შპს ,,აჭართევზის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/265-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2017 წლის 28 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,აჭართევზი’’ (ს/კ 245383730)
დირექტორი: რევაზ ლორთქიფანიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა, გაკოტრებულად გამოცხადება და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,აჭართევზის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 3 თებერვალს შპს ,,აჭართევზის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ საწარმო წარმოადგენს შპს ,,სარემონტო სამშენებლო სამმართველოს (ს/კ 245386363) 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს შპს ,,სარემონტო სამშენებლო სამმართველო’’. საზოგადოება არ ფუნქციონირებს და ამავე დროს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქვს 243 440 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის გადახდის საშუალება არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებიდან უზრუნველყოფილი (საგადახადო-საბიუჯეტო) კრედიტორული დავალიანება შეადგენს 208 447 ლარს. კომპანიის აქტივები შეადგენს 28 ლარს. შესაბამისად , საზოგადოებაში ადგილი აქვს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა შპს ,,აჭართევზის’’ მიმართ.
2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან – არის თუ არა შპს ,,აჭართევზი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; სრულყოფილად წარმოედგინა ინფორმაცია შპს ,,აჭართევზის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონების შესახებ. მიეთითებინა გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით უზრუნველყოფდა თუ არა საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ,,აჭართევზის’’ დირექტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,,აჭართევზი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ რის; ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,აჭართევზის’’ სახელზე რეგისტრირებული 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გაზ 52-01 (სახ. ნომრით BBD823) ფაქტობრივად სახეზე არ არის, სავარაუდოდ იგი რეალიზებულია და ჩამოწერილია 2007 წლამდე პერიოდში, თუმცა შესაბამისი ცვლილებები სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული არ არის. ამასთან, მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს ,,აჭართევზი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს ,,აჭართევზს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,აჭართევზის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 22 მარტს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,აჭართევზი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,აჭართევზის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,აჭართევზი’’ (ს/ნ 245383730) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,აჭართევზის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე