შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ
მიღების თარიღი 03.02.1993
ძალაში შესვლა 05.03.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480030000.02.002.000475
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
ვიზების ურთიერთცნობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას
– ხელმძღვანელობენ სურვილით, რომ განავითარონ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას;
– აუცილებლად თვლიან შეიქმნას მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც შემდგომში უცხოელ მოქალაქეებად იწოდებიან, ოპტიმალური პირობები მხარეთა ტერიტორიაზე შემოსვლის, გადაადგილებისა და გასვლისათვის;
– აღიარებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების, რომლებიც შემდგომში მხარეებად იწოდებიან, საკონსულო სამსახურების ოპერატიული თანამშრომლობა,
და შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
მხარეები ნაცვალგების წესით აღიარებენ შესვლა-გასვლისა და ტრანზიტულ ვიზებს, რომლებსაც უცხოელებს მხარეების კომპეტენტური ორგანოები აძლევენ. აღნიშნული ვიზა, რომელიც გაიცემა ერთ-ერთი მხარის მიერ შესვლის, ყოფნისა და გასვლისათვის, უფლებას აძლევს მის მფლობელს მეორე მხარის ტერიტორიის გავლით დანიშნულების ადგილისაკენ ან მესამე ქვეყანაში გასასვლელი პუნქტისაკენ ტრანზიტით დაუბრკოლებლად იმოგზაუროს.
მუხლი II
იმ უცხოელ მოქალაქეთა ყოფნისა და გადაადგილების წესი, რომლებიც დროებით იმყოფებიან მხარეთა ტერიტორიაზე, განისაზღვრება ამ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით. ყოველ მხარეს უფლება ეძლევა შეზღუდოს ან შეაჩეროს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელ მოქალაქეთა ტრანზიტით გასვლა, რის შესახებაც წინასწარ უნდა აცნობოს მეორე მხარეს.
მუხლი III
მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ არ გასცემენ ვიზებს იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომელთაც თითოეული მხარის მიერ დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ მხარეთა ტერიტორიაზე შესვლა. მხარეები აწარმოებენ ამ პირთა ცენტრალიზებულ აღრიცხვას და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას.
ასეთი პირებისათვის ვიზის გაცემის შემთხვევაში, ვიზის გამცემი მხარე გარანტიას იძლევა, რომ მათ არ მიეცემათ მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ასეთ შემთხვევაში, ამ ვიზებზე შესაბამისად აღნიშნული იქნება „საქართველოს რესპუბლიკაში შესვლა დაკეტილია“ ან „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლა დაკეტილია“.
მუხლი IV
მხარეები გაცვლიან მათ ტერიტორიაზე უცხოელთა ყოფნის, ვიზების გაფორმების არსებულ წესთან, საკონსულო გადასახადების ტარიფებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აგრეთვე საპასპორტო-სავიზო დოკუმენტების ნიმუშებს.
მუხლი V
მხარეები გააცნობენ ერთმანეთს მესამე ქვეყნებთან დადებულ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც შეეხება შემოსვლა-გასვლის საკითხებს.
მუხლი VI
მხარეთა ამ შეთანხმებაში დასაშვებია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
მუხლი VII
ამ შეთანხმების ხელმომწერ ორივე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, რის შესახებაც უნდა აცნობოს მეორეს 90 დღით ადრე.
მუხლი VIII
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან 30 დღის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1993 წლის 3 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და თურქულ ენებზე. ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)