საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2017
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების
დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№12
2017 წლის 17 მაისი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1.
შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური.
2.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
4.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.
დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ინფორმაციული ტექნოლოგიების
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. სამსახური უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.
3. სამსახური კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, მამია კომახიძის ქუჩა №119.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის მიზნებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღამსრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (მთავრობის აპარატის), მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებების) ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული ინფორმაციული- საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებების უწყვეტად ფუნქციონირების ხელშეწყობა და მისი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებების ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა;
დ) დაწესებულებების ინფორმაციული სისტემების ქვეყნის ინფორმაციული-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია.
ე) ინფორმაციული სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა და განვითარება.
2. სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ახორციელებს დაწესებულებებისათვის სასარგებლო ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და მათი დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას;
ბ) ახორციელებს ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვის საიმედობას თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულებების ინფორმაციული-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და მონაცემთა საცავების სისტემურ ადმინისტრირებას;
ე) უზრუნველყოფს დაწესებულებებს მოქმედი ინფორმაციული სისტემებით და განსაზღვრავს მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობას და სტანდარტებს;
ვ) უზრუნველყოფს დაწესებულებებს შორის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართულ მუშაობას, მათ წვდომას გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირებას, დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას;
ზ) ახორციელებს ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირებას დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვას, პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებების შეტანას, ახალ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევას და დადგენას, მათ საფუძველზე ტექნიკური პროდუქტებისა და დავალებების შემუშავებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით თანამშრომლობს დაწესებულებებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად;
ი) უზრუნველყოფს დაწესებულებების ვებრესურსების ადმინისტრირებას და ამ ვებგვერდებზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობას;
კ) ახორციელებს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებას, ადმინისტრირებას და მომსახურებას;
ლ) ახორციელებს დაწესებულებების IP სატელეფონო სადგურების გამართვას/მომსახურებას, ასევე მომხმარებლებთან არსებული ტელეფონების მონტაჟს და შემდგომ გამართვას;
მ) უზრუნველყოფს დაწესებულებების შესასვლელებში დამონტაჟებული გამშვები ტურნიკეტების მომსახურებას, დაზიანების შემთხვევაში უწევს მათ დიაგნოსტირებას და დაზიანების შესახებ შეტყობინებას, შემდგომი რეაგირების მიზნით უგზავნის შესაბამის ორგანიზაციას;
ნ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებებს კომპიუტერული და სხვა ციფრული ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, აწვდის მათ შესასყიდი ტექნიკის სატენდერო ტექნიკურ მახასიათებლებს და ამოწმებს შესყიდული/მოწოდებული ტექნიკის სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობას;
ო) დაწესებულებების მოთხოვნის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამისი საპრეზენტაციო მასალის რედაქტირებას და უკვე ბეჭდური სახით არსებული მასალის დაკაბადოკებას (წიგნად შეკვრას) და ლამინირებას, დაწესებულებების შესაბამისი თანამდებობის პირების მოწმობების, სამსახურებრივი ავტომანქანების საშვების და სხვა ადმინისტრაციული ტიპის დოკუმენტების შექმნას.
3. სამსახური უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია მიზანშეწონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილე ასრულებს თავის მოვალეობებს სამსახურის უფროსის დანიშვნამდე.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს კონტროლს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. სამსახურის უფროსის მოადგილის კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი
1. სამსაურის უფროსი:
ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, მოქმედებს სამსახურის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სამსახურის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სამსახურის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
თ) უფლებამოსილია სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;
კ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და სამსახურის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;
მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთვარობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება;
გ) ონლაინ მარკეტინგისა და სოციალური მედიის განყოფილება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები
1. ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვებსაიტების კონცეფციის, ინფორმაციული არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) კორპორატიული პორტალის განვითარება, ადმინისტრირება და ინფორმაციის მართვა;
გ) არსებული ვებსაიტების დიზაინის და სტრუქტურის კორექტირება;
დ) ვებსაიტების პროგრამული უზრუნველყოფა;
ე) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია, სამომხმარებლო ტესტირება;
ვ) ტექნიკური და საპილოტო ტესტირება და დოკუმენტირება;
ზ) პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა;
თ) სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;
ი) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა, აღდგენის გეგმის მომზადება და პერიოდული ტესტირება;
2. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით მოთხოვნების რეგისტრაცია, პირველადი ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მომხმარებელთა ტრენინგის ჩატარება;
გ) მომხმარებლების რეგისტრაცია (რეგისტრაცია სისტემებში, ლოკალურ ქსელში ჩართვა, ელექტრონული ფოსტით უზრუნველყოფა);
დ) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ცვლილებების განხორციელება;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
ზ) პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა;
თ) ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
ი) კომპიუტერული პარკის დაგეგმვა, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა;
კ) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს,სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს/სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციული-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული, საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა; ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; გლობალური ქსელის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გათვალისწინებით;
ლ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
მ) სასერვერო ცენტრების (მთავარი და სარეზერვო) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ცხელი ხაზის გამართული მუშაობა, სამუშაო დღის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სატელეფონო კონსულტაცია.
3. ონლაინ მარკეტინგისა და სოციალური მედიის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მთავრობის სოციალური გვერდების მართვა (კონსულტაცია);
ბ) საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ანალიზი (SEO) არსებული რესურსების კონტენტის რედაქტირება/ოპტიმიზაცია.;
გ) ინტერნეტ რეკლამების (კამპანიების) ეფექტური დაგეგმვა, განთავსება, მართვა და ანალიზი;
დ) სამსახურის მუშაობის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა;
ე) კვლევების განხორციელება და მათი შედეგების მიწოდება/გამოქვეყნება, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და დამუშავება, სამინისტროსათვის გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა;
ვ) გრძელვადიანი პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა, პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება;
ზ) მომსახურების ხარისხის მართვა;
თ) ურთიერთობა დონორებთან, საერთაშორისო კომპანიებთან, საზოგადოებასთან;
ი) ბიზნეს-პროცესების ანალიზი და პროექტების მართვა.
მუხლი 7🔗.
სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს სამსახურის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, სამსახურის ფინანსური სახსრების თაობაზე.
5. სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.
მუხლი 8🔗.
სამსახურის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 9🔗.
სამსახურის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სამსახურის ფუნქციონირების განმავლობაში სამსახურის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სამსახურს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში.
4. სამსახურის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
სამსახურის ფინანსები
1. სამსახური ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. სამსახურის შემოსავლის წყარო აგრეთვე შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 11🔗.
სამსახურის საბუღალტრო ანგარიშგება
1. სამსახური ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 12🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.