელმწიფოში მოხდილი ვადაც. სასჯელის აღსრულების სახელმწიფოს სასამართლო, გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მისი აღსრულების შესახებ, განსაზღვრავს რა თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთის ისეთსავე ვადას, როგორც ეს განაჩენითაა შეფარდებული.
თუკი განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობით კონკრეტული ქმედებისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის ვადა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე განაჩენით შეფარდებული, სასამართლო განსაზღვრავს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას.
თუ განაჩენი შეეფარდება ორ ან მეტ ქმედებას, რომელთაგანაც ერთი ან რამდენიმე განაჩენის აღსრულების სახელმწიფოში დანაშაულად არ ითვლება, სასამართლო განსაზღვრავს, თუ სასჯელის რომელი ნაწილი გამოიყენება დანაშაულად მიჩნეული ქმედების მიმართ.
გადაწყვეტილებას დამატებითი სასჯელაღსრულების შესახებ იღებს განაჩენის აღსრულების სახელმწიფო, თუკი ასეთ სასჯელს ჩადენილი ქმედებისთვის ითვალისწინებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობა. დამატებითი სასჯელი აღსრულდება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13🔗
განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ერთი თვის განმავლობაში აცნობებს განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წინამდებარე კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ განაჩენის აღსრულების თაობაზე.
მუხლი 14🔗
სასჯელის მოსახდელად სასჯელის აღსრულების სახელმწიფოსათვის გადაცემული პირის მიმართ მოქმედებს მსჯავრის დადების ისეთი სამართლებრივი შედეგები, როგორც მის ტერიტორიაზე ასეთივე ქმედებისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ.
სხვა ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსასრულებლად გადაცემული პირი არ შეიძლება ხელახლა იყოს მიცემული პასუხისგებაში განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმავე ქმედებისთვის, რასთან დაკავშირებითაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
მუხლი 15🔗
მსჯავრდებულის გადაცემამდე მოუხდელი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე სასჯელისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება განაჩენის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხორციელდება განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც განაჩენის გამომტანი, ასევე მისი აღსრულების სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყენოს შეწყალებისა და ამნისტიის აქტები, და ასევე გაათავისუფლოს მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან მძიმე განუკურნებელი დაავადების შემთხვევაში, თუკი ამას ითვალისწინებს განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობა.
განაჩენის აღსრულების სახელმწიფოსათვის გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული განაჩენის გადასინჯვა შეუძლია მხოლოდ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ.
მუხლი 16🔗
თუკი მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გადაცემის შემდგომ განაჩენი შეცვალა განაჩენის გამომტანმა სახელმწიფომ, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი და სხვა აუცილებელი დოკუმენტები ეგზავნება განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს სასამართლო წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წინამდებარე კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით.
თუ მსჯავრდებულის გადაცემის შემდგომ განაჩენი გაუქმდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გამო განაჩენის გამომტან სახელმწიფოში, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესასრულებლად განაჩენის აღსრულების სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
თუ მსჯავრდებულის გადაცემის შემდგომ განაჩენის გამომტან სახელმწიფოში განაჩენი გაუქმდა და განზრახულია ხელახალი გამოძიება ან სასამართლო გარჩევა, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი, სისხლის სამართლის საქმის მასალები და სხვა მასალები მსჯავრდებულის დაუსწრებლად საჭირო პროცესუალურ ქმედებათა ჩატარების შემდგომ ეგზავნება სასჯელის აღსრულების სახელმწიფოს სისხლის-სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 17🔗
ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით ნებას რთავს თავის ტერიტორიაზე ტრანზიტით გაატაროს ის მსჯავრდებულები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გადაეცემიან მესამე ხელშემკვრელ მხარეს.
მუხლი 18🔗
მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს განაჩენის გამომტანი მხარე თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო სატრანზიტო გადაყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს – ამგვარი გადაყვანის შესახებ შუამდგომლობის აღმძრევი მხარე.
მუხლი 19🔗
წინამდებარე კონვენციის დებულებები გამოიყენება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც გასამართლებულ იქნენ კონვენციის ძალაში შესვლამდე.
მუხლი 20🔗
წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას წამოჭრილი დავები წყდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მოლაპარაკებისა და კონსულტაციების გზით.
მუხლი 21🔗
წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ სხვა ხელშეკრულებებიდან, რომელთა წევრებიც ისინი არიან.
მუხლი 22🔗
წინამდებარე კონვენციის შესრულებისას ხელშემკვრელი მხარეები სარგებლობენ სახელმწიფო ან რუსული ენებით.
დოკუმენტების ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ენებზე შესრულების შემთხვევაში მათ თან ერთვის დამოწმებული თარგმანები რუსულ ენაზე.
მუხლი 23🔗
წინამდებარე კონვენცია ღიაა მასთან სხვა სახელმწიფოების შეერთებისათვის.
მიერთებული სახელმწიფოებისათვის კონვენცია ძალაში შედის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი სამდივნოსთვის, როგორც წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარისთვის, შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 24🔗
წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დეპოზიტარისთვის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მესამე შეტყობინების ჩაბარების დღიდან.
იმ ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომლებმაც პროცედურები მოგვიანებით დაასრულეს, იგი ძალაში შედის დეპოზიტარისთვის შესაბამისი დოკუმენტების ჩაბარების დღიდან.
წინამდებარე კონვენცია მოქმედებს ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ კონვენცია ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით.
მუხლი 25🔗
ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციიდან გამოსვლა, წერილობით აცნობებს რა ამის შესახებ დეპოზიტარს. ამ ხელშემკვრელი მხარისთვის კონვენცია ძალას კარგავს დეპოზიტარის მიერ გამოსვლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდგომ.
შესრულებულია ქალაქ მოსკოვში, 1998 წლის 6 მარტს, ერთ ნამდვილ ეგზემპლარად რუსულ ენაზე. ნამდვილი ეგზემპლარი ინახება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოში, რომელიც უგზავნის ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს მის დამოწმებულ ასლს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის სახელით
სომხეთის რესპუბლიკის სახელით
რუსეთის ფედერაციის სახელით
ბელორუსის რესპუბლიკის სახელით
ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელით
საქართველოს სახელით
თურქმენეთის სახელით
ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით
უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით
ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით
უკრაინის სახელით