საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2017
ძალის დაკარგვა 23.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №1.
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| 1. | მივლენილი პირ(ებ)ი |
| 2. | სტრუქტურული ქვედანაყოფი |
| 3. | შეხვედრის ჩატარების ადგილი, თარიღი |
| 4. | მივლინების ხანგრძლივობა (დღეები) |
| 5. | შეხვედრის თემა |
| 6. | შეხვედრის ორგანიზატორი |
| 7. | მივლინების დაფინანსების წყარო |
| 8. | მივლინების მიზანი |
| 9. | შეხვედრის კონკრეტული შედეგი, მათ შორის, საქართველოსთვის |
| 10. | საქართველოს სახელით შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრება/ინიციატივა (აისახა თუ არა რაიმე დოკუმენტში, ინტერნეტ-გვერდზე, შეხვედრის ოქმში და სხვ.) |
| 11. | საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული პოზიცია, შემოთავაზება/იდეა (მაგ. პროექტის, თანამშრომლობის) |
| 12. | დამატებითი ინფორმაცია |
| ვის | ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო |
| ვისგან | სახელი, გვარი: |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №20
2017 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 26 აგვისტოს №136 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
შინაგანაწესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მხოლოდ ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე).
2.
შინაგანაწესის მიზნებია:
ა)
სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობა;
ბ)
შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ)
მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ)
სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე)
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
ვ)
მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
3.
შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა)
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ)
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ)
დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამინისტროში ყოფნის პირობები და წესი;
დ)
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე)
ხელფასის გაცემის დრო და ფორმა;
ვ)
მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და გაფორმების წესი;
ზ)
მოსამსახურის მივლინების გაფორმებისა და სამივლინებო თანხების გაცემის წესი;
თ)
მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი;
ი)
სამინისტროსა და მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი;
კ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ)
მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით;
მ)
წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
ნ)
მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმების წესი და მოსამსახურის ვალდებულებები;
ო)
მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
პ)
სამინისტროსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
4.
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო) ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი, ხელწერილის დადებით, რომელიც ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5.
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოსამსახურეს გააცნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადაპტაციის სახელმძღვანელო ახალ თანამშრომელთათვის“.
6.
მოსამსახურე თანამდებობაზე დანიშვნისას მისი თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე თანხმობას ადასტურებს ხელის მოწერით.
მუხლი 2🔗.
შრომითი ურთიერთობის პრინციპები
შრომითი ურთიერთობები ეფუძნება სამინისტროსა და მოსამსახურის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗.
სამუშაო დრო
1.
სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2.
სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.
3.
იმ მოსამსახურეთათვის, რომელთაც ჰყავთ თხუთმეტ წლამდე ასაკის შვილები, სამუშაო დრო შესაძლოა, დაიწყოს დილის 09.00 სთ-დან 10.00 სთ-მდე და შესაბამისად, დასრულდეს 18.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე, სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურე, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით მიმართავს მინისტრს განცხადებით, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს შვილის დაბადების მოწმობის ასლი.
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, მინისტრის შესაბამისი რეზოლუციით, ეგზავნება ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს.
6.
დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
7.
მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებელია, განესაზღვროთ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული სამუშაო საათები (ინდივიდუალური განრიგი).
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური განრიგის განსაზღვრის თხოვნით, მოსამსახურე მინისტრს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, მიზეზისა და სასურველი განრიგის (საათების) მითითებით, სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
9.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათი ეგზავნება ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მინისტრის შესაბამისი რეზოლუციით.
10.
მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.
11.
მოსამსახურის სამსახურში დროული გამოცხადების მონიტორინგის უფლებამოსილება ენიჭება ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
მუხლი 4🔗.
დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამინისტროში ყოფნის პირობები და წესი
1.
მოსამსახურისათვის სამინისტროში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე შესვენებისა და სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.
2.
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და უქმე დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
3.
გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.
მუხლი 5🔗.
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი
1.
სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს მინისტრს.
2.
სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ზოგადი და ვრცელდებოდეს ერთ ან რამდენიმე მოსამსახურეზე.
3.
მინისტრის ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
4.
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით.
5.
დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ზეპირი ფორმით გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით.
6.
მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამსახურ(ეებ)ისათვის გაცნობას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანების პროექტის წარმდგენი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. ბრძანების წარმდგენი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი განსაზღვრული უნდა იყოს ამავე ბრძანებაში.
მუხლი 6🔗.
ხელფასის გაცემის დრო და ფორმა
1.
მოსამსახურეების შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
2.
კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსათვის ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემირების და/ან კანონით გათვალისწინებული დანამატის შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების/დანამატის ოდენობის მითითებით.
3.
მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და გაფორმების წესი
1.
მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შვებულებით.
2.
შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და მინისტრის მოადგილესთან, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეთანხმებით (ვიზირებით) წარედგინება მინისტრს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 7 დღით ადრე მაინც.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 7-დღიანი ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას.
4.
მოსამსახურის შვებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5.
მოსამსახურე უფლებამოსილია ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
6.
სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მოსამსახურის მივლინების გაფორმებისა და სამივლინებო თანხების გაცემის წესი
1.
მოსამსახურის მივლინება ფორმდება მინისტრის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი.
2.
მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და იმ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ვიზირებით), რომლის დაქვემდებარებაშიც შედის სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარედგინება მინისტრს.
3.
მინისტრს უშუალოდ დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის წარდგენა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით (ვიზირებით).
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათი წარედგინება მინისტრს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამივლინებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც და ქვეყნის შიგნით სამივლინებო პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც.
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მივლინებებზე.
6.
ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მივლინება, რომლის მიზეზიც უნდა იქნეს ასახული მივლინების შესახებ მოხსენებით ბარათში.
7.
მივლინების შესახებ მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს ინფორმაცია მივლინების ადგილ(ებ)ის, მივლინების მიზნის, მივლინებაში გასამგზავრებელი პირ(ებ)ის, მივლინებაში გამგზავრების აუცილებლობის ან მივლინებით გათვალისწინებულ შეხვედრაში მონაწილეობის აუცილებლობის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღ(ებ)ის, მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღების, მიმწვევი მხარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ უკანასკნელის მიერ ასანაზღაურებელი თანხების, აგრეთვე მივლინების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
8.
მოსამსახურე ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული მივლინების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯების ჩამოწერასთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათი და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.
მოსამსახურე ვალდებულია საზღვარგარეთ მივლინების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს მივლინების თაობაზე ანგარიში მოხსენებითი ბარათის სახით, რომელსაც დანართის სახით მიბმული უნდა ჰქონდეს მივლინების ანგარიშის შევსებული ფორმა (დანართი №1).
10.
საზღვარგარეთ მივლინების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მინისტრს შესაძლებელია წარედგინოს ერთი მოხსენებითი ბარათით.
11.
სამივლინებო თანხების ანაზღაურება განხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბუთებისა და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ეკონომიკურ დეპარტამენტში წარდგენის საფუძველზე.
12.
მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 3 დღის ვადაში , ხოლო თუ მე -3 დღე ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოსა და ეკონომიკურ დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
13.
ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო ამზადებს შესაბამისი მივლინების თაობაზე ბრძანებაში ცვლილების პროექტს.
მუხლი 9🔗.
მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი
1.
მოსამსახურე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია წინასწარ წერილობით შეუთანხმოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს.
2.
წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ, მოსამსახურე ვალდებულია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №2) და მიაწოდოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს.
3.
წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით, შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №2) და მიაწოდოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს.
4.
ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს 5 სამუშაო დღე, მაგრამ არაუმეტეს თვეში 2 სამუშაო დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.
მუხლი 10🔗.
სამინისტროს ძირითადი ვალდებულებები
სამინისტრო ვალდებულია:
ა)
მოსამსახურეს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები;
ბ)
უზრუნველყოს მოსამსახურის შრომისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
გ)
განსაზღვროს სამუშაო აღწერილობები და გადაანაწილოს მოსამსახურეთა შესაბამისი დავალებები იმგვარად, რომ თითოეულ მათგანს ნათლად ჰქონდეს განსაზღვრული დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო;
დ)
იზრუნოს მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე;
ე)
იზრუნოს მოსამსახურეთა სოციალურ და ეკონომიკურ დაცვაზე.
მუხლი 11🔗.
მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი
1.
მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა)
სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი);
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
გ)
მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები;
დ)
მოითხოვოს სამსახურებრივი შემოწმება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებთან დაკავშირებით;
ე)
მისდევდეს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც ხელს არ შეუშლის სამინისტროში მუშაობის პროცესს.
2.
მოსამსახურე ვალდებულია:
ა)
პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ)
სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ)
შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ)
დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე)
გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ)
დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და შინაგანაწესი;
ზ)
დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამსახურში შესაბამისი სამუშაო საათების დამთავრებამდე;
თ)
გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს;
ი)
წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე;
კ)
მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი;
ლ)
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნისას და შეხვედრებზე დასწრებისას, რომლებზეც წარმოადგენს სამინისტროს, დაიცვას ჩაცმის ოფიციალური სტილი, ჰქონდეს მოწესრიგებული წვერი და თმის ვარცხნილობა. დაუშვებელია სამსახურში გამოცხადება:
ლ.ა)
მოკლე მაისურით („ტოპი”);
ლ.ბ)
ვიწროზონრიანი მაისურით;
ლ.გ)
გამჭვირვალე ტანსაცმლით;
ლ.დ)
მოკლე შარვლით („შორტი”);
ლ.ე)
ჯინსის შარვლით (გარდა სადა და გრძელი ჯინსისა).
3.
დაუშვებელია:
ა)
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი რესურსების (მათ შორის ინტერნეტრესურსის) არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;
ბ)
მოსამსახურის მიერ სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება (გარდა სამინისტროში წინასწარ ორგანიზებული ღონისძიებებისა) ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
გ)
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილ(ებ)ისა.
მუხლი 12🔗.
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1.
სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა)
მოსამსახურის მიერ შეუფერხებელი სამსახურებრივი საქმიანობისთვის შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა;
ბ)
კარგი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
გ)
ელექტროგაყვანილობის, განათების, წყლისა და საკანალიზაციო მილგაყვანილობის, გათბობის გამართული მუშაობა;
დ)
უსაფრთხო და მშვიდი სამუშაო გარემო;
ე)
ევაკუაციის გეგმის შემუშავება და თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა;
ვ)
ხანძრის ჩაქრობის საშუალების (ცეცხლმაქრ(ებ)ის) განთავსება, ხანძრის ჩაქრობის საშუალების გამოყენების წესის სწავლება;
ზ)
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომრის თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა;
თ)
მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მისთვის ხანძრის დროს საევაკუაციო გეგმისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების გამოყენების წესის გაცნობა.
2.
მოსამსახურე ვალდებულია:
ა)
დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
ბ)
სამუშაო ადგილზე არსებული ელექტროგაყვანილობა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, არ დაუშვას ელექტროქსელთან სპეციალისტის გარეშე ისეთი მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, რომელთა ექსპლუატაცია ქმნის ხანძრის მომეტებულ საფრთხეს;
გ)
არ გამოიყენოს მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები. ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს;
დ)
სამუშაო დროის დასრულების შემდგომ ელექტროქსელიდან გამორთოს კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები, მათ შორის განათების საშუალებები. აღნიშნული არ ვრცელდება სამინისტროს ერთიან ქსელურ მოწყობილობებზე;
ე)
სამინისტროს შენობაში ხანძრის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტირების სამმართველოს და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –112-ს;
ვ)
გაიაროს სამინისტროს მიერ ორგანიზებული სწავლება ხანძრის დროს ევაკუაციის გეგმისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების გამოყენების შესახებ.
მუხლი 13🔗.
მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით
1.
სამინისტროში მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისას და თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მოსამსახურისათვის მინდობილი ქონების მიღებაზე/ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი.
2.
სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.
3.
მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.
4.
მოსამსახურემ:
ა)
ქონება უნდა გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ)
ქონების ნებისმიერი სახის დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გადაადგილების შესახებ უნდა აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ)
არ უნდა გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს დაუყოვნებლივ, ელექტრონული ფორმით (დეს-ით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) შეატყობინოს ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა), დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ.
6.
სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის აქტი (დანართი №3). გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული აქტი უნდა შედგეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანიდან 24 საათის განმავლობაში ან მივლინების შემთხვევაში მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
7.
მოსამსახურე პასუხს აგებს სამინისტროს ქონების ან/და მოწყობილობის არასათანადო გამოყენებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗.
წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი
1.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმები. წახალისების ფორმების გამოყენების წესი (მათ შორის, მინისტრისთვის წარდგენა, გაფორმება) განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
2.
შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს შესაძლებელია დაეკისროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
3.
მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ მინისტრის წინაშე მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსსა და/ან მინისტრის მოადგილეს, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის სტრუქტურული ქვედანაყოფი. დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენების შესახებ მინისტრის წინაშე მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.
4.
გადაწყვეტილებას მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს მინისტრი.
5.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება აღინიშნება მოსამსახურის პირად საქმეში შეტანით.
6.
ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. ამასთან, მინისტრი შეზღუდული არ არის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევაში.
7.
მოსამსახურის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური წახალისების ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროს გადაწყვეტილებით ხდება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებული პრემიის გაცემა.
8.
დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, მოსამსახურე არ სარგებლობს უფრო მაღალ პოზიციაზე გადაყვანის უფლებით.
9.
მინისტრს უფლება აქვს მოსამსახურეს ვადამდე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
10.
თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
11.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
მუხლი 15🔗.
მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმების წესი და მოსამსახურის ვალდებულებები
1.
მოსამსახურის განცხადება გათავისუფლების შესახებ წარედგინება მინისტრს.
2.
მოსამსახურის განცხადება გათავისუფლების შესახებ შემდგომი რეაგირებისთვის ეგზავნებათ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს.
3.
გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღეს ან არაუგვიანეს შემდგომი სამუშაო დღისა მოსამსახურემ ეკონომიკურ დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უნდა წარუდგინოს სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა მატერიალური სახით (დანართი N4-ის შესაბამისად), რომელიც მოიცავს ინფორმაციას:
ა)
სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა უფლებამოსილი პირებისთვის ჩაბარების შესახებ;
ბ)
მოსამსახურის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უშუალო უფროსისთვის ან ამისთვის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.
თუ გათავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდგომი სამუშაო დღის დასრულებამდე გათავისუფლებულმა მოსამსახურემ ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს არ წარუდგინა სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მინისტრს, შესაბამისი მოხსენებითი ბარათის მეშვეობით.
5.
უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის მიერ წარედგინება ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოსა და ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული დოკუმენტის მიღების შემდგომ ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო ახდენს მოსამსახურესთან საბოლოო ანგარიშსწორებას.
მუხლი 16🔗.
მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი
1.
სამინისტროს ელექტრონულ ქსელში შესასვლელად თითოეულ მოსამსახურეს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. მოსამსახურე ვალდებულია შევიდეს პერსონალურ კომპიუტერში/შესაბამის პროგრამაში სახელისა და პაროლის გამოყენებით, უზრუნველყოს, რომ სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომი არ გახდეს მათი გამოყენება. მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაციის სხვა პირისათვის (მათ შორის, სხვა მოსამსახურეთათვის) გადაცემის შემთხვევაში მოსამსახურე პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის.
2.
მოსამსახურეს ეკრძალება რაიმე ფორმით გვერდი აუაროს უსაფრთხოების სისტემებს ან მოიპოვოს დაშიფრული გასაღებები, პაროლები სხვის კომპიუტერში ან საინფორმაციო ბაზაში შესაღწევად და იქ დაცული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
3.
ელექტრონული ფოსტითა და სხვადასხვა სამსახურებრივი პროგრამით სარგებლობის უფლება მოსამსახურეს ენიჭება მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.
4.
მოსამსახურეთა საინფორმაციო ხასიათის შეტყობინების მიწოდება ხორციელდება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მოსამსახურეს ევალება თვალყური ადევნოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტას, რათა ფლობდეს შესაბამის ინფორმაციას.
მუხლი 17🔗.
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
1.
მოსამსახურე ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით როგორც შრომითი ურთიერთობისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს ან პირადი მიზნებისათვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
2.
კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა: სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მოსამსახურისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
მუხლი 18🔗.
კომუნიკაცია მასმედიასთან
1.
სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
2.
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივ საკითხებზე მედიასთან (მათ შორის, სოციალურ მედიაში) ნებისმიერი წინასწარ დაუგეგმავი კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
მუხლი 19🔗.
დასკვნითი დებულებანი
1.
შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
2.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3.
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
4.
შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
მივლინების ანგარიში
1.
მივლენილი პირ(ებ)ი
2.
სტრუქტურული ქვედანაყოფი
3.
შეხვედრის ჩატარების ადგილი, თარიღი
4.
მივლინების ხანგრძლივობა (დღეები)
5.
შეხვედრის თემა
6.
შეხვედრის ორგანიზატორი
7.
მივლინების დაფინანსების წყარო
8.
მივლინების მიზანი
9.
შეხვედრის კონკრეტული შედეგი, მათ შორის, საქართველოსთვის
10.
საქართველოს სახელით შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრება/ინიციატივა (აისახა თუ არა რაიმე დოკუმენტში, ინტერნეტ-გვერდზე, შეხვედრის ოქმში და სხვ.)
11.
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული პოზიცია, შემოთავაზება/იდეა (მაგ. პროექტის, თანამშრომლობის)
12.
დამატებითი ინფორმაცია
დანართი №2
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა
ვის
ადამიანური რესურსების მართვისა და
საქმისწარმოების
სამმართველო
ვისგან
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
თარიღი:
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის სახეობა
სასწავლო
ავადმყოფობა
სხვა მიზეზი
სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების
დღეთა რაოდენობა
სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდში მოხელის მოვალეობის შემსრულებელი
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
უშუალო უფროსი ინფორმირებულია
სახელი,გვარი:
ხელმოწერა
თანამდებობა:
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ინფორმირებულია
სახელი,გვარი:
ხელმოწერა
თანამდებობა:
დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დანართი №3
მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის აქტი
ქ. თბილისი „-----” ----------------------“ 20-------წ.
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება -------------------------------------------------------
გადაადგილების საფუძველი --------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
№
მატერიალური ფასეულობის დასახელება
საინვენტარო ნომერი
გატანილ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი
მატერიალური ფასეულობის დაბრუნების სავარაუდო თარიღი
გატანა დადასტურებულია:
ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი
---------------------
გატანაზე პასუხისმგებელი პირი(პირები) ----------------------------------------------------
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ----------------------------
დანართი №4
სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა
თარიღი --------------------
მე (მოსამსახურის სახელი და გვარი) ვადასტურებ, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობები სრულად ჩავაბარე ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
ჩემს შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტთა ჩამონათვალი) გადავეცი (სტრუქტურული ქვედანაყოფი, თანამდებობა, სახელი, გვარი).
სტრუქტურული ქვედანაყოფი :
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
ეკონომიკურ დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
შრომით საქმიანობასთან დკავშირებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი :
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------------------