შეთანხმება ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ
მიღების თარიღი 17.04.1999
ძალაში შესვლა 02.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480270000.02.002.000405
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/01/2001
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით | (ხელმოწერილია) |
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით | (ხელმოწერილია) |
| უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით | (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ
შეთანხმება
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“,
ეყრდნობიან რა თანასწორუფლებიანი პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპებს,
აღიარებენ რა როგორც ურთიერთმიწოდებითი, ასევე მესამე ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას,
გამოხატავენ რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ქ. ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებისათვის ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად,
ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის რეგულარული საერთაშორისო პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზაციის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:
1. „ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები“:
ბულგარეთის მხრიდან – ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო;
საქართველოს მხრიდან – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო;
უკრაინის მხრიდან – უკრაინის ტრანსპორტის სამინისტრო.“.
2. „დანიშნული საწარმოები“
ბულგარეთის მხრიდან:
ეროვნული კომპანია „ბულგარეთის სახელმწიფო რკინიგზა“ (НК БДЖ);
სანაოსნო „ბულგარეთის საზღვაო ფლოტი“ АД (БМФ АД);
საბორნე კომპლექსი ვარნა.
საქართველოს მხრიდან:
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
ბათუმის საზღვაო ნავსადგური;
ფოთის საზღვაო ნავსადგური;
უკრაინის მხრიდან:
უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაცია (უკრზალიზნიცია);
საზღვაო კომპანია (სკ) უკრფერრი;
ილიჩევსკის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური.
3. „სანავსადგურო გადასახადები“ – სატონაჟო (სახომალდე), არხის, შუქურის, სანავმისადგომო, სატვირთო, ღუზის, ადმინისტრაციული, სანიტარული და საზღვაო მედდაწესებულების გადასახადები.
მუხლი 2🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ და აუცილებელ დახმარებას უჩენენ ერთმანეთს სამ ქვეყანას შორის სატვირთო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შემდგომი განვითარების მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით იცავენ ტვირთების გადაზიდვების მოქმედ წესებს ტრანსპორტის სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა წევრებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ეროვნული კანონმდებლობისა და მოქმედი საერთაშორისო წესების ფარგლებში, უზრუნველყოფს აუცილებელ პირობებს ტვირთების შეუფერხებელი ტრანსპორტირებისათვის, მოძრავი შემადგენლობის გატარებისათვის როგორც სამმხრივი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას, ასევე მათი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ტრანზიტისას მესამე ქვეყნებში.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თავიანთ დანიშნულ საწარმოებს ანიჭებენ უფლებამოსილებას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ტექნიკური, საექსპლუატაციო და სხვა საკითხების მომწესრიგებელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად საერთაშორისო ნორმებისა და ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ერთმანეთის დაუყოვნებლივ ინფორმირებას მათი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განხორციელებისათვის დაბრკოლების წარმოშობის, ასევე ასეთი დაბრკოლების თავიდან აცილების შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოები თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ურთიერთშეთანხმებით მიავლენენ მომსახურე პერსონალს ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ამოცანათა შესასრულებლად.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის მომსახურე პერსონალი სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე ასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო ნორმების, მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობისა და შეთანხმებული სამსახურებრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
3. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ამოცანების შესრულებისათვის ხელშემკვრელ მხარეთა მომსახურე პერსონალის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა განხორციელდება დადგენილ გამშვებ პუნქტებში ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. ოპერატიული მართვის უზრუნველსაყოფად იქმნება დირექტორთა საბჭო ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციისათვის, შემდგომში დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოების წარმომადგენლებისგან.
2. დირექტორთა საბჭოს საქმიანობა განხორციელდება დირექტორთა საბჭოს შესახებ დებულების შესაბამისად, რომელიც მტკიცდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 7🔗
1. ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის რეგულარული სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განსახორციელებლად ხელშემკვრელ მხარეთა სანაოსნო საწარმოები, ხსენებულ მიმართულებებზე სამუშაოდ მიამაგრებენ შეგორება-გამოგორების საშუალებებით შესაბამისად აღჭურვილი საბორნე ხომალდების შეთანხმებულ რაოდენობას.
2. ხელშემკვრელ მხარეთა სანაოსნო საწარმოებს ურთიერთშეთანხმებით, გადასაზიდად დაგეგმილი ტვირთების მოცულობიდან გამომდინარე, სხვა დანიშნულ საწარმოებთან შეთანხმებით, უფლება აქვთ გაზარდონ ან შეამცირონ საბორნე გადასასვლელზე მომუშავე საბორნე ხომალდების საერთო რაოდენობა ყოველი სანაოსნო საწარმოს კალენდარული წლის განმავლობაში თანაბარი რაოდენობის რეისზე უფლების პრინციპის დაცვით.
მუხლი 8🔗
ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოები ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას (პსსმ) ტვირთების ვაგონებით გადაზიდვების უზრუნველსაყოფად სარგებლობენ 1520 მმ სიგანის ლიანდის სარკინიგზო სატვირთო ვაგონებით.
სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის პირობები, ვაგონების, მიწოდებისა და სარგებლობის პირობები რეგულირდება დანიშნულ საწარმოებს შორის დადებული შეთანხმებით ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის ორგანიზაციის შესახებ.
მუხლი 9🔗
საბორნე ხომალდებზე ან საბორნე ხომალდებიდან სარკინიგზო ვაგონების შეგორება-გამოგორება ხორციელდება ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებში სპეციალურ საბორნე ნავმისადგომებზე საბორნე კომპლექსების ექსპლუატაციის ტექნიკური პირობების შესაბამისად, რომელიც მტკიცდება დირექტორთა საბჭოს მიერ.
მუხლი 10🔗
ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოები დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთი ხომალდების, სანაპირო სანავმისადგომო ნაგებობების ექსპლუატაციას, იღებენ ამასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და პასუხისმგებლობას პრეტენზიებისა და სარჩელების შესახებ.
მუხლი 11🔗
ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის საბორნე ხომალდების მოძრაობა ხორციელდება განრიგით. განრიგის შედგენის, დამტკიცებისა და გამოქვეყნების წესებს განსაზღვრავს დირექტორთა საბჭო.
მუხლი 12🔗
საბორნე ხომალდებით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოს და უკრაინას შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას ვაგონებით ტვირთების გადაზიდვის წესების შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
საერთაშორისო მიმოსვლისას ტვირთების გადაზიდვისათვის გამოიყენება ერთიანი გადასაზიდი დოკუმენტი – საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების შესახებ შეთანხმების (სსგშ) ზედდებული.
მუხლი 13🔗
საბორნე ხომალდებით ტვირთების ვაგონებით გადაზიდვებზე გადასახადი დაირიცხება ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის საბორნე ხომალდებით ტვირთების ვაგონებით გადაზიდვებზე ტარიფის მიხედვით, რომელიც მტკიცდება ხელშემკვრელ მხარეთა სანაოსნო საწარმოების მიერ.
მუხლი 14🔗
1. საბორნე ხომალდები, მათზე განლაგებული სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები დროებით, სამი წლის ვადით თავისუფლდებიან სანავსადგურო გადასახადისაგან. მხარეთა წერილობითი თანხმობით შეღავათიანი რეჟიმი შეიძლება გაგრძელებულ იქნეს.
2. პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში საქართველოს მხარის მიერ ხაზზე ხომალდის ამ შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად დაყენებამდე, საქართველოს ნავსადგურებში საბორნე ხომალდების სანავსადგურო გადასახადებისაგან განთავისუფლება ეხება: არხის, სატონაჟო (სახომალდე), სანავიმასდგომო და შუქურის გადასახადებს.
2. ნავსადგურებში საბორნე ხომალდებთან დაკავშირებული მომსახურება ანაზღაურდება ხელშემკვრელ მხარეთა სანაოსნო საწარმოების მიერ, მომსახურების გამწევ ნავსადგურებში მოქმედი წესებისა და ტარიფების შესაბამისად.
მუხლი 15🔗
საბორნე ხომალდებით ტვირთების გადაზიდვებზე ანგარიშსწორება სანაოსნო საწარმოებს შორის წარმოებს ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის საზღვაო მონაკვეთზე პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვისას ტვირთების ვაგონებით გადაზიდვებზე ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება ხელშემკვრელ მხარეთა სანაოსნო საწარმოების მიერ.
მუხლი 16🔗
სავაგონო ურიკების შეცვლის, ერთი სიგანის ლიანდის ვაგონიდან მეორე სიგანის ლიანდის ვაგონში ტვირთის გადატვირთვის, გადასაზიდი ტვირთების დამაგრების სამუშაოთა და სხვა მომსახურების ანაზღაურებას ვარნის საბორნე კომპლექსზე ბულგარეთის მხარის რკინიგზისათვის ტვირთმფლობელები (ექსპედიტორები) ახორციელებენ დადგენილი ტარიფებით ბულგარეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ქსელში გადაზიდვების ანაზღაურებასთან ერთად.
მუხლი 17🔗
სატრანსპორტო ოპერაციებს სარკინიგზო წინასაბორნე ფარეხში ვაგონების ფორმირების დაწყებიდან საბორნე ხომალდზე ვაგონების განთავსების მომენტამდე, ასევე უკუ მიმართულებით, ანაზღაურებენ თითოეული ქვეყნის ტვირთმფლობელები (ექსპედიტორები) იმ ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოს მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, რომლებიც ახორციელებენ ამ სატრანსპორტო ოპერაციებს.
მუხლი 18🔗
1. პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას იმ გადაზიდული ტვირთების ნომენკლატურისა და მოცულობის შეთანხმება, რომლებიც მოითხოვენ გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს, წარმოებს ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული საწარმოების მიერ.
2. საშიში ტვირთებისა და სპეციალური ქონების გადაზიდვა ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებული წესებითა და პირობებით.
მუხლი 19🔗
ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ საწარმოებს ოპერატიული სამუშაოების განსახორციელებლად უფლება აქვთ ვარნის, ფოთი/ბათუმისა და ილიჩევსკის საბორნე კომპლექსებში გახსნან წარმომადგენლობები.
მუხლი 20🔗
დანიშნულ საწარმოებს შორის ამ შეთანხმების გამოყენებისას ან მასთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოებანი ექვემდებარება განხილვას დირექტორთა საბჭოს მიერ.
დირექტორთა საბჭოს მიერ შეთანხმებული გადაწყვეტილების მიუღწევლობისას, დავები გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების უშედეგო პირდაპირი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შემთხვევაში, უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკებების გზით ან დიპლომატიური გზით.
მუხლი 21🔗
1. ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
2. ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს შეიძლება დენონსირებულ იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ. შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას ერთ-ერთი მხარის მიერ სხვა ხელშემკვრელი მხარეებისადმი ამის შესახებ დიპლომატიური გზით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
3. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს მისი მოქმედების პერიოდში მიღებული ვალდებულებებისა და შეთანხმებების შესრულებისგან მათი მოქმედების ვადის დამთავრებამდე.
მუხლი 22🔗
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
2. ამ შეთანხმებაში შესული ცვლილებები და დამატებები ფორმდება ოქმებით, რომელიც თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების თანახმად დამტკიცების შემდეგ ხდება შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
3. ამ შეთანხმების ძალაში შესვლა არ წყვეტს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურების შორის საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ 1995 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების მოქმედებას.
შესრულებულია ქ.__________, 1999 წლის „__“ აპრილს, სამ ნამდვილ პირად, თითოეული ბულგარულ, ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე. ამასთან ყველა ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა. ამ შეთანხმების დებულებების განმარტების დროს უთანხმოებების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
ბულგარეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების სახელით
(ხელმოწერილია)
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის
სახელით
(ხელმოწერილია)