ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს შორის

მიღების თარიღი 07.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000724
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/04/2009
matsne.gov.ge 515 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მინისტრი (ხელმოწერილია) არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სახელით გენერალური მდივანი (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალური სამდივნო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი; ხელმძღვანელობენ რა ერთობლივი სურვილით, განავითარონ სტრუქტურირებული პოლიტიკური დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა; ითვალისწინებენ რა მხარეებს შორის არსებულ ტრადიციულ და ხანგრძლივ მეგობრულ კავშირებს და იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა პოლიტიკურ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში გააძლიერებს რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას; და ადასტურებენ რა თავიანთ ერთობლივ სურვილს, განავითარონ თავიანთი ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ასევე არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წესდების ფარგლებში, და თავიანთ ერთგულებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი, ხაზს უსვამენ რა ყველა დონეზე რეგულარული კონსულტაციების აუცილებლობას იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს შეადგენენ; შეთანხმდნენ შემდეგზე: I. პოლიტიკური თანამშრომლობა 1. მხარეები ხელს უწყობენ პოლიტიკურ დიალოგს, ურთიერთგაგებასა და კონსულტირებას, რათა გააძლიერონ და გააღრმავონ თავიანთი მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები ამ მემორანდუმის პრეამბულაში მოხსენებულ ყველა სფეროში. 2. პოლიტიკური დიალოგი მხარეებს შორის მიზნად ისახავს: ● იმ რეგიონალური და საერთაშორისო საკითხების განხილვას, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს შეადგენენ; ● თანამშრომლობის გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მეშვეობით; ● მხარეთა შორის კონსულტაციებსა და ურთიერთგაგების მიღწევას იმ მიმართულების თაობაზე, რომლითაც ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების პარტნიორობა ვითარდება, განსაკუთრებით იმ სახით, როგორც ეს ევროპის კავშირისა და არაბული სამყაროს ფარგლებში საერთო ინტერესის საგნის შემადგენელ საკითხებს ემსახურება; ● ინფორმაციის გაცვლას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო და კულტურულ დარგებში. 3. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მხარეები: ● აზრს უზიარებენ ერთმანეთს საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე, საერთაშორისო ურთიერთობებში და რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობის მდგომარეობაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, და აგრეთვე მოლაპარაკებების გზით პრობლემების მშვიდობიანად მოსაგვარებლად მუშაობაზე; ● ერთობლივად უჭერენ მხარს იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და აკადემიური შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზებას, რომლებიც მხარეთა შორის დადებული ცალკე შეთანხმებების მიხედვით გაიმართება; ● მართავენ რეგულარულ შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შორის საქართველოში ან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ანდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ეგიდით; ● ცვლიან ვიზიტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს ოფიციალურ პირებს შორის, იმისათვის რათა განიხილონ ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევის გზები და საშუალებები, და აგრეთვე რათა ჩამოაყალიბონ მათ სარეალიზაციოდ განკუთვნილი წინადადებები, რომლებიც წარედგინებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს აუცილებელ ინსტრუქციათა განსახილველად. II. ეკონომიკური თანამშრომლობა საერთო ეკონომიკური მიზნებისა და ინტერესების მისაღწევად, მხარეები მართავენ შეხვედრებს თავიანთი ბიზნესმენებისთვის და სავაჭრო პალატებისთვის, რათა მათ შეიმუშაონ აუცილებელი ინიციატივები საქართველოში და არაბულ ქვეყნებში ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სტიმულირებისა და აგრეთვე სავაჭრო ბაზრობების ორგანიზების მიზნით. III. კულტურული თანამშრომლობა მხარეები ცდილობენ შეიმუშაონ ინიციატივები კულტურის სფეროში და აგრეთვე მხარი დაუჭირონ მიმდინარე ინიციატივებს, განსაკუთრებით დიალოგს ცივილიზაციებს, კულტურებსა და სარწმუნოებებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთგაგების, კონსულტაციისა და კოორდინაციის გზით ერთმანეთს შორის და აგრეთვე სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან. IV. ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლა  ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. V. ურთიერთგაგების მემორანდუმის შეცვლა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესწორებები შეტანილ შეიძლება იქნეს მხარეთა შორის შეთანხმებით. VI. მოქმედების შეწყვეტა თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შედის ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან 90 დღის შემდეგ. შესრულებულია ქ. კაიროში, 2009 წლის 7 აპრილს, სამ ორიგინალად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე ყველა ტექსტი თანაბარი ავთენტიკურია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მინისტრი (ხელმოწერილია) არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სახელით გენერალური მდივანი (ხელმოწერილია)